Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღმოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართლებრივ ჩიხში


საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი
გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 11 აპრილს გამოაქვეყნა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე პოსტებზე ტოვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ძველ წევრებს და აზრს უკარგავს მრავალთვიან ბრძოლას სამეურვეო საბჭოს ახლებურად დაკომპლექტებისათვის. სარჩელის ავტორები კმაყოფილი არიან. მედიამკვლევარების ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი ჩაიშალა და თავი იჩინა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის საფრთხემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს 6 მოქალაქის (დავით კანდელაკის, ნატალია დვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის და მამუკა ფაჩუაშვილის) სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები სადავოდ ხდიდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტილიყო ახალარჩეული საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შედეგად.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ”დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოქმედი სამეურვეო საბჭოს არსებობა იმთავითვე საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებელ, ეფექტურ საქმიანობასა და მის შემდგომ განვითარებას”.

”ამგვარ საჭიროებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია”, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 11 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ”მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოს რეფორმირება ყოველთვის ვერ გახდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის საფუძველი”. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ”სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ მოსარჩელეთა უფლებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია”. კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, ”საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”.
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა დარჩა ისე, როგორც ის თავდაპირველად იყო კანონით განსაზღვრული...
ზვიად ქორიძე

მოსარჩელეთა შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი გიორგი მელაძე, რომლის აზრითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს ”ევროპული სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეცედენტულ გადაწყვეტილებად”. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი მელაძე დიდი სიხარულით შეხვდა:

”ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა დარჩა ისე, როგორც ის თავდაპირველად იყო კანონით განსაზღვრული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის საქართველოში”.

ძალიან სერიოზული სამართლებრივი კაზუსი შეიქმნა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მედიამკვლევარი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანაავტორი და ინიციატორი - ზვიად ქორიძე. იმის გამო, რომ სამეურვეო საბჭოს ამჟამინდელ წევრთა უფლებამოსილების ვადა სხვადასხვა დროს და, მათ შორის, 2017 წელს იწურება, ზვიად ქორიძე რეფორმის ჩიხში შესვლაზე ლაპარაკობს. საქმე ის არის, რომ ძველი წესით არჩეულ 15-წევრიან საბჭოში ამ ეტაპზე უფლებამოსილების ვადა არ არის ამოწურული მხოლოდ 7 წევრისთვის, მაგრამ ეს რაოდენობა არ არის საკმარისი გადაწყვეტილებების მისაღებად. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მართალია, სამეურვეო საბჭო 9-წევრიანია, მაგრამ ამჟამინდელი 7 წევრისთვის კიდევ ორი წევრის მარტივად მიმატება არ ხერხდება წევრების შერჩევის განსხვავებული წესის გამო:

”დღეს არის ასეთი ვითარება: არის ძველი რედაქციით არჩეული საბჭოს 7-წევრი და კიდევ 2 წევრს ახალი რედაქციით ვერ აირჩევ. შესაბამისად, ეს 2 ადგილი რჩება ვაკანტური. სექტემბერში კიდევ 3 ადგილი დაემატება და უკვე 5 ადგილი იქნება ვაკანტური. 4 იქნება ძველი წესით არჩეული და საბჭოს ახალი წესით სრულად მაინც ვერ დავაკომპლექტებთ და ასე შემდეგ... უნდა დაველოდოთ იმ „ნათელ მომავალს“, როდესაც საბჭოს ყველა წევს ამოეწურება თავისი უფლებამოსილების ვადა”.
მე ასე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი დამანგრეველი გადაწყვეტილება. ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთელი ელიტა არის აღშფოთებული...
ნათელა სახოკია

ზვიად ქორიძე, რომელიც ასევე გახლავთ მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საკმაოდ სახიფათო ნაბიჯი გადადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის:
”ეს არის თანხმობა, ეს არის ხელშეწყობა და მხარდაჭერა ქვეყანაში სერიოზული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისისა. რეფორმა ჩვენ ზუსტად იმიტომაც გვინდოდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული პროცესების განვითარების მდგრადი გარემო. თუ აქ საზოგადოებრივი მედია არ განვითარდა, რომელმაც უნდა გააძლიეროს მოქალაქეები და უნდა მიაღებინოს მათ ძალიან ადეკვატური და ინფორმირებული გადაწყვეტილებები, მაშინ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, დემოკრატიული პროცესები საკმაოდ სერიოზულ ჩიხში შევა”.

ზვიად ქორიძის კომისიამ ახალი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ორჯერ ჩაატარა და კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თუმცა იმის გამო, რომ კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატურებთან დაკავშირებით პარლამენტს პოზიციის ჩამოყალიბება გაუჭირდა, პროცესი აშკარად გაჭიანურდა. მაგრამ ის მაინც მიიწევდა წინ და დღეს-ხვალ საკანონმდებლო ორგანოში უკვე ხელახალი კენჭისყრა უნდა გამართულიყო.

პროცესის გაჭიანურების მიუხედავად, პარლამენტმა უკვე მოასწრო და ახლებური წესით დაამტკიცა სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი. მათგან ერთი უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი ნათელა სახოკია გახლავთ. საკონსტიტუციო სასამართლოს 11 აპრილის გადაწყვეტილებას ის სახიფათო სიმპტომად მიიჩნევს. როდესაც ჩვენ ნათელა სახოკიას ტელეფონით დავუკავშირდით, ის სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდა, ფილმის პრემიერაზე:

”მე ასე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი დამანგრეველი გადაწყვეტილება. ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთელი ელიტა არის აღშფოთებული”.

ნათელა სახოკიას მსგავსად, ბევრისთვის ამ ეტაპზე გაუგებარია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი და საბოლოოდ რით დასრულდება მრავალთვიანი ხმაურიანი კამათი და დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გარშემო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG