Accessibility links

logo-print
2014 წლის აპრილში საქართველო ნატოს კვირეულს მასპინძლობდა. კვირეულის ფარგლებში ძალზე ბევრი დისკუსია გაიმართა იმ უპირატესობების ირგვლივ, რაც აქვს ნატოსთან დაახლოებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ამ დროს, ფაქტობრივად, თითქმის არ - ან ძალიან ცოტას - ლაპარაკობენ ნატოსთან დაახლოების ეკონომიკურ სარგებელსა და ფასზე. ჩვენი დღევანდელი მიზანი სწორედ ეკონომიკისა და ნატოს ურთიერთკავშირის გამოკვეთაა.

პირველი, რითაც მნიშვნელოვანია ნატოსთან დაახლოება ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა; უსაფრთხოებასა და სტაბილურობას კი თავისი ეკონომიკური ღირებულება აქვს - იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის რისკების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე აისახება; საგარეო ინვესტიციები კი ნებისმიერი -განსაკუთრებით, საქართველოს ტიპის გარდამავალი ეკონომიკის - ქვეყნისთვის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

საინვესტიციო კლიმატის მხრივ, ერთი შეხედვით, საქართველოს ცუდად არ უნდა ჰქონდეს საქმე - მაგალითად, ქვეყანას წამყვანი რეიტინგები აქვს ბიზნესის დაწყების სიიოლის თვალსაზრისით. აქ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება კომპანიის დარეგისტრირებას, ვიდრე, მაგალითად, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში: საქართველოში ბიზნესის დასაწყებად საკმარისია 4 დღე, მაშინ როდესაც პოლონეთში ამისათვის საჭიროა 33 დღე, საბერძნეთში - 22 დღე, ბულგარეთში - 20 დღე და ა.შ. კორუფციის აღქმის მაჩვენებლის მიხედვითაც, 2013 წელს საქართველო 51-ე ადგილზეა და ნატოსა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებს - მაგალითად, ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას, რომლებიც 57-ე ადგილს იყოფენ, სლოვაკეთს (61-ე ადგილი), იტალიასა და რუმინეთს, რომლებიც 69-ე ადგილს იყოფენ, ბულგარეთს (77-ე ადგილი) და საბერძნეთს (მე-80 ადგილი). საკმაოდ ლიბერალურია საქართველოში საგადასახადო კოდექსიც, ნაკლებია ბიუროკრატიული წინაღობები და ა.შ.

ამ ფონზე ცხადი ხდება, რომ ინვესტიციების მასშტაბის ზრდას საქართველოში ძირითადად პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები აფერხებს. ნატოში ინტეგრაცია, ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალია.

მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რომლებიც 1999 წელს გაერთიანდნენ ნატოში, 2004 წელს კი -ევროკავშირში; ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, სლოვაკეთი, სლოვენია, რომლებიც 2004 წელს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანდნენ, და რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც 2004 წელს ნატოში, 2007 წელს კი ევროკავშირში გაწევრიანდნენ. მათ ნაწილს, როგორც ვთქვით, ზოგიერთ რეიტინგში დღესაც საქართველოზე უარესი მაჩვენებელი აქვს.

არადა, დინამიკა გვაჩვენებს, რომ ინვესტიციებმა ნატოში გაწევრიანებისთანავე, მომენტალურად დაიწყო ზრდა, მიუხედავად იმისა, ნატოსთან ერთად ევროკავშირის წევრიც გახდა თუ არა სახელმწიფო, თუმცა, ცხადია, ევროკავშირის წევრობა დამატებითი არგუმენტი იყო უცხოელი ინვესტორებისთვის. უკვე შემდგომი ანალიზი კი აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც ნატოში ინტეგრირება მოხდა და პარალელურად მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმებიც განხორციელდა, პროგრესი უფრო საგრძნობია.

საინვესტიციო ზრდა, დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიებზე, ნატოს ეკონომიკური ეფექტის მხოლოდ ერთი ნაწილია. გამომდინარე იქიდან, რომ ნატოსთან ინტეგრაცია მთელი რიგი ეკონომიკური სტანდარტების სრულყოფასა და ინსტიტუციონალურ განვითარებას გულისხმობს, იგი აისახება ქვეყანაში საკუთრებისა და ბიზნესის დაცულობაზე, კონკურენტული გარემოს შექმნასა და, შესაბამისად, ბიზნესის განვითარების მაჩვენებელზე, უმუშევრობის შემცირებაზე; თავის მხრივ, ეს ზრდის მოსახლეობის სიმდიდრის მაჩვენებელსაც და მისი ცხოვრების დონესაც.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG