Accessibility links

logo-print

უკრაინა აპირებს სეპარატისტების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი“ ოპერაციის დაწყებას


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ უკრაინა აპირებს პრორუსული ორიენტაციის სეპარატისტების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყებას. „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ყირიმის სცენარი გაიმეოროს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში“, განაცხადა კვირას პარლამენტში ტურჩინოვმა, რომლის გამოსვლაც პირდაპირ ტელეეთერში აჩვენეს. პრორუსულმა ძალებმა 12 აპრილს დაამყარეს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკზე და თავდასხმები მოაწყეს აღმოსავლეთში მდებარე კიდევ რამდენიმე ქალაქში, რასაც მოჰყვა კიევის მიერ „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება. კვირას ურთიერთსროლის დროს უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა. ტურჩინოვის განცხადებით, რუსეთი „ომს“ აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, აღმოსავლეთის რეგიონებში არეულობის დათესვით.
XS
SM
MD
LG