Accessibility links

logo-print

შეხვედრა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. განხილვის თემა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. საიას იურისტებმა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შევიდა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დაბალია და დიდი ძალისხმევა დასჭირდება როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომ ამომრჩევლებამდე მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიტანონ. მაგალითად, 2 თვის შემდეგ გორში განსხვავებული თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. გორელები აირჩევენ ქალაქის მერს და საკრებულოს, რაიონის დანარჩენ ტერიტორიაზე კი შეიქმნება ცალკე თვითმმართველი ერთეული, არჩეული გამგებლით და საკრებულოთი. საიას იურისტები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცესში პოლიტიკოსებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რომ გაცემული დაპირებები ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად არ ჩაეთვალოთ. პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ბუთხუზი ამბობს, რომ გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია საზოგადოების კარგად ინფორმირება.

შეხვედრაზე აქცენტი საარჩევნო პროგრამებზეც გაკეთდა. კანონის მიხედვით, პროგრამები არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო წყობილების ძალადობით შეცვლისა ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. გორის მცხოვრები ნინო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე არაერთი სიახლე შეიტყო და ამის შესახებ თავის გარშემო მყოფ ადამიანებსაც აცნობებს.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოში ჩატარებული არჩევნების აქილევსის ქუსლად რჩებოდა ყოველთვის. იმ პირთა სია, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია, კანონითაა განსაზღვრული. გარდა ამისა, რესურსების გამოყენებად ჩაითვლება ის შემთხვევები, თუ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს ორგანიზატორები წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენებენ. ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული თანამშრომლები დისლოკაციის ადგილის მიხედვით იღებენ მონაწილეობას საკრებულოების პროპორციულ არჩევნებში, თუ დისლოკაციის ადგილი მათი რეგისტრაციის ადგილს არ ემთხვევა. ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა აღნიშნა, რომ წელს არჩევნები ამომრჩეველთა ახალი სიებით ჩატარდება, სადაც ამომრჩეველთა ციფრული ფოტოებიც იქნება განთავსებული.

ორი თვის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტები კიდევ არაერთ შეხვედრას აპირებენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისე პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატებთან და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.
XS
SM
MD
LG