Accessibility links

logo-print
საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების პერსპექტივას მხარს უჭერენ აშშ-ში აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, შედგა მხარდაჭერის გამომხატველი სატელეფონო საუბრები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთანაც, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის სიტყვები ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე MAP-ის მიღების შანსი დაბალია და რომ ნატოსთან დაახლოების გასაღები ევროპასთან დაახლოებაშია.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტი გვატყობინებს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებისა და ორი ქვეყნის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გარდა, მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა სატელეფონო საუბრისას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებიც განიხილეს. სენატორმა გაიმეორა მანამდეც არაერთხელ ნათქვამი სიტყვები, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. ”სენატორის განცხადებით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად ის ძალისხმევას არ დაიშურებს". იმავე წყაროს ცნობით, ასევე სატელეფონო საუბრის მსვლელობისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს მტკიცე მხარდაჭერისა და აქტიურობისთვის. აქვე გავიხსენოთ, რომ სამშაბათს კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს მომავალ სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას.

სხვა არაერთი ფაქტი ასევე ცხადყოფს, რომ უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი დაინტერესებულია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებით და ეხმარება კიდეც პატარა ქვეყანას ამ პროცესში, მაგრამ ეს საკითხი მხოლოდ შეერთებული შტატების გადასაწყვეტი რომ არ არის, ნატოს ბუქარესტის სამიტზეც კარგად გამოჩნდა.
ქართველებმა კარგად იციან, რომ არ არსებობს კონსენსუსი ალიანსში და მათ უნდა იმუშაონ, რათა დაარწმუნონ, კერძოდ, ჩვენი ზოგიერთი მოკავშირე დასავლეთ ევროპიდან, რომ ისინი იმსახურებენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას...
აშშ-ისა და სხვა არაერთი მეგობარი ქვეყნის განსაკუთრებული ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს 2008 წლის აპრილში არ მიენიჭა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). მოწინააღმდეგეთა შორის დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები იყვნენ და, როგორც ჩანს, სიტუაცია მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა 10 აპრილს სენატის საკომიტეტო მოსმენაზე, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შანსი ამ ეტაპზე კვლავაც მცირეა.

”ქართველებმა კარგად იციან, რომ არ არსებობს კონსენსუსი ალიანსში და მათ უნდა იმუშაონ, რათა დაარწმუნონ, კერძოდ, ჩვენი ზოგიერთი მოკავშირე დასავლეთ ევროპიდან, რომ ისინი იმსახურებენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ჩვენ მხარს ვუჭერდით, როდესაც ისინი ცალკეულ მოკავშირეთა დარწმუნებას ცდილობდნენ“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოსმენაზე და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატოს დამაახლოებელი გზა ევროკავშირზე გადის:

”ერთი, რაც ძალიან მალე მოხდება, არის ის, რომ საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან. ეს გააღრმავებს ურთიერთობებს იმავე ქვეყნებიდან ბევრთან და, ვიმედოვნებთ, ეს მოახდენს პოზიტიურ ზეგავლენას საკითხის შეფასებაზე - იმსახურებს თუ არა საქართველო MAP–ს”.
ნათელია, რომ ჯერჯერობით დასავლეთი ვერ უპირისპირებს რეალურ ძალას რუსეთის აგრესიას იმავე, ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და გამოსავალი არის იმ დაპირისპირების გადავადება, რომელიც გარდაუვალია დასავლეთსა და რუსეთს შორის...

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის ახალ იმპულსს რომ მისცემს და ეს, გარკვეულწილად, მართლაც იმოქმედებს ქვეყნის ნატოსთან ურთიერთობის მომავალზე, რადგან ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ნატოს წევრიც არის, გასაგებია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავასთვის, მაგრამ ის მაინც ფიქრობს, რომ კონკრეტულად საქართველოს მიმართ ნატოს ნაცვლად ევროკავშირის მიმართულების გაძლიერებით ამ ეტაპზე დასავლეთი რუსეთთან დაპირისპირებას არიდებს თავს:

”ნათელია, რომ ჯერჯერობით დასავლეთი ვერ უპირისპირებს რეალურ ძალას რუსეთის აგრესიას იმავე, ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და გამოსავალი არის იმ დაპირისპირების გადავადება, რომელიც გარდაუვალია დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამ ფორმით, - ასოცირების ხელშეკრულების ფორმით, - რომელიც პრაქტიკულად არანაირად არ ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს, იყვნენ გარანტორი საქართველოს უსაფრთხოებისა”.

ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ ეს არის ”დროებითი მოვლენა” - ერთგვარი ”შუალედური სვლა” - და სამომავლოდ ნატოსთან კავშირში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდებიან ევროპა და შეერთებული შტატები რუსეთთან მიმართებაში. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება არ ლაპარაკობს MAP-თან დაკავშირებულ მოლოდინებზე, მაგრამ გამოთქვამს მტკიცე იმედს, რომ უელსის სამიტზე, სექტემბერში, ალიანსის გადაწყვეტილებაში აუცილებლად აისახება საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ნატოსთან დაახლოების პროცესში და რომ ალიანსი არ შემოიფარგლება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამეორებით, რომ საქართველო ერთ დღს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

ის, რომ ნატო საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტიად მიიჩნევა, ცხადია, სულაც არ აკნინებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის პერსპექტივას. მრავალგზის თქმულა, რომ ეს არის საქართველოს ისტორიული არჩევანი და რომ საქართველო ბუნებრივად ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. სწორედ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვისადმი მხარდაჭერას ისახავს მიზნად 13 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე, დაგეგმილი აქცია-კონცერტი, რომლის ორგანიზატორია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „საქართველოს ეროვნული პლატფორმა”. როგორც ამ ფორუმის წარმომადგენელი ორგანიზაციის, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს - რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილი აგრესიისა და საქართველოში პრორუსული ჯგუფების გააქტიურების ფონზე:

”ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი გზავნილი იქნება ასევე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვის... ჩვენ დავანახვებთ, რომ, მიუხედავად სხვადასხვა ჯგუფის გააქტიურებისა და ასე შემდეგ, მოსახლეობის უმეტესობა ამ იდეას ემხრობა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ, მართლაც, სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ ევროპული ოჯახისა”.

„მე ვირჩევ ევროპას!“ - ამ სახელწოდების აქცია-კონცერტი კვირას თბილისში, ევროპის მოედანზე, 18 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას არანაირი კავშირი არა აქვს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.
XS
SM
MD
LG