Accessibility links

logo-print

ოსური სამოქალაქო სექტორი ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ


ცხინვალი

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონის ცვლილებათა პროექტი შეიმუშავა. ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მათი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. ახალი რედაქციით, ისედაც მცირერიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაძლოა, დახურვის პირას აღმოჩნდნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი უკვე უარს ამბობს დარეგისტრირდეს, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია. ახალი პროექტით, შემოდის ცნება „უცხოური აგენტის ფუნქციის მატარებელი არაკომერციული ორგანიზაცია“, რომელიც, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას იწვევს. სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დინა ალბოროვა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი ტერმინოლოგია უარყოფითად აისახება არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე, რადგან იურიდიული ტერმინი „უცხოური აგენტი“ ბევრს არ ესმის და მისი გაიგივება ჯაშუშობასთან ხდება.

დინა ალბოროვა ამბობს, რომ ეს კანონი რუსული კანონის ასლია, სადაც რამდენიმე შესწორებაა შეტანილი, თუმცა ადგილობრივმა სამოქალაქო სექტორმა ჯერ არ იცის რაში მდგომარეობს ეს შესწორებები. დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, მურატ ვენეევმა, ამ კანონის მიღებისას უკრაინის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, გარედან ფინანსური დახმარებით, და ამიტომ კონტროლი უნდა გამკაცრდესო. დინა ალბოროვა მიიჩნევს, რომ ეს არის სიგნალი იმის შესახებ, რომ სამოქალაქო სექტორს ბრძოლა უნდა გამოუცხადონ.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი ამბობს, რომ ოსურ არასამთავრობო სექტორში კანონმორჩილი ადამიანები არიან და არასოდეს ყოფილან შემჩნეული საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატში. მისი აზრით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არაკომერციული ორგანიზაციებისგან მტრის ხატს ქმნის. ცხურბათის თქმით, ადგილობრივი ორგანიზაციები ამ ახალი კანონის პირობებშიც იარსებებენ.

ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ ცხინვალის ადგილობრივი ხელისუფლება და მათი კურატორები მოსკოვში ცდილობენ, რომ მეტი კონტროლი დაამყარონ სამოქალაქო სექტორზე, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ისედაც მცირე დამოუკიდებლობას სულ მთლად დაკარგავენ.

ცხინვალის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პრეტენზიებს, პირველ რიგში, კანონპროექტის ტერმინოლოგიის შესახებ გამოთქვამენ. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ პარლამენტში მაინც მათ გარეშე არ მოხდეს ამ პროექტის განხილვა. დე ფაქტო მთავრობამ ეს პროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს ნაკლები იმედი აქვთ, რომ დეპუტატები მათ ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
XS
SM
MD
LG