Accessibility links

logo-print

მერაბ სურვილაძე - ჩრდილების მხატვარი ბრიუსელის „პატარა ნიუ-იორკიდან“


ბელგიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, მერაბ სურვილაძის, პატარა სახელოსნო ბრიუსელის ცენტრში, „ბრასსელს არტ ფაქტორიში“, მდებარეობს. ამ შენობას მხატვრები, მოქანდაკეები და დიზაინერები ქირაობენ ხოლმე ერთი ფილანთროპისაგან, რომელიც ხელოვნების სიყვარულის გამო მათ სიმბოლურ ქირას ახდევინებს. ამ სამხატვრო სახელოსნოშია თავმოყრილი მერაბ სურვილაძის ძველი და ახალი ნახატები, რომლებსაც მაისში იქვე, სახელოსნოს საგამოფენო დარბაზში, გამოფენს თავისი კოლეგების ნამუშევრებთან ერთად. მერაბ სურვილაძის მიერ 1990-იან წლებში შესრულებული ფერწერა პრიმიტივისტულია, რასაც თავად მხატვარი ემიგრანტული ნოსტალგიითაც ხსნის:

„აქ რომ ჩამოვედი, შეიძლება ითქვას, რომ დავივიწყე ხატვა. აი, ხომ ნახულობ პირველ ნახატებს? თითქოს ხატვა არ ვიცი... სტილს ვეძებდი. შემდეგ კი დავიწყე ამ ჩოხიანების ხატვა... ეს იყო წარსულის ნოსტალგია. ისეთი ქვეყანაა ბელგია, რომ სიურრეალიზმი აქ ძალიან დომინირებს - ბუნებაშიც, ადამიანშიც, ხელოვნებაშიც. აქაც, ჩემს ხელოვნებაში, ძალაუნებურად გაჩნდა ეს სიურრეალისტური მომენტები“.

მუშაობის პროცესია ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იქ, სუფთა პროფესიული კუთხით, შენს კომპოზიციას წერტილებში ეძებ. თანაც, საკმაოდ სახალისო და, თანაც, ეს თემა, ჩრდილი, საკმაოდ ღრმაა...

ბელგია არა მხოლოდ სიურრეალისტური ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ასპარეზიც აღმოჩნდა მერაბ სურვილაძისათვის. ახალგაზრდა მხატვარმა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა ბელგიაში, თავისი ნათესავი ქალის, როგორც თავად უწოდებს, აქაური ბებიის, ალეკა ბრანტის საშუალებით გაიცნო ბრიუსელის ხელოვანთა წრე. ქართულ მოტივებზე შესრულებული პრიმიტივისტული ტილოები კი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და მერაბ სურვილაძეს 1993 წელს უკვე ზედიზედ ორ გამოფენაშიც მისცეს მონაწილეობის უფლება:

„ერთი მხრივ, 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ყოველი ადამიანი იყო ძალიან საინტერესო ამ [ევროპული] სამყაროსათვის და ძალიან კარგი წინადადებებიც იყო. არა მგონია, რომ მე წარმოვადგენდი დიდ ფენომენს, მაგრამ ჩემ წინაშე ძალიან ბევრი კარი გაიღო, ძალიან დიდი იყო ინტერესი იქიდან ჩამოსული ადამიანის მიმართ“.

ქართველი მხატვრის ერთ-ერთი ბოლო გამოფენისადმი მიძღვნილ მცირე კატალოგში გამოქვეყნებულია მერაბ სურვილაძის ბიოგრაფია, სადაც განათლების გრაფაში მითითებულია თბილისის იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი, თბილისის სამხატვრო და ბრიუსელის სამეფო სამხატვრო აკადემიები. თუმცა მხატვარი არ მალავს, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, უფრო კი იმის გამო, რომ, უბრალოდ, სურდა მხოლოდ ეხატა, მას არც ერთი ეს სასწავლებელი ბოლომდე არ დაუმთავრებია, თუმცა კი დღემდე დიდი პატივისცემით იხსენებს თავის ქართველ და ბელგიელ კოლეგებს და განსაკუთრებით უყვარს თავისი წინაპრების სახლი კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, სადაც მხატვრობა თავად მხატვრების წრეში ტრიალმა შეაყვარა:

„ჩემს წინაპრებში მხატვარი არც ერთი არ იყო. ჩემი წინაპრების სახლში... არის ასეთი სოფელი, გარიყულა, კასპის რაიონში. ქართული სახელოვნებო და კინოს მოყვარული საზოგადოებისათვის საკმაოდ ცნობილი ადგილია. იქ 1970-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე არსებობდა სამხატვრო აკადემიის საზაფხულო ბაზა. და იქ ვიზრდებოდი. ჩემი ახლობლებისაგან, პირიქით, დიდი წინააღმდეგობაც იყო, რომ არ გამოვსულიყავი მხატვარი, იმიტომ რომ უყურებდნენ იმათ სიგიჟეებს, ჩვენ წინ რომ ხდებოდა“.

მერაბ სურვილაძის ნახატები ძირითადად კერძო კოლექციებში და რამდენიმე მცირე მუზეუმში, მათ შორის, ბრიუსელის „მუზეუმ არტს სპონტანე ა ნაივეში“ ინახება. ამ მუზეუმშია თავმოყრილი ბევრი ცნობილი პრიმიტივისტი მხატვრის ფერწერული ტილო. თუმცა მერაბ სურვილაძეს ამჟამად ახალი გატაცება აქვს - ეს არის ავანგარდისტული სტილი, ჩრდილების მხატვრობა:
მერაბ სურვილაძის ნამუშევარი

მერაბ სურვილაძის ნამუშევარი

„მუშაობის პროცესია ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იქ, სუფთა პროფესიული კუთხით, შენს კომპოზიციას წერტილებში ეძებ. თანაც, საკმაოდ სახალისო და, თანაც, ეს თემა, ჩრდილი, საკმაოდ ღრმაა და მუშაობის დროს ისეთ ფიქრებში და ფილოსოფიაში გამყოფებს, რომ სასიამოვნოა“.

2010 წელს მერაბ სურვილაძემ პირველად მოაწყო პერსონალური გამოფენა საქართველოში, გალერეა „ჰობიში“. სულ მუდამ საქმეში გართულ მხატვარს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში, ანუ კლიენტებთან კონტაქტის დამყარებასა თუ ნამუშევრების რეალიზებაში მისი მეუღლე, ქეთი კეჩხუაშვილი, ეხმარება:

„ჩემი მეუღლე მეხმარება, რომელიც ჩემი შთაგონების წყარო იყო და რჩება. მეხმარება ძალიან, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთის პროფესია არ არის ეს მენეჯმენტი. ჩემი შვილებიდან არც ერთი არ არის უნიჭო, მაგრამ არც ერთი არ იკლავს თავს [ხატვით] და ამიტომ არც მე ვაძალებ“.

მერაბ სურვილაძე, რომელიც დიდ დროს სახელოსნოში ატარებს, ფაქიზი, მოსიყვარულე მამა და მეუღლეა. ბრიუსელში მცხოვრები ბევრი ქართველი იცნობს მას, ზოგი - როგორც მხატვარს, ზოგი კი - როგორც კეთილი გულის, უშურველ ადამიანს. ბელგიაში მოღვაწე ქართველ მხატვარს გაისად 50 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით მას განსაკუთრებული გეგმები არ აქვს. „რასაც ვაკეთებ, იმას გავაკეთებ. უნდა ვხატო, რადგან მხატვრობა ისეთია, თუ მოეშვები, მერე ვეღარასოდეს მოახდენ შენი თავის რეალიზებასო“, - ამბობს მერაბ სურვილაძე.
XS
SM
MD
LG