Accessibility links

logo-print

ნატო აღმოსავლეთის საზღვრებზე სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთის საზღვრებზე აძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას, უკრაინაში შექმნილი კრიზისის პასუხად. ბრიუსელში ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ რასმუსენმა თქვა, რომ დისლოცირება რამდენიმე დღეში განხორციელდება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით. „იქნება უფრო მეტი თვითმფრინავი ჰაერში, მეტი ხომალდი წყალზე და მეტი მზაობა ხმელეთზეო“ - განაცხადა რასმუსენმა. მას ოპერაციის დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა თქვა, რომ ბალტიის რეგიონში გახშირდება საჰაერო პატრულირება, ხოლო მოკავშირეთა ხომალდები განთავსდება ბალტიის ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და საჭიროების შემთხვევაში სხვაგანაც. რასმუსენის თქმით, ამ ნაბიჯებს ალიანსი განიხილავს ამ ეტაპზე საჭიროდ კოლექტიური თავდაცვის და საფრთხის შეკავებისთვის. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზომები ეხება „თავდაცვას, შეკავებას და დეესკალაციას“ და სრულად პასუხობს ალიანსის საერთაშორისო ვალდებულებებს. რასმუსენის თქმით, ნატო იმედოვნებს, რომ ჟენევაში 17 აპრილს დანიშნული მოლაპარაკება გზას გაუხსნის კრიზისის მშვიდობიან და პოლიტიკურ გადაწყვეტას.
XS
SM
MD
LG