Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: სოფიო ძიგუა

მე მინდა ამბავი მოვყვე, ამბავი ჩემზე შენზე, ეპოქაზე.
თაობაზე, ჩემს თაობაზე.
გარემოზე, ჩემს გარემოზე.
აზრებზე, ჩემს აზრებზე.
მინდა დაგანახო, შენ დაგანახო, შენ გათქმევინო, გატკინო, გაყვირო, გაგიზიარო!
მე, მინდა ეპიცენტრი ვიყო, ათვლის ეპიცენტრი შენამდე, ჩემიდან.
მინდა თავი ვიმართლო, შენს წინაშე, პატივი გცე, როგორც ღმერთს, ამას ხომ თავიდან შემაჩვიე. მინდა მოწესრიგებული ვიყო, რომ გასიამოვნო,არ შევცდე, გაკვეთილები არ გავაცდინო,ვისწავლო, ეს ხომ ყველა მშობელს უნდა, რომ მერე მივიდეს და იამაყოს თავისი შვილით სხვა მშობლებთან,
კრებებზე.
მე ბაღში არასოდეს მივლია შენგან განსხვავებით, იმიტომ, რომ ჩემ დროს არ იყო ბაღი, იმიტომ, რომ ჩემს დროს ქუჩაში ტანკები დადიოდნენ და ქალაქში არავის უნდოდა ცხოვრება.
მერე, ერთად ვიჯექით ლამპის შუქზე და ვოცნებობდით, შენ გინდოდა მეც მქონდა შოკოლადი „მერცხალი“, რომელიც შენ ბავშობაში გქონდა და რომელზეც, მე მხოლოდ ოცნება შემეძლო.
მერე მიყვებოდი, თუ როგორ ჩახვედი მინსკში ბაბუაშენის სახელი, რომ მოგეძებნა მემორიალზე. მიყვებოდი სტალინზე და ლენინზე, რომელიც ბაბუას გულზე ქონდა ამოსვირინგებული და ვერ ვხვდებოდი შენ რატომ გძულდა!
მაშინ უფრო მეტს ვოცნებობდით და კარებს არასოდეს ვტოვებდით ღიას. გვეშინოდა და ჩახუტებულები ვიძინებდით. მერე მამა მოდიოდა და შავი პური მოქონდა საიდანღაც. ბუხარი კი სულ ენთო.
მერე სკოლაშიც წავედით მე და ჩემი ძმა. ერთ კლასში ვიჯექით, გვერდი–გვერდ, კარგად ვსწავლობდით და გვეგონა გაკვეთილს თუ ვისწავლიდით განათლებულები ვიქნებოდით.
მერე შუქიც მოვიდა და დედამაც დაიწყო ხატვა. მამას ისევ მოქონდა პური, ოღონდ თეთრი.
კიდევ მოვიდა შუქი და უკვე ცალცალკე გვეძინა, კიდევ მოვიდა და უკვე აღარ გვეშინოდა, გვეგონა გავიზარდეთ და იმიტომ.
მაშინ გვეგონა წიგნში ყველაფერი სიმართლე ეწერა და დახარბებით ვკითხულობდით ყველაფერს,არც არავის აუკრძალავს ჩვენთვის კითხვა და არც არავის უთხოვია,მაგრამ გვიხაროდა,როცა მამა სუფრაზე ჩვენი ამ საქციელით ამაყობდა.
მერე პროფესიაც ავირჩიეთ და ტელევიზორიც ჩართული იყო მუდამ.
შენ სულ კომპიუტერთან იჯექი და ერთობოდი, აღარ გაინტერესებდა სტენდალი და არც ჯოისი. ღამღამობით კლუბებში დადიოდი და გვიან მოდიოდი სახლში,შენ უკვე აღარ გავდი იმ ბავშვს, რომლებმაც ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მეც გამოვიცვალე,მაგრამ წიგნები ისევ მიყვარს და ისევ კარგად ვსწავლობ. მეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს,მაგრამ ისინი შენი მეგობრებისგან განსხვავდებიან, მათ არ უყვართ ხმაურიანი ადგილები... ისინი უფრო ,,შემოქმედები“ არიან და ბევრს წერენ, ძალიან კარგად წერენ, მათ განათლებულებს ეძახიან! შენ კი ნიჭიერს!
მერე ცხოვრებას ვაგრძელებთ და სამსახურს ვეძებთ...
მამა ტელევიზორს უყურებს.
დედა ისევ ხატავს.
პური კი სხვა კაცს მოაქვს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG