Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კრიზისზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა


აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გამწვავების საკითხზე ჩატარდა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. 13 აპრილის საღამოს შეკრების ინიციატორი რუსეთი იყო. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის - ოლექსანდრ ტურჩინოვის განცხადებას. მან პრო-რუსულ ძალებს ვადა დღევანდელი დილის (14 აპრილის) დილამდე, თბილისის დროით - 10 საათამდე მისცა იმისათვის, რომ ჩააბარონ იარაღი და დატოვონ აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ქალაქში დაკავებული სამთავრობო შენობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურჩინოვის განცხადებით, მათ წინააღმდეგ დაიწყება „ფართომასშტაბიანი ანტი-ტერორისტული ოპერაცია“, არმიის ჩართვით. რუსეთის ელჩმა გაეროში - ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინის ხელისუფლების განცხადებით: „კიევმა უნდა შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ჭეშმარიტი დიალოგი დაიწყოს“. აშშ-ის ელჩმა გაეროში სამანთა პაუერმა კი განაცხადა: “ფაქტი ის არის, რომ ეს არის ყველაზე სამწუხარო სახის არასტაბილურობა. ის მთლიანად ხელოვნურად არის გამოწვეული. ეს არასტაბილურობა დაიწერა რუსეთში და იმართება რუსეთის მიერ“.
სამანთა პაუერმა განაცხადა, რომ „აშშ მხარს უჭერს უკრაინასა და ფუნდამენტურ პრინციპს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“. უკრაინის ელჩმა გაეროში იური სერგეევმაც აღნიშნა, რომ კრიზისი რუსეთის მიერ არის გამოწვეული და მოსკოვს შეჩერებისკენ მოუწოდა: „უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის სპეციალურმა სამსახურის აგენტებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია ძალაუფლების მოსაპოვებლად, ვითარების დესტაბილიზაციისთვის, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის მოქალაქეთა სიცოცხლეს და მიმართულია ამ რეგიონების ჩვენი ქვეყნისგან ჩამოცილებისკენ“. სერგეევმა მოუწოდა რუსეთს „დაუყოვნებლივ შეაჩეროს მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“. დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ლაიალ გრანტმა უშიშროების საბჭოზე აღნიშნა, რომ სატელიტური მონაცემების თანახმად, უკრაინის საზღვართან 35-დან 40 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება, რომელსაც ამაგრებს სამხედრო თვითმფრინავები, ტანკები, არტილერია და ლოჯისტიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფები.
XS
SM
MD
LG