Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლში შეტაკებებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი


13 აპრილის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვში მილიციამ რუსეთის მხარდამჭერი აქტივისტებისგან გაათავისუფლა ქალაქის საბჭოს შიდა ეზო. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ბეისბოლის ჯოხებით, ფარებითა და ხელკეტებით აღჭურვილი რამდენიმე ასეული პირი ცდილობდა შტურმით აეღო შენობის ცენტრალური შესასვლელი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ხარკოვში შეტაკებებისას 10 ადამიანი დაშავდა. დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში კვირას უკრაინის ერთიანობისა და რუსეთის მხარდამჭერთა შეტაკებებისას სერიოზული ტრავმები მიიღო 20-ზე მეტმა ადამიანმა. დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 9 ადამიანი. იმავე დღეს სლავიანსკში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას. არაოფიციალური მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა. 13 აპრილს სლავიანსკში ვითარების გასაცნობად ეუთოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ქალაქის საბჭოს შენობა კვლავ რუსეთის მხარდამჭერებს აქვთ დაკავებული. ორშაბათს სლავიანსკში მოქმედ რამდენმე ათეულ საბავშვო ბაღსა და სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დონეცკის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ხარციზსკში ფედერალიზაციის მომხრეებმა დაიკავეს ქალაქის საბჭოს შენობა და მასზე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დროშა აღმართეს. რუსეთის მხარდამჭერ აქტივისტებს დონეცკის კიდევ ორ ქალაქში - კრამატორსკსა და მაკეევკაშ აქვთ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები.
XS
SM
MD
LG