Accessibility links

სოციალურ ქსელ "ვკონტაკტე"-ს დამფუძნებელი ყვება "ეფ-ეს-ბე"-სგან ზეწოლაზე


სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ს დამფუძნებელმა პაველ დუროვმა 16 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სოციალური ქსელის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა „ევრომაიდნის“ ჯგუფების ორგანიზატორთა შესახებ პირადი ინფორმაციის გადაცემა. „ჩვენი პასუხი იყო და არის კატეგორიული უარი - რუსეთის იურისდიქცია არ ვრცელდება „ვკონტაკტე“-ს უკრაინელ მომხმარებლებზე“, - წერს სოციალური ქსელის დამფუძნებელი პაველ დუროვი. ის თვლის, რომ უკრაინელი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა „არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ უკრაინის იმ მილიონობით მცხოვრების ღალატი იქნებოდა, ვინც გვენდო“-ო. დუროვი ყვება, რომ რუსეთის უშიშროებასთან ამ უთანხმოების გამო მას ბევრი რამის დაკარგვა მოუხდა, მათ შორის - სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ში წილისაც. „მე არაფერს ვნანობ - პირადი მონაცემების დაცვა მეტადაც ღირს“, - თვლის დუროვი. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 მარტს პროკურატურამ მისგან მოითხოვა სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ჯგუფის დახურვა, რასაც ქსელის ბლოკირების მუქარაც ახლდა თან. „ბოლო კვირების განმავლობაში ჩემზე სხვადასხვა მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა... თუმცა, დადგა დრო ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი გუნდი არ ვაპირებთ პოლიტიკურ ცენზურას დავემორჩილოთ“, - წერს სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ს დამფუძნებელი.
XS
SM
MD
LG