Accessibility links

logo-print
ნანა ფურცელაძე ქართული არაბისტიკის გამორჩეული ფიგურაა. სწორედ ამ უნიკალური ქალბატონის სახელს უკავშირდება შუა საუკუნეების არაბული ლიტერატურის არაერთი ძეგლის ბრწყინვალე თარგმანი ქართულ ენაზე. მან, ქალბატონ თინა მარგველაშვილთან ერთად, თარგმნა და 8 ტომად გამოსცა ,,ათას ერთი ღამე”, ადრეული შუა საუკუნეების არაბული პოეზიის ნიმუშები, ე. წ. ,,მუალაკები”, მაჰმუდ თეიმურის ნოველების კრებული და კიდევ მრავალი ტექსტი, რომელთა სტილისტიკამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა არაბულიდან ქართული თარგმანის პროცესის ზოგადი ხასიათი.

სულ ცოტა ხნის წინ კი გამომცემლობა ,,ქართულმა აკადემიურმა წიგნმა” ნანა ფურცელაძის მიერ არაბულიდან თარგმნილი კიდევ ერთი შესანიშნავი კრებული დასტამბა. წიგნის სათაურია: ,,არაბი პოეტები, V-XX სასუკუნე” და, როგორც სათაურიდანვე კარგად ჩანს, ეს პატარა წიგნი უვრცეს დროით და გეოგრაფიულ არეალს აერთიანებს.

აქ დაბეჭდილი ჩვიდმეტი პოეტიდან 8 პოეტი ისლამამდელ პერიოდს ეკუთვნის, სამი - კლასიკური შუა საუკუნეების წარმომადგენელია, ხოლო ოთხი - მეოცე საუკუნის, ანუ ლამის ჩვენი თანამედროვეა.

მარტო ამ ქრონოლოგიის გათვალისიწინებითაც, ცხადი გახდება ამ წიგნის თარგმნა რამდენ სტილისტურ სიძნელესთან, რამდენი მხატვრული ამოცანის გადაჭრასთან იქნებოდა დაკავშირებული.
როდესაც კლასიკურ, ძველ ნაწარმოებს თარგმნი, იქ თავისუფლების უფლებას თავს ვერ მისცემს მთარგმნელი. საჭიროა, რაც შეიძლება ზუსტად და ტექსტთან ძალიან ახლოს თარგმნოს. ეს შუა საუკუნეებზე ითქმის და რაც შეეხება ახალ პოეზიას, იქ უფრო მეტი შესაძლებლობაა, ისე გადმოიტანო ქართულად, რომ ქართველისათვის უცხო არ ჩანდეს და თან ზუსტი იყოს...


შუა საუკუნეების არაბული პოეზიის გაგების ობიექტურ სირთულეებსაც რომ თავი დავანებოთ, რომელთა გამოც ამ ძეგლების მთარგმნელი, პირველ რიგში, თავადვე უნდა იყოს კარგი ტექსტოლოგი, თვითონ ნაწარმოებთა მხატვრული ქსოვილის ადეკვატურად და ნიუანსობრივად გადმოტანა სხვა ენაზე, ამ მხატვრულ ქსოვილში დროითი ელემენტებისა და ასევე ცალკეული პოეტის პიროვნული თუ შემოქმედებითი თავისებურებებით გამოწვეული დანაშრევების გამოცალკევება დიდ ფილოლოგიურ განათლებასა და მხატვრულ გემოვნებას საჭიროებს.

საქმე ისაა, რომ არაბული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული პირველი ძეგლები V საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება. მას ისლამამდელ, ანუ ,,ჯაჰილიის“ პერიოდის, ლიტერატურას უწოდებენ.

რთული კომპოზიციური სქემა, თემათა გარკვეული და განსაზღვრული რეპერტუარი, მრავალფეროვანი პოეტური საზომები და დადგენილი პოეტური კანონი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ამ პოეზიას წინ უძღოდა განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია. ზეპირად შექმნილი ამ ნაწარმოებების ჩაწერა დაიწყო VII-VIII საუკუნეებში. მანამდე ისინი თაობიდან თაობას გადაეცემოდა საგანგებო მთქმელთა, რავიების მიერ.

ისტორიულმა სიძველემ განაპირობა ამ ძეგლების ენის ბევრი ისეთი თავისებურება, რომელიც საგანგებო შესწავლას მოითხოვს. ეს ეხება ამ ენის როგორც ლექსიკას, ასევე სინტაქსსა და პოეტური საზომებით გამოწვეულ ,,ლიცენცია პოეტიკას” , რომლის გასაგებადაც ხშირად თვითონ თანამედროვე, განათლებულ არაბსაც კი მთელი ცხოვრების კვლევა-ძიება სჭირდება, მით უფრო, უცხოელს, რომელიც არაბულის - ამ თავისთავად ურთულესი ენის - ყველაზე უფრო არქაულ შრეს ეხება.

ქალბატონი ნანა ფურცელაძე ამ მხრივ, მართლაც, სანიმუშო პროფესიონალია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დარეჯან გარდავაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

,,პირველ რიგში, მინდა ქართველ მკითხველს მივულოცო ქართველი მთარგმნელის ასეთი შესანიშნავი კრებული. ეს არის ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ახალი შენაძენი ნამდვილად, რომლის არაბულიდან ქართულად მთარგმნელია ქართველი აღმოსავლეთმცოდნეებისთვის - და არამხოლოდ აღმოსავლეთმცოდნეებისთვის - კარგად ცნობილი და ღვაწლმოსილი მეცნიერი, შუა საუკუნეების არაბული ლიტერატურის უბადლო მკვლევარი ქალბატონი ნანა ფურცელაძე, ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, რომლის სახელსაც უკავშირდება არაბული ლიტერატურის ისტორიის სწავლების სათავეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მართლა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არაბული ლიტერატურის ყველა ქართველი მკვლევარი თუ მთარგმნელი არის სწორედ ქალბატონი ნანას ნასტუდენტარი”.

რასაკვირველია, ათწლეულების გამოცდილება კარგად ჩანს ნამუშევარში, რომელსაც ვერც სიზუსტის და ვერც მხატვრული კონცეფციის თვალსაზრისით ხინჯს ვერავინ უპოვის. რაც მთავარია, აქ ზუსტად არის გამოყენებული მეთოდი, რომლითაც უნდა ითარგმნოს ამა თუ იმ ეპოქის მხატვრული ნაწარმოები.

თვითონ ქალბატონმა ნანა ფურცელაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა:
ნანა ფურცელაძე

ნანა ფურცელაძე

,,როდესაც კლასიკურ, ძველ ნაწარმოებს თარგმნი, იქ თავისუფლების უფლებას თავს ვერ მისცემს მთარგმნელი. საჭიროა, რაც შეიძლება ზუსტად და ტექსტთან ძალიან ახლოს თარგმნოს. ეს შუა საუკუნეებზე ითქმის და რაც შეეხება ახალ პოეზიას, იქ უფრო მეტი შესაძლებლობაა, ისე გადმოიტანო ქართულად, რომ ქართველისათვის უცხო არ ჩანდეს და თან ზუსტი იყოს“.

ამ პატარა წიგნის უმთავრესი ღირსება ისიც არის, რომ ყველა ეპოქის ნაწარმოებს მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი ლექსიკური და სტილისტური ელემენტებით გვაწვდის, ოღონდ მთელი ეს მხატვრული საშუალებები ისე გემოვნებით არის გადანაწილებული ტექსტის საერთო კომპოზიციაში, რომ მკითხველს ნაძალადევი და არტისტული არქაიზაციის განცდას არ უქმნის, ვთქვათ, შუა საუკუნეების ლექსებში და არც ზედმეტი ვულგარიზაციის შეგრძნებას უტოვებს მეოცე საუკუნის პოეტთა ნაწერებში. ამ თარგმანის სანაქებოდ უამრავი ფრაგმენტის მოყვანა შიძლება მაგალითად.
დარეჯან გარდავაძე აღნიშნავს:

,,ეს გარეგნულად მცირეტანიანი კრებული ათწლეულების შრომის ნაყოფია. აქ შესული ისლამამდელი პოეტების ნაწილს ქართველი მკითხველი 1985 წელს გამოსულ, ქალბატონი ნანას მიერ თარგმნილ ისლამამდელი არაბული პოეზიის კრებულ ,,მუალაკებში“ ნახავს, მაგრამ არიან ახალი ავტორებიც, როგორც ჯაჰილიის, ანუ ისლამამდელი ხანის, ისე თანამედროვე პერიოდის. ისინი გვაოცებენ სიღრმით, საოცარი ექსპრესიულობით, პოეტურობით. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ თვითონ ქალბატონი ნანა თვლის, რომ ისლამამდელი პოეზიის პოეტურად თარგმნა და გადმოტანა სხვა ენაზე შეუძლებელია. აი, ახლა ორიოდე ბეითს წაგიკითხავთ ისლამამდელი პოეტის, შანფარას ,,ლამიადან“ და მსმენელმა დაასკვნას, არის თუ არა ეს პოეტური თარგმანი და, ნახეთ, ერთი, უდაბნოში გასამგზავრებლად შემზადებული ტომი და პოეტი, მათ შორის, როგორ არის დახატული:

,,მთვარიან ღამით ყოველივე უკვე მზადაა. შეკაზმულია აქლემები, შეკრულია უნაგირები. კეთილშობილი ადამიანი იპოვის ქვეყნად თავშესაფარს, რომ განმარტოვდეს, სიძულვილი რომ აიშოროს. შენმა სიცოცხლემ, გონიერ კაცს ქვეყანაზე არაფერი გაუჭირდება, როცა ღამით გზას დაადგება თავისი ნებით, ანდა ხიფათს განრიდებული. მე მყავს ოჯახი - ახლობელი თქვენზე უმეტეს: უღლელი მგელი, ლაქებიანი ბალანმოკლე, და აფთარი, ხშირფაფრიანი. აი, ეს არის ჩემი ოჯახი. მათ თუ გაანდობ საიდუმლოს, არ გამჟღავნდება, არც დამნაშავეს მოიკვეთენ ცოდვა-ბრალისთვის“.


პოეტური ექსპრესია, თავისთავად, მაგრამ ესა თუ ის ნიმუში ქართველი მკითხველისათვის კიდევ ბევრი რამით შეიძლება იყოს საინტერესო. მაგალითად, ზემოთ მოხმობილი ფრაგმენტების შესახებ პროფესორი დარეჯან გარდავაძე აღნიშნავს:
დარეჯან გარდავაძე

დარეჯან გარდავაძე

,,ეს ის შანფარა და მისი ლამიაა, რომლის სენკოვსკისეული თარგმანი მიცკევიჩმა გადაამუშავა და ,,ფარისის“ სახელწოდებით მიაწოდა მკითხველს. მთარგმნელი, პროფესორი ნანა ფურცელაძე, აღნიშნავს კიდეც მცირე წინასიტყვაობაში მიცკევიჩის ,,ფარისის“ შესაძლო გავლენას ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანზე“ და ამით პოეტური იმპულსის ძაფს აბამს შანფარას ,,ლამიას“, მიცკევიჩის ,,ფარისსა“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანს“ შორის“.

მოხმობილი მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რა დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შუა საუკუნეების არაბული ლიტერატურის მეთოდურ შესწავლას თვითონ ქართული ლიტერატურის ისტორიისათვისაც, როგორი ვრცელია პოეტური ურთიერთშეხმიანებების არეალი და რამდენი საინტერესო დეტალის გამოკვეთაა შესაძლებელი, თუკი პოეტურ ტექსტებს პროფესიონალის თვალით წავიკითხავთ. თუმცა ჩვეულებრივი ლიტერატურის მოყვარულიც ამ თარგმანით დიდ სიამოვნებას და, რაც მთავარია, უტყუარ ინფორმაციას მიიღებს შუა საუკუნეებისა თუ თანამედროვე არაბული პოეზიის არაერთი თემის, მოტივისა და განწყობის შესახებ.

კონცეპტუალურად და მხატვრულად შეკრული ეს პატარა კრებული კიდევ ერთხელ დაგვიდასტურებს, რომ ნამდვილი პოეზია არ ცნობს საზღვრებს და მისთვის ყოველგვარი დროითი თუ გეოგრაფიული მიჯნა მხოლოდ გარკვეული პირობითობაა.
XS
SM
MD
LG