Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოიწურა უკრაინის ხელისუფლების მიერ სეპარატისტებისთვის დაწესებული ვადა


უკრაინის აღმოსავლეთში სულ მალე, შესაძლოა, დაიწყოს სამხედრო სპეცოპერაცია სეპარატისტების წინააღმდეგ. 14 აპრილს, თბილისის დროით 10 საათზე ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ პრო-რუსულად განწყობილ აქტივისტებს იარაღის ჩაბარებისა და უკრაინის სამხრეთის ზოგიერთ ქალაქში უკანონოდ დაკავებული ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლებისთვისთვის დაუწესა. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას - ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ - წინ უძღოდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიარაღებული პირების მიერ ადმინისტრაციული შენობების დაკავება. კვირას, 13 აპრილს „მაიდნის“ მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების მიტინგები ჩატარდა ზაპოროჟიეში, ლუგანსკში,ოდესასა და ხარკოვში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, დაპირისპირებისას დაშავდა სულ ცოტა 50 ადამიანი. დონეცკში, სადაც საოლქო საბჭოს შენობა ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ აქტივისტების ხელშია, დაიწყო თავდაცვითი რაზმების ფორმირება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც მარიუპოლში, კრამატორსკსა და სლავიანსკში მილიციის საქალაქო განყოფილებები აქვთ დაკავებული. სლავიანსკში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, კვირას დილით უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმ „ალფის“ კაპიტანი დაიღუპა. კიდევ ოთხი სპეცრაზმელი დაიჭრა. სეპარატისტების მხრიდან არის, სულ ცოტა, ერთი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვალენტინ ნალივაიჩენკოს განცხადებით, სპეცსამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ დონეცკის მოვლენების უკან რუსეთი დგას და რომ უკრაინის უშიშროებამ უკვე დააკავა 17 პირი, რომელთა შორის რუსეთის აგენტებიც არიან.
XS
SM
MD
LG