Accessibility links

TV3: ჟურნალისტები „არც კი მიახლოებიან ე.წ საზღვარს“


ტელეკომპანია TV3, რომლის გადამღები ჯგუფი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება, განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტელეკომპანია მისი თანამშრომლების გათავისუფლების მოლოდინშია. „ვაცხადებთ, რომ ბელა ზაქაიძესა და ვახო ლეკიაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათ კარგად იციან როგორ უნდა იმუშაონ საზღვრის პირა სოფლებში. ისინი არა თუ არ შეჭრილან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არც კი მიახლოებიან ე.წ საზღვარს“ - აცხადებს ტელეკომპანია. ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი 15 აპრილს, დაახლოებით 5 საათზე დააკავეს, მაშინ როცა სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტს აშუქებდნენ. რუსეთის მესაზღვრეების მიერ ტელეკომპანია TV 3-ის გადამღები ჯგუფის წევრთა დაკავების გამო განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი მტკიცებით, ქართველმა ჟურნალისტებმა სოფელ აძვთან საზღვარი მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად დაარღვიეს და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება დაიწყეს.
XS
SM
MD
LG