Accessibility links

logo-print

შპს ”სამცხე 21”-ის დაწუნებული პროექტებით ძალოვანი უწყებები დაინტერესდნენ


რაბათის ციხე, ახალციხე.

რაბათის ციხე, ახალციხე.

ხარვეზებით შესრულებული პროექტები და კომპანია, რომლის მიმართაც არაერთი ბრალდება არსებობს. შპს ,,სამცხე 21“-მა ახალციხის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3 სამშენებლო პროექტი განახორციელა და სამივე წარუმატებლად. ,,სამცხე 21“-ის მიერ შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე მოსახლეობა. რაში სდებენ ბრალს კომპანიას და რატომ მიმდინარეობს ხარვეზებით შპს ,,სამცხე 21“–ის მიერ აღებული სამუშაოები?

სოფელ აგარაში სასმელი წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუსხი–ხეოთის გზის გაყვანა, ასპინძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა – ეს ის პროექტებია, რომლებსაც ახალციხის მუნიციპალიტეტში შპს ,,სამცხე 21“ ახორციელებდა. 3 აპრილს ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის სახურავის გადახურვასა და თანამშრომელთა ზეწოლასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ კომპანიის მიმართ ბრალდებებმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ,,სამცხე 21“-მა მუშაობის პროცესში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო მასალა უკანონოდ მიისაკუთრა.

შპს ,,სამცხე 21“ –ს უკავშირდება სოფელ აგარაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ასევე ხარვეზებით შესრულდა. აქ ტენდერში გამარჯვებული ფირმა ჰიდროსაინჟინრო კომპანიაა, სამუშაოები ადგილზე ,,სამცხე 21“-მა განახორციელა, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კომპანიის სახელი, ,,სამცხე 21“, დოკუმენტებში ოფიციალურად მითითებული არსად არის. პროექტისთვის სულ 278 000 ლარი იყო გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, სოფელში ამ დრომდე მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. რეზერვუარმა, რომლის მშენებლობაც პროექტით იყო გათვალისწინებული, გაჟონა და რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია ხარვეზები აღმოფხვრას და მუნიციპალიტეტს დასრულებული პროექტი ჩააბაროს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ეფექტი“, მისი ქვეკონტრაქტორი კი კვლავ ”სამცხე 21“ – კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ ეტაპზე შეჩერებულია, მუსხი-ხეოთის გზის რეაბილიტაციაა. ადგილობრივ მუნიციპლიტეტში ამბობენ, რომ ამჟამად მუშაობა არ მიმდინარეობს, რადგან მისი შეჩერების მოთხოვნით თვითმმართველობას ასპინძის პოლიციამ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიმართა. კითხვაზე, რა გზით ხდება კომპანიის შერჩევა კონკრეტული პროექტებისათვის, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე პასუხობს, რომ ტენდერი ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში გამარჯვებული კომპანიის ვინაობის გაგება წინასწარ შეუძლებელია.

შპს ”სამცხე 21“- ის ხელმძღვანელი გურამ ფარცახაშვილი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ხეოთი–მუსხის გზის რეაბილიტაციის შეჩერება პოლიციამ და კულტურის სამინისტრომ მოითხოვეს, რის გამოც კომპანიის მიერ დაქირავებულ მუშახელს ხელწერილი დააწერინეს, რომ მუშაობას აღარ გააგრძელებდნენ. რაც შეეხება აგარაში წყლის სათავე ნაგებობას, ფარცახაშვილის თქმით, რეზერვუარიდან წყალმა მცირე რაოდენობით გაჟონა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენდა და ამ დროისათვის ხარვეზი აღმოფხვრილია. ასპინძის ქუჩის სახურავის გადახურვას კი გურამ ფარცახაშვილი წარმატებულად დასრულებულ პროექტად თვლის.

ბოლო პერიოდში ,,სამცხე 21“–ის საქმიანობით ძალოვანების დაინტერესებას საზოგადოების ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარეს უკავშირებს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ გურამ ფარცახაშვილი ტენდერებში ოლეგ სანდროშვილთან ნათესაური კავშირების გამო იმარჯვებდა. ნათესაურ კავშირს ადასტურებს, თუმცა ამის გამო ტენდერებში „სამცხე 21“–ის გამარჯვებებს კატეგორიულად გამორიცხავს ოლეგ სანდროშვილი.

,,სამცხე 21“–ის მიერ შესრულებული სამუშოებიდან ამჟამად მხოლოდ ასპინძის ქუჩის საცხოვრებელი სახლის სახურავია დასრულებული, თუმცა აქ რამდენიმე დღეა მოკვლევას რეგიონის ფინანსური პოლიცია ახორციელებს. სამართალდამცავი უწყება მუსხი-ხეოთის გზის რეაბილიტაციის პროექტითაც დაინტერესდა.
XS
SM
MD
LG