Accessibility links

6 აპრილი, კვირა
ჩვეულებრივ, კვირადღეს შედარებით ვისვენებ, თუმცა ამჯერად ცოტა რთულად მიდის ეს ამბავი. ეს-ეს არის ჩამოვედი უცხოეთიდან და ჯერ კიდევ ვებრძვი ე.წ. “ჯეთ ლეგს“. ხშირად მიწევს მივლინებაში ყოფნა, მაგრამ ეს თვე რეკორდული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთის მიყოლებით ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მომიხდა მოგზაურობა. ოჯახის წევრების უმრავლესობა თითქმის შეეჩვია ჩემს ასეთ გრაფიკს, გარდა დედაჩემისა, რომელიც ჯერ კიდევ ისე განიცდის ჩემს მოგზაურობას, როგორც შორეულ სიყმაწვილეში. გამაჩნია რა დედისერთა შვილის „მრავალწლიანი გამოცდილება“, ბოლო პერიოდში გამოვიმუშავე ახალი სტრატეგია, რომელიც ჯერჯერობით ამართლებს. იმ შემთხვევაში, თუ მიწევს შორეულ ქვეყნებში მგზავრობა იმისათვის, რომ დედაჩემი დავამშვიდო, მოგზაურობის ადრესატად ვუსახელებ ქვეყნების ჩამონათვალს უახლოესი სამეზობლოდან. შესაბამისად, დედაჩემი თვლის, რომ ძალიან ხშირად ვმოგზაურობ ერთსა და იმავე ქვეყნებში, თან ძირითადად სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში...

ყველაზე საინტერესო ამ ბოლო მოგზაურობისას ის მოხდა, რომ პირველად ცხოვრებაში თვითმფრინავზე დამაგვიანდა... თუმცა „დამაგვიანდა“ ცოტა რბილადაა ნათქვამი, რადგან როცა დალესის აეროპორტში გამოვცხადდი, ჩემი თვითმფრინავი უკვე ევროპის თავზე იყო. ალბათ ვისაც გამოუცდია ეს გრძნობა მიხვდება, თუ როგორ უმწეოდ გრძნობს ადამიანი ამ დროს თავს. საბედნიეროდ, გამიმართლა და „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჟურნალისტის, ია მეურმიშვილის დახმარებით მოვახერხე შემდეგ რეისზე ადგილის დაჯავშნა, თუმცა ამას წინ უძღოდა მრავალსაათიანი სატელეფონო მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომელშიც იას დიპლომატიურმა უნარებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. გამომშვიდობებისას იას შევპირდი, როცა ის ჩამოვა საქართველოში, მეც შევეცდები ჩემი უნარების გამოყენებას თბილისის აეროპორტში...

რადგან ამ საქმიანი ვიზიტებისას ხშირად მიხდება სხვადასხვა აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობა, ყოველთვის მაინტერესებს, თუ რა შთაბეჭდილება იქმნება უცხოეთში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და როგორ აფასებენ ისინი ჩვენთან არსებულ მდგომარეობას. ვაშინგტონში ბოლო შეხვედრების დროს მაინტერესებდა, თუ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, და რამე ხომ არ შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამჯერადაც ახალი ვერაფერი მოვისმინე გარდა ყბადაღებული დაპირებისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და თუ ახლა არა, მომავალში აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. თუმცა რაც ახალი იყო ჩემთვის, ისაა, რომ ვაშინგტონში ბევრ ჩვენს მეგობარს რჩება შთაბეჭდილება, რომ, წინა მთავრობისგან განსხვავებით, ახალ ხელისუფლებას არ გააჩნია მკვეთრად გამოკვეთილი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირდება დღეს საქართველოს... თუმცა მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება საბოლოოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ამ პრობლემის გასაღები დევს არა მხოლოდ ბრიუსელში, მოსკოვსა თუ ვაშინგტონში, არამედ თბილისში... თუმცა ამაზე სხვა დროს...

7 აპრილი, ორშაბათი
საყოველთაო აღიარებით, საქართველოში ორშაბათი მძიმე დღეა, თუმცა არა ჩემთვის. ჩვეულებრივ, ამ დღეს ლექციებისთვის ვემზადები და სტუდენტებისთვის მასალებს ვამუშავებ. მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ჩამოვედი უკვე მირეკავენ ჟურნალისტები და სხვადასხვა საკითხზე კომენტარს მთხოვენ, ძირითადად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების გარშემო... მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში შედარებით ახალბედა ვარ ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გავემიჯნო ე.წ. „ყოვლისმცოდნე ექსპერტის“ დამკვიდრებულ კლიშეს... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს არაა ადვილი... საქმე ის არის, რომ ბოლო ათწლეულებში ჩვენს საზოგადოებაში და მედიასივრცეში სიტყვა „ექსპერტის“ მნიშვნელობა იმდენად გაუფასურდა და გაცვდა, რომ პირველი, რასაც უმორჩილესად ვთხოვ მედიის წარმომადგენლებს, არ მომიხსენიონ ექსპერტად და სიუჟეტის მომზადებისას მხოლოდ პოლიტოლოგად წარმადგინონ. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ეტაპზე ერთობლივი ძალისხმევით, მეტ-ნაკლებ წარმატებას მივაღწიეთ... თანდათანობით გავარკვიეთ ისიც, რომ პოლიტოლოგი არაა უგზო-უკვლოდ განათლებული ექსპერტი, რომელსაც შეუძლია „ა“-დან „ჰ“-მდე ყველა საკითხზე გააკეთოს კომენტარი... თუმცა, როცა მეგონა, რომ ეს საკითხი ასე თუ ისე გვარდებოდა, ახლა მეორე უკიდურესობაში გადავარდნა გვემუქრება, რადგან უკვე პოლიტიკის საკითხზე მომუშავე ნებისმიერ კომენტატორს და ანალიტიკოსს პოლიტოლოგად მოიხსენიებენ, რაც ცოტათი ყურში ცუდად მხვდება... შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემთვის პოლიტოლოგი მაინც ასოცირებულია პოლიტიკის მკვლევართან, რომლის ძირითადი საქმიანობაა აკადემიური კვლევა, წიგნებისა და სხვადასხვა პუბლიკაცის ავტორობა... იდეალურ ვარიანტში ე.წ. Think tank-ში ან საუნივერსიტეტო გარემოში მოღვაწეობა და რაც მთავარია, მეტ-ნაკლებად პოლიტიკურად მიუკერძოებლობა, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული საზოგადოებრივი და მედიაპოლარიზაციის პირობებში. მესმის, რომ აბსოლუტურად ობიექტური ვერავინ ვიქნებით, მაგრამ მგონია, რომ თუ მოვინდომებთ, ჩვენი სუბიექტურობის შემცირება შესაძლებელია... რაც, "ჩემის მოკრძალებული აზრით", დაეხმარება საზოგადოებას უფრო ობიექტურად შეაფასოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და თვითონ გააკეთოს შესაბამისი დასკვნები...

რადგან მედიასთან თანამშრომლობაზე ჩამოვარდა საუბარი, ხშირად აკადემიური პერსონალი და უნივერსიტეტებიც სცოდავენ ამ საქმეში, რადგან საკუთარი საქმიანობისთვის ჟურნალისტებსაც სჭირდებათ კვალიფიციური რესპონდენტები, რასაც ხშირად თავს არიდებენ ჩვენი პროფესორები. მესმის, რომ ბევრი მათგანი მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული, მაგრამ რა არის აკადემიური ცოდნა, თუკი იგი არაა გამოყენებული საზოგადოების და ქვეყნის წინაშე მდგომი საჭირბოროტო საკითხების განსახილველად. მით უმეტეს, რომ დასავლეთის ბევრ უნივერსიტეტში მედიასთან თანამშრომლობა ხშირ შემთვევაში მათ პირდაპირ მოვალეობაში შედის, რაც გამოიხატება სათანადო ფორმულით, ანუ პროფესორის სამუშაო დატვირთვა გადანაწილებულია შემდეგნაირად: 40% - სწავლება, 40% - კვლევა და 20% - სერვისი, ანუ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა, რომელშიც ბევრი რამ იგულისხმება, მათ შორის ინტერვიუების მიცემა, „ოპ ედების“ და ანალიტიკური შინაარსის სტატიების გამოქვეყნება. მოკლედ, ამ კუთხით ჩემს კოლეგებთან ერთად მეც ბევრი მაქვს გასაკეთებელი...

8 აპრილი, სამშაბათი
ეს დღე ამ სემესტრში იმითაა გამორჩეული, რომ ძირითადად უნივერსიტეტში მივდივარ და სალექციო საქმიანობით ვარ დაკავებული. ეს ის საქმეა, რომელიც მართლა მიყვარს და ჩემია... და ბევრ სხვა შემოთავაზებაზე მათქმევინა უარი... თუმცა, როგორც სხვაგან, უმაღლესი განათლების სისტემაშიც არის გადაუჭრელი პრობლემები... მიუხედავად რეფორმების მცდელობებისა, ჯერჯერობით ის კვლავ შორს დგას იმ მოთხოვნებისგან, რომელთაც მას სრულიად სამართლიანად უყენებს ჩვენი საზოგადოება. ეს პრობლემები განპირობებულია როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს... თუმცა ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი არის ჩემი ერთადერთი დამსაქმებელი და თსუ-ში მთლიანი საშტატო ერთეული მაქვს დაკავებული, ხანდახან მეჩვენება, რომ უფრო მოწვეული ლექტორი ვარ, ვიდრე უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 100%-თაა ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში... სხვა რომ არაფერი ვთქვათ, პროფესურას, რომელსაც არა გააჩნია ელემენტარული სამუშაო პირობები და საკუთარი ოთახიც კი არა აქვს, ძნელია მოსთხოვო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრული ჩართულობა... რაც ყველაზე საწყენია, ეს არაა მხოლოდ დღევანდელი პრობლემა და ამ სიტუაციამ თითქმის ქრონიკული ხასიათი შეიძინა... უნივერსიტეტი, რომელსაც საკუთარი ფართობი დიდი ხანია არ ჰყოფნის, ამ პრობლემას საკუთარი ძალებით ვერ მოაგვარებს. მთავრობები კი მოდიან, გვპირდებიან... და ისე მიდიან, რომ არაფერი იცვლება...

თუმცა რაც კარგია ისაა, რომ მოდის იმედისმომცემი ახალი თაობა, რომელსაც მეტის მიღწევა უნდა და თუ სახელმწიფო და საზოგადოება შექმნის გარკვეულ პირობებს, იმედია, სწორედ ისინი შეძლებენ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელთა მოგვარება ჩვენმა თაობამ ფაქტობრივად ჩააფლავა...

9 აპრილი, ოთხშაბათი

დღეს 9 აპრილია და 25 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. მახსენდება რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას მონატრებული უამრავი ადამიანი, რომელთაც ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ეს ყველაფერი მიამიტურადაც კი ჩანდეს, მაგრამ სწორედ ამ ტრაგიკულმა მოვლენამ ზუსტად ორი წლისთავზე საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებლობის აღდგენას, რომლის დაცვასაც უკვე მერამდენე თაობა ცდილობს.

ჩემს თაობას, რომელსაც ბევრმა „დაკარგული თაობა“ უწოდა, კარგად ახსოვს ეს დრო, განსაკუთრებით კი შემდგომი პერიოდი, როდესაც სამოქალაქო ომისა და შიდააშლილობის გამო ყველანი დავზარალდით. ნათქვამია, ჭკვიანი ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ნაკლებად ჭკვიანი კი საკუთარზეო. რადგან ჩვენ ორივე გამოვცადეთ, იმედია, იმავე შეცდომებს კვლავ არ გავიმეორებთ.

რადგან დასვენების დღეა, მომეჩვენა, რომ შედარებით წყნარად გავატარებდი დროს სახლში, თუმცა ასე არ მოხდა. დილიდან უკვე დამირეკეს რადიო თავისუფლებიდან და რადიო იმედიდან რომ მონაწილეობა მივიღო გადაცემებში. ამას დაემატა მოკლე კომენტარი სატელევიზიო გადაცემისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და მეტ-ნაკლებად მიუკერძოებული მასმედიის საშუალებების არსებობა. მიუხედავად უკვე არსებული მრავალი მედიაინსტიტუტისა, მეჩვენება, რომ ამ კუთხით, სამწუხაროდ, სიტუაცია დიდად არ იცვლება... თუ დასავლეთში ძირითადად ცენტრისტული პოზიციის მქონე მედიასაშუალებებზეა მოთხოვნა, ჩვენთან მაინც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებულ მედიასაშუალებებზეა აქცენტი აღებული და ჯერჯერობით, ძირითადად ისინი ქმნიან საინფორმაციო პოლიტიკას. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც თითქოს ლოგიკურად უნდა აეღო ეს ნიშა, უკვე წლებია, ვერ ასრულებს ამ ფუნქციას და ფაქტებზე დამყარებული ობიექტური ინფორმაციის გამავრცელებელი საშუალებები კვლავ თითზე ჩამოსათვლელია. დღევანდელმა სატელევიზიო ბლიცინტერვიუმ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჟურნალისტს, რომელიც კომენტარს იღებს ჩემგან, ისევე აინტერესებს ჩემი პასუხი ამ თემაზე, როგორც თავის დროზე მიკლუხო მაკლაის გლობალური დათბობის პრობლემები... მთავარია, მის გონებაში უკვე მომზადებულ სიუჟეტში რესპონდენტს მოუჩინოს მარჯვენა თუ მარცხენა სოკოს როლი (ეს ალბათ დამოკიდებულია პროდიუსერის დავალებაზე). შესაძლოა ზედმეტად კრიტიკული ვიყო ამ შემთხვევაში, მაგრამ უპრიანი იქნება, ხანდახან რესპონდენტის მხრიდანაც თუ შევხედავთ ამ საკითხს.

10 აპრილი, ხუთშაბათი
ეს დღე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მიმდინარე საერთაშორისო აკადემიური პროექტების განხილვას ვახერხებთ კვლევითი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. ჯგუფის წევრები, ძირითადად იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები არიან. განსაკუთრებით მიხარია, თუ ისინი ჩემი ყოფილი სტუდენტები არიან... ამ დროს გიჩნდება კმაყოფილების ის იშვიათი გრძნობა, რომ შენც გაგიკეთებია და აკეთებ რაღაცას ქვეყნისთვის სასარგებლოს... თუმცა, მიუხედავად ასეთი ახალგაზრდების რიცხვის ყოველწლიური ზრდისა, ხშირად ქვეყანა ბოლომდე ვერ ახერხებს ამ რესურსების გამოყენებას და მათი დიდი ნაწილი როგორც აკადემიური, ისე სახელმწიფო სამსახურების მიღმა რჩება. მთავრობა კი მუდამ წუწუნებს პროფესიული კადრების დეფიციტის გამო. მგონია, რომ ამ მხრივ სასწრაფოდ შესაცვლელია პრიორიტეტები.

როგორც ყოველთვის, დროის დეფიციტი სულ თან მდევს. პროექტი ბევრია, დედლაინები მჭიდრო და პასუხისმგებლობა დიდი. ხანდახან მიფიქრია, რომელი სიტუაციაა უფრო კარგი, როცა ბევრი პროექტი გაყრია თავზე თუ პირიქით... საბოლოდ, მაინც ვჯერდები იმ აზრზე, რომ ნაკლები ვიწუწუნო და საქმეს მოვკიდო ხელი... ვცდილობ, ჩავამთავრო ეუთოს ანგარიში, რომელშიც შეფასებულია, თუ როგორ აღიქვამენ მისი წევრი სახელმწიფოების მთავრობები არსებულ საფრთხეებს. ამ პროექტს ახორციელებს ეუთოსთან არსებული ანალიტიკური ორგანიზაციების ერთობლივი ჯგუფი, სადაც საქართველოდან პოლიტიკის ინსტიტუტიც არის გაერთიანებული... ამ პროექტზე მუშაობისას საინტერესო იყო ჯგუფის გერმანელი კოორდინატორის პირველი რეაქცია, რომელსაც წინასწარი ქართული ანგარიში ძალზე რადიკალური მოეჩვენა, განსაკუთრებით კი რუსეთან და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ, იძულებული გახდა, აზრი შეეცვალა და ჩემდა გასაოცრად, მთხოვა, დამატებითი სიახლეების ჩამატება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე... ვეცდები, საღამომდე დავამთავრო ეს საქმე იმ იმედით, რომ აღარ მომიხდება ამ საკითხებზე ჩემი კოლეგების დარწმუნება... და ანგარიშში თითოეულ სიტყვაზე ჭიდილი... ანგარიში ამ თვის ბოლოს უნდა წარედგინოს ეუთოს მინისტერიალს.

11 აპრილი, პარასკევი
დილით გავიღვიძე იმ იმედით, რომ ადრე ავდგებოდი და დაწყებულ სტატიას დავამთავრებდი. მაგრამ წინ უსიამოვნო სურპრიზი მელოდებოდა. შუქი წასულა... მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არც ისე დიდი ხანია, რაც შეიცვალა, გასაკვირია, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში როგორ მოხერხდა სიტუაციის ასეთი გაუარესება... განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ არც ენერგეტიკის სექტორში და არც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არავითარი სიახლე არ განხორციელებულა და თითქმის იგივე ხალხი მუშაობს ამ უწყებების ქვედა ეშელონებში, ვინც ხელისუფლების შეცვლამდე. ესაა თავსატეხი, რომელსაც მე ჯერჯერობით ახსნა ვერ მოვუძებნე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომელსაც დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები გვთავაზობენ: ხელისუფლების მომხრები ცდილობენ, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მერიის სამსახურებს დაააბრალონ ყველაფერი და მათ საბოტაჟში სდებენ ბრალს; და პირიქით, ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ცდილობენ დაგვარწმუნონ იმაში, თუ რა შეცდომა დაუშვა საზოგადოებამ მათი გადარჩევით და ნიშნის მოგებით გვიმტკიცებენ, რომ უარესი კიდევ წინ არის. მეჩვენება, რომ ეს საკითხი ჩვენი, ანუ საზოგადოების მხრიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს და ალბათ, ცალკე კვლევის საგანია განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი სწრაფი და გასაოცარი დეგრადაციის ფონზე. მუდმივად ვფიქრობ დღევანდელ ვითარებაზე... მაინც მგონია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებული ხალხი, რომელიც მუდმივ კარნახსა და ზეწოლას იყო მიჩვეული, ახლა მოდუნდა, სისტემა მოეშვა და სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.

12 აპრილი, შაბათი

დილიდან იმაზე ვფიქრობ, თუ როდის მოვასწრო კომპიუტერულ მაღაზიაში შესვლა, რადგან ჩემს უფროს ქალიშვილს, კესოს ორშაბათს 13 წელი უსრულდება. ვინაიდან ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს უფრო მოკრძალებულად აღგვენიშნა კესოს იუბილე, ვფიქრობ, „საკომპენსაციოდ“ ისეთი რამე ვუყიდო, რომელიც მას გაუხარდება. ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ხშირად ამას ვერ ვახერხებდი, რადგან თითქოს წინასწარ დაგეგმილივით, არასდროს ვარ თბილისში. ოჯახურ კონსილიუმზე გადავწყვიტეთ, ვუყიდოთ აიპედი, თუმცა ბოლომდე ვერ შევჯერდით რომელი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი უმცროსი ქალიშვილი, კატო 10 წლისაა და ჯერ კიდევ შურით უყურებს კესოს საჩუქრებს და კესოს დაბადების დღეზე თავისთვისაც ჯიუტად ითხოვს გარკვეულ ძღვენს, იძულებული ვარ რაღაცნაირად მოვთაფლო, რაც არაა ადვილი საქმე. აქვე ვიტყვი, რომ კატო „hello Kitty“-ს ერთგული ფანია და ყველაფერი ამ ბრენდისა უნდა, წინდებით დაწყებული, საწერი კალმით დამთავრებული. სწორედ კატო მიმყავს კესოსთვის საჩუქრის ასარჩევად, თანაც შევპირდი, რომ თუ ორშაბათს, დილით საკუთარი ხელით გადასცემს საჩუქარს დაიკოს, მისი „ღვაწლი“ ამ საქმეში სათანადოდ იქნება წარმოჩენილი. კატოს თავიდან თითქოს დიდად არ მოეწონა ეს იდეა, რადგან საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ კესო ხშირად არ ათხოვებს აიპედს, მაგრამ, ვინაიდან ოჯახში კიდევ ორი კომპიუტერია, ბუზღუნით მთანხმდება იმ პირობით, რომ კესოს აიპედი „მისიც“ გახდება... თითქოს შევთანხმდით და ვნახოთ, აბა, რა გამოვა ამ ექსპერიმენტიდან... ჯერჯერობით კი მინიმუმ ის ვიცი, რომ წელს, 7 ივლისს, მის დაბადების დღეზე, წინა წლებისგან განსხვავებით, მხოლოდ „hello Kitty“-ს პროდუქციით ვერ „გამოვძვრები“...

ახლა კი ის დროა, ეს ყველაფერი ამოვბეჭდო და რადიოში გავიქცე...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG