Accessibility links

უკრაინაში მოვლენების მიმდინარეობა, სავარაუდო შედეგები საქართველოსთვის, აქვს თუ არა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური საყრდენი რუსეთს საქართველოში - დღევანდელ პრესაში ამ თემებზე არაერთ მოსაზრებას გაეცნობით.

„რეზონანსი“, ქართველ ექსპერტებზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების მასშტაბის გაზრდის შემთხვევაში, ლტოლვილთა ნაკადი საქართველოსაც მოადგება. „რეზონანსის“ რესპონდენტები დიდ ნაკადს არ ელიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ საქართველო მზად უნდა იყოს უკრაინიდან ლტოლვილთა მისაღებად. ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ლტოლვილები უკრაინიდან, პირველ რიგში, პოლონეთს, რუმინეთს, მოლდავეთსა და იმავე რუსეთს მიაწყდებიან, საქართველოში კი უფრო ისინი არჩევენ ჩამოსვლას, ვისაც აქ ახლობელი ან ნათესავი ჰყავს.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ ქვეყნდება ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან, რომლის აზრითაც, უკრაინაში მოვლენების გამწვავების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ყველაზე სწორი პოზიცია „მაქსიმალური დელიკატურობაა“: არ მინდა, რომ საქართველო ისევ აღმოჩნდეს წისქვილის ორ ქვას შორის. ამიტომ ვთვლი, რომ ახლა ჩვენ გვჭირდება მშვიდად ყოფნა“, - ამბობს არეშიძე. მისი თქმით, საქართველოში „ძალიან გააქტიურდა პრორუსულად განწყობილი მოძრაობები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე ხალხი დგას, გნებავთ, პრორუსული, ისე პროდასავლური აქციების უკან“.

განსხვავებული აზრისაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც გაზეთ „პრემიერს“ ეუბნება: „ჯერჯერობით რუსეთი საქართველოზე მუშაობს იმ დონეზე, რა დონეზეც მუშაობს „ევრაზიული ინსტიტუტი“, ანუ აქ არის რუსეთის მომხრე 5 კაცი, ხელში დაიჭერენ რუსეთის დროშას. ალბათ, ამაში მათ რუსეთიდან უხდიან სათანადო თანხას ან არ უხდიან. ისინი დადიან ქუჩაში და იძახიან, რომ საბჭოთა კავშირი კარგია. ამაზე მეტი რუსული მოღვაწეობა არ დაგვინახავს“. ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „საქართველოში რუსეთს პოლიტიკურ ძალებში დასაყრდენი არ ჰყავს. გარწმუნებთ, იგივე ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატო არ გვინდა და რუსეთთან დიალოგია აუცილებელიო, ხვალ რომ პარლამენტში მოხვდნენ, რუსეთს დასაყრდენ ძალად არც ისინი გამოადგებიან“.

პრესას კვლავაც არაერთი რესპონდენტი ელაპარაკება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაზე. „ახალი თაობა“ ამგვარ განწყობებზე კომენტარს სთხოვს სოსო ცისკარიშვილს, რომლის აზრითაც, „საუკეთესო დრო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა პრაქტიკულად ხელიდან იქნა გაშვებული, ვგულისხმობ 2013 წლის ოქტომბერს და 2014 წლის ივნისს. ახლა, როცა უკვე ნახევარია გასული წინა საპარლამენტო არჩევნებიდან და ჯერ ისიც ვერ გადაუწყვეტიათ, სად გააგრძელონ მუშაობა - ქუთაისში თუ თბილისში, უნდა დავფიქრდეთ ჯერ სხვა პრიორიტეტებზე, რასაც ჰქვია ქვეყნის სტაბილურობა და ახალი აგრესიის თავიდან აცილება“.

„ალიას“ პირველ გვერდზე სათაურია: „პოლიტიკური კრიზისი უმართავი ხდება - ოპერატიულად მისაღები კანონი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად“. ამ თემაზე გაზეთში მოძრაობა „თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილთან ინტერვიუს ნახავთ და „ოპერატიულად მისაღები კანონი“ კი, მისი აზრით, არის კანონი ოპოზიციის შესახებ, რომელმაც, შაშიაშვილის თქმით, უნდა უზრუნველყოს, მაგალითად, ის, რომ არჩევნების შედეგები და საჯარო სამსახურების ხელმძღვანელთა შეცვლა გავლენას არ ახდენდეს შედარებით დაბალი ჩინოვნიკების ბედზე, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციის კომპეტენცია იყოს, ყველა მინისტრის თითო მოადგილეს ოპოზიცია ნიშნავდეს და ა.შ.

დასასრულ, ისევ გაზეთ „პრემიერს“ მივუბრუნდები, რომლის მთავარი პუბლიკაციის სათაურია - „რატომ ყიდის ბანკ „ქართუს“ ბიძინა ივანიშვილი?“. ავტორი ერთადერთ ლოგიკურ პასუხად თვლის იმას, რომ ივანიშვილი საქართველოდან წასვლას აპირებს. „რატომ მიდის? აი, ეს ყველაზე საინტერესო, თუმცა მაინც ყველაზე იოლი კითხვაა. მიდის იმიტომ, რომ არ აინტერესებს, უფრო მეტიც, სძულს და ეზიზღება პოლიტიკა! არა თვით პოლიტიკა, როგორც ასეთი, არამედ საჯაროობა“, - წერს „პრემიერის“ ავტორი და ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ საქართველოში „სრულ დომხალს“ წინასწარმეტყველებს.
XS
SM
MD
LG