Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფამუქმა-ქართველები არ ვარგიხართო“


ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

ქართველი ნო.1 - “ურჯულო თურქები, დამპლები, ატანა არ მაქვს მაგათი“
ქართველი ნო.2 - „ამას რომ საქართველოში ჩამოიყვან და ასეთ დახვედრას მოუწყობ, მეტის ღირსები ვართ ჩვენ ამისთვის“
ქართველი ნო.3 - „ამათ თუ ვინმეზე აქვთ სალაპარაკო. მეზიზღებიან“
ქართველი ნო.4 -„ფამუქთან შეხვედრამდე მასთან შეხვედრის რიგში მდგომი თუნდაც ერთი ინდივიდუმი (სიტყვა ,,ქართველს" შეგნებულად არ ვიყენებ) წინადღეებში თუნდაც ერთი ქართველი მწერლის საფლავზე რომ მისულიყო და ერთი ეკალი მოეგლიჯა ან ერთი კონა ყოჩივარდები მიეტანა, მაშინ გავუგებდი მათ აღტყინებას, ისე კი არ მესმის. რადგან მოიწვიე, უნდა დახვდე და უმასპინძლო, მაგრამ ეს ხბოს სიხარულის გამოხატვა რა ბედენაა!!!“
-წერს ქართველი და ანთხევს საკუთარი გაუაზრებელი ბრაზის, მოჩვენებითი ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის, გაუნათლებლობის, არაკორექტულობისა და ვიწრო მსოფლმხედველობის შხამს ინტერნეტსივრცეში. სივრცეში, რომელიც ვინ იცის რამდენი უსაქმური, წერა-კითხვის „მცოდნე“ , ცხოვრებაზე და მიმდინარე ყოფაზე გაბოროტებული ადამიანის თავშესაფრადაა გადაქცეული. აქ იმაზე მეტი ადამიანი წაგიკითხავს, დაგალაიქებს და დაგაკომენტარებს, ვიდრე ჩვეულებრივ „ბირჟაზე“. თან სახლში ზიხარ, თბილად, კომპიუტერის წინ ხარ მოკალათებული და „კლავიატურა-ჩვენი არსობისა“-ს პრინციპით არც არავისი გეშინია. „ბირჟაზე“ ცხვირში მოგარტყამენ თუ რამე არ მოეწონათ, აქ თავისუფალი ხარ ! რამდენიც გინდა იმდენი „ექაუნთი“ გააკეთე და თუ გინდა, სულ ანონიმური პერსონის სახელით წერე შენი წლობით ნაგროვებ-შენახულ-მომწიფებული სიბრძნეები ... ფამუქის ვიზიტი ახლა მაქვს საყრდენ წერტილად აღებული, თორემ ხომ ვიცით, ყოველთვის ასეა.
არეალი-შეუზღუდავი...
აზროვნება-შეზღუდული...
სათქმელი-ძირითადად, აქტუალური თემების გარშემო ...
გამოხატვის ფორმა- რაც შეიძლება არაეთიკური...
სამაგიეროდ, პრეტენზია გვაქვს ყველაფერზე, ყველა მიმდინარე საჭირბოროტო საკითხზე საკუთარი მოსაზრება დავაფიქსიროთ. ფორმას რა მნიშნელობა აქვს, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ჩვენნაირი, რომელიც მხოლოდ კი არ დაალაიქებს ჩვენს „სიბრძნისფრქვევას“ , არამედ ისეთ კომენტარს დაგვიტოვებს, გულსაც მოგვფხანს და თვითშეფასებასაც ერთი-ორად აგვიმაღლებს - „მარტო მე კი არ ვფიქრობ ასე“ და ყველაფერი თავის ადგილზეა. იმაზე ბევრად მამაცები ვხდებით, ვიდრე მანამდე და კლავიატურაც ახალი შედევრის დასაწერად ემზადება ... შენიშვნებსა და მითითებებს არავითარ შემთხვევაში არ ვიღებთ! დამტკიცებული ფაქტია, სხვისი აზრის გათვალისწინება მავნებელია ჩვენი ერთობ კრეატიული და შემოქმედებითი უნარებისთვის.
ყველაფერი გვირჩევნია საკუთარი ნაკლის დანახვას. არავის აქვს უფლება შებღალოს ჩვენი ესოდენ უნაკლო სული, საამაყო წარსული, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ღირსებას და თავმოყვარეობას. სულ ვირტუალური ხმლით ავკუწავთ ყველას, ვინც არ უნდა იყოს, თუ ვიგრძნობთ, რომ ვიღაც ურჯულო თურქმა ჩვენთვის საკრალური ეჭვქვეშ დააყენა, მზის სინათლეზე გამოიტანა, ჩვენი კავკასიური, ბარაქიანი ცხვირების წინ დაგვიდო და დაგვანახა, რას შეიძლება აკეთებდეს ცხრა მთას იქით საშოვარზე გადაკარგული ქართველი. ჩვენ გვგონია, თან დაგვაქვს ქართული მიწა, ქართული ზეცა, ქართული სულისკვეთება (რომელიც დღემდე ვერ დავადგინეთ, რა მაფიაა), ყველაფერი ქართული, რომელიც ყველა ქვეყნის მიწაზე ქართულობს და არ გვაძლევს არც ქურდობის, არც ყალთაბანდობის, არც მამაძაღლობის, არც ასე შეკოწიწებულ-შელამაზებულ-მორთულ-მოკაზმული ღირსების შებღალვის უფლებას. არადა ასე არაა ! ჩვენ კი ოღონდ ჩვენი ნაკლი არ დაგვანახა და ....

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG