Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში სპეცოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა


დონეცკის ოლქში უკრაინის ხელისუფლებამ სპეცოპერაციის რეჟიმი შემოიღო მას შემდეგ, რაც დღეს დილით ამოიწურა უკრაინის ხელისუფლების მიერ სეპარატისტებისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადა - ჩაებარებინათ იარაღი და დაეტოვებინათ ადმინისტრაციული შენობები. დონეცკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ტარუტამ განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნება. მან ოლქის მოსახლეობას მოუწოდა არ აყვნენ პროვოკაციებს. გასულმა ღამემ სლავიანსკსა და დონეცკის სხვა ქალაქებში, სადაც შეიარაღებულ ძალებს ადმინისტრაციული შენობები აქვთ დაკავებული, შედარებით მშვიდად ჩაიარა. სლავიანსკში დაკეტილია მაღაზიები, სკოლები და სხვა დაწესებულებები. ჯერჯერობით არ დაწყებულა კიევის მიერ დაანონსებული ოპერაცია სამხედრო ძალების მონაწილეობით. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სლავიანსკის მისადგომებთან ჯავშანმანქანები დგას. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, სეპარატისტებს დონეცკის ოლქის ქალაქების თითქმის ნახევარში ბლოკირებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები. მთლიანად, ან ნაწილობრივ აქვთ დაკავებული ქალაქის საბჭოების შენობები სლავიანსკში, მარიუპოლში, დრუჟკოვკაში, კრამატორსკში, მაკეევკაში, ენაკიევოსა და ხარციზსკში. გორლოვკაში, სადაც მილიციამ უარი განაცხადა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიმართ ერთგულების ფიცი დაედო, შეიარაღებული ძალები ცდილობენ შტურმით აიღონ მილიციის საქალაქო სამმართველოს შენობა.
XS
SM
MD
LG