Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინის საზღვართან კვლავაც იმყოფება რუსეთის 35-40 ათასი სამხედრო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ, მოსკოვის მტკიცების მიუხედავად - რომ „ნაწილობრივი დემობილიზაცია“ განახორციელა, უკრაინის საზღვრის გასწვრივ კვლავაც რჩება რუსეთის 35-40 ათასიანი ჯარი. 13 აპრილს აშშ-მა გამოაქვეყნა აგრეთვე ინფორმაცია (ფაქტების ჩამონათვალი) სათაურით - „რუსული ფანტაზია - კიდევ 10 ყალბი განცხადება უკრაინის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, მცდარია რუსეთის განცხადება, რომ მისი აგენტები არ მოქმედებენ უკრაინაში. დოკუმენტში ამის დასტურად მითითებულია 12 აპრილს რუსეთის მხარდამჭერი შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული სამთავრობო შენობების შტურმი უკრაინის აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში. ეს მოქმედება შეფასებულია, როგორც „კოორდინირებული და პროფესიონალური ოპერაცია“, რომელიც შეასრულეს კამუფლაჟის ფორმებში ჩაცმულმა პირებმა, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომლებიც რუსეთში წარმოებული იარაღით იყვნენ აღჭურვილი. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის განცხადება, რომ ის იარაღად არ იყენებს ენერგეტიკას - „რუსეთმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 80%-ით გაზარდა ბუნებრივი აირისთვის უკრაინის მიერ გადასახდელი ფასი“. უკრაინის შესახებ რუსეთის ცრუ განცხადებების პირველი ნუსხა აშშ-მ 6 მარტს გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG