Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ლიდერი დასაშვებად მიიჩნევს რეფერენდუმს


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი, მისივე თქმით, „არ არის წინააღმდეგი“, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი უკრაინაში მმართველობის ფორმის შესახებ. რეფერენდუმს მოითხოვენ, როგორც ცნობილია, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებიც საჭიროდ მიიჩნევენ უკრაინის ფედერალურ სახელმწიფოდ გადაქცევას.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსნდრ ტურჩინოვის აზრით, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ელექტორატის დიდი უმრავლესობა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ერთიანობას მიემხრობა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ რეფერენდუმზე, რომლის ჩატარებაც პარლამენტმა შეიძლება გადაწყვიტოს, - ის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება, -უკრაინელების დიდი უმრავლესობა ხმას მისცემს განუყოფელ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ერთიან უკრაინას“.

ტურჩინოვის ამ განცხადებას, რომელიც უკრაინის ტელევიზიით გადაიცა, უკვე მოჰყვა გამოხმაურება მოსკოვიდან.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო რეფერენდუმზე, რომლის შესაძლებლობაც კიევში ახსენეს. თუმცა ლავროვმა უკვე წამოაყენა მოთხოვნა: აღმოსავლეთის რეგიონების რუსულენოვანმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის კონსტიტუციის პროექტის შექმნაში, ვიდრე ამ პროექტს რეფერენდუმზე გაიტანენ.

რეფერენდუმის ჩატარება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომლითაც გამოდიან აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები: ისინი არ მალავენ, რომ, უკრაინის ფედერალიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთთან მიერთება მოისურვონ. აი, რა თქვა გასულ კვირაში დონეცკელმა აქტივისტმა დენის პუშილინმა რეგიონალური ადმინისტრაციის შენობაში სხვა აქტივისტებთან ერთად შეჭრის შემდეგ:

„ახლა დავნიშნავთ რეფერენდუმს სუვერენიტეტის საკითხზე და სუვერენიტეტის მოპოვების შემდეგ ხალხი უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას, შევიდეს თუ არა ფედერაციულ ან კონფედერაციულ ურთიერთობაში უკრაინასთან, ჰოლანდიასთან, საფრანგეთთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან, იქნებ რუსეთთანაც. ან იქნება ეს იყოს დამოუკიდებლობა. ანუ ჩნდება, სულ ცოტა, სამი ვარიანტი“.

სლავიანსკის მერიის შენობა ბლოკირებული აქვთ რუსეთის მომხრე შეიარაღებულ პირებს.
სლავიანსკის მერიის შენობა ბლოკირებული აქვთ რუსეთის მომხრე შეიარაღებულ პირებს.
დასავლეთის არაერთი ქვეყანა რუსეთს ღიად ადანაშაულებს უკრაინაში არეულობის ორგანიზებაში. ამ ბრალდებით 14 აპრილს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოვიდა გაეროში შეერთებული შტატების ელჩი სამანთა პაუერი, ხოლო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ასევე 14 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე, ახალი სანქციები მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გამწვავებაზე საპასუხოდ.

„არ შეიძლება რეალურად ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ეს არის დაგეგმილი და შემოტანილი რუსეთის მიერ. აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებში მონაწილე პირები კარგად არიან შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი, კარგად კოორდინირებული და მოქმედებენ ზუსტად ისე, როგორც ყირიმში მოქმედებდნენ, როგორც გაირკვა, რუსი ჯარისკაცები, ვიდრე რუსეთი სრულ სამხედრო კონტროლს დაამყარებდა ყირიმზე. ასე რომ, ნათლად იკვეთება უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენობის მორიგი უხეში, განზრახ და წინასწარ დაგეგმილი დარღვევის ყველა ნიშანი“, -განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე.

მინისტერიალზე კი მიიღეს გადაწყვეტილება, ოთხი კაცი დაუმატონ იმ პირთა სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებს უკრაინის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო. სანქცირებულების ვინაობა 15 აპრილს გახდება ცნობილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარყოფს ბრალდებას უკრაინაში ვითარების კრემლის მიერ დესტაბილიზაციის შესახებ:

ჩვენ არ ვერევით უკრაინის საშინაო საქმეეებში, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს. იქ არ არიან ჩვენი აგენტები - არც მთავარი სადაზვერვო სამმართველოსი და არც უშიშროების ფედერალური სამსახურის“, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორშაბათს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორშაბათს მოსკოვში გაკეთდა კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს ვითარებას უკრაინაში. პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა ასევე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან ბევრი მიმართავს პირდაპირ პუტინს, ვითარებაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევის თხოვნით.
XS
SM
MD
LG