Accessibility links

logo-print

საქართველოს მოქალაქე გალის საპყრობილეში რჩება


ე.წ. საზღვარი ენგურის ხიდთან

ე.წ. საზღვარი ენგურის ხიდთან

რუსეთის სამხედროების მიერ 8 აპრილს ხურჩაში დაკავებული ორი მამაკაციდან ერთი, ტარიელ ბერია, ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მას ე. წ. საზღვრის დარღვევის გამო დე ფაქტო სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა, ბერიების სოციალურად დაუცველ ოჯახს კი საჭირო თანხა არ გააჩნია.

„ბოლო ინფორმაცია ესაა, რომ 10 ათასი რუსული რუბლი უნდა გადავიხადოთ. თუ ფულს მიუტან, გამოუშვებენ. ჩვენ თვითონ იქ ვერ გადავდივართ და ნაცნობი გვყავს გაშვებული. ის დადის ამ ამბებზე. იმ კაცმა მოიტანა ეს ამბავი, რომ 10 ათასია გადასახდელი. თუ ფულს ვერ გადაიხდი, მათი გადასაწყვეტია, რამდენ ხანს დატოვებენ იქ ჩემ ძმას“, - ამბობს დაკავებულის და, თაველა ბერია, და დახმარებისთვის ადგილობრივ მთავრობას მიმართავს.

დაკავებულის დის განმარტებითვე, თუ მის ოჯახს თანხის შეგროვებაში მთავრობა არ დაეხმარება, ტარიელ ბერიას საპყრობილეში დარჩენა და სასჯელის ბოლომდე მოხდა მოუწევს.

ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ზუგდიდის გამგეობა, თუმცა, როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია აცხადებს, მიუხედავად დიდი სურვილისა, გამგეობა რამდენიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბერიების დახმარებას:

„ეს გამოდის გამოსასყიდი თანხა. მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფომ აღიარა, როგორც დაკარგული, და აფხაზეთს უდგება, როგორც სხვა სახელმწიფოს და ამიტომ ის არ ჩაერევა ამ გამოსასყიდის კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დასახელდა და მთავრობა მუშაობს არჩევნების თარიღზე, ეს გამოდის ამომრჩევლის მოსყიდვაც და ამაზე ხმაურს ატეხენ ოპონენტი პარტიები“.

მაია ღურწკაიას განმარტებით, მან ბერიების ოჯახის პრობლემის შესახებ უკვე შეატყობინა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. გამგეობის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მათთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით იპოვიან გზას ხურჩის მკვიდრის გასათავისუფლებლად.

ტარიელ ბერიასგან განსხვავებით, დე ფაქტო სასამართლომ 11 აპრილს გაათავისუფლა მასთან ერთად იმავე ბრალდებით დაკავებული 45 წლის გელა თორია. გათავისუფლებულს და მის ოჯახს მედიასთან საუბარი არ სურთ, თუმცა ცნობილია, რომ ოჯახმა გელა თორიას თავისუფლების სანაცვლოდ 15 ათასი რუსული რუბლი გადაიხადა.

გელა თორია და ტარიელ ბერია 8 აპრილს ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მაშინ დააკავეს, როცა საყანე მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ხურჩის მკვიდრთა განცხადებით, სოფელში ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მოქალაქეთა დაკავების ფაქტები, მიწის სამუშაოების გააქტიურებასთან ერთად, გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე იმატებს.
ზუგდიდის სოფელი ხურჩა ოკუპირებულ ნაბაკევს ესაზღვრება. სოფლებს მდინარე ხურჩია ყოფს. რუსეთის სამხედროების მიერ ე. წ. სასაზღვრო ზოლზე მავთულხლართების გავლების შემდეგ ხურჩელების მიწის ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა და მის დამუშავებას ვერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG