Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენის მასალების პუბლიკაცია პულიცერის პრემიით აღინიშნა


ამერიკული გაზეთი, „ვაშინგტონ პოსტი“ და ბრიტანული „გარდიანი“ დაჯილდოვდნენ 2013 წლის პულიცერის პრემიით იმ მასალების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მუშაობას ასახავს. პულიცერის პრემია ყველაზე პრესტიჟულია მათ შორის, რომლებიც აშშ-ში ჟურნალისტიკის სფეროში გაიცემა. ამ ორმა გაზეთმა დეტალურად გააშუქა მასალები, რომლებმაც გაჟონა უშიშროების ყოფილი კონტრაქტორის, ედუარდ სნოუდენის მეშვეობით და ასახავდა სააგენტოს სათვალთვალო პროგრამას. მასალები აჩვენებდა, როგორ შეისწავლიდა სააგენტო ინფორმაციას ინტერნეტში და როგორ უთვალთვალებდა მობილურ ტელეფონებს, მათ შორის მსოფლიოს ლიდერთა კუთვნილ ტელეფონებს. ცნობებმა, რომლებიც ამ ორმა გაზეთმა გამოაქვეყნა, მსოფლიო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია და აშშ-ის ოფიციალური პირები აიძულა გადაეხედათ კანონმდებლობისთვის, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ამ პროგრამის მუშაობას. ორ გაზეთს პრემია „საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის“ გადაეცა. სნოუდენმა თავშესაფრისთვის რუსეთს მიაშურა და გასული წლის ივნისის შემდეგ იქ იმყოფება.
XS
SM
MD
LG