Accessibility links

logo-print

გაერო: უკრაინაში პროპაგანდას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს


უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს ანგარიში ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დე-ესკალაციისთვის სასწრაფოდ უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა პროპაგანდას და სიძულვილის გაღვივებას. ანგარიში, რომელიც 15 აპრილს გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა, ასახავს უკრაინაში 2013 წლის ნოემბრიდან არსებულ ვითარებას. ანგარიშის თანახმად, სპეცრაზმ ბერკუტის და სხვა დანაყოფების მიერ „გადაჭარბებული ძალის გამოყენებამ“ კიევში ევრომაიდნის დემონსტრანტების რადიკალიზაცია გამოიწვია. ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე პრო-რუსულად განწყობილი ოფიციალური პირების მიერ როგორც 16 მარტის რეფერენდუმამდე, ისე მის შემდეგ გატარებული რამდენიმე ზომა „ღრმა შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით“. ანგარიშის თანახმად, ყირიმში ეთნიკურად რუს ჯგუფებზე გარკვეული თავდასხმები აღირიცხა, თუმცა ამას არ ჰქონია „სისტემატური ან ფართოდ გავრცელებული“ ხასიათი. გაეროს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყირიმში ვითარების შესწავლისას აღირიცხა დამაჯერებელი განცხადებები რეპრესიების, უკანონო დაკავებების და წამების შესახებ იმ აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
XS
SM
MD
LG