Accessibility links

logo-print

თურქეთი განიხილავს "სამხრეთის ნაკადის" თავის ტერიტორიაზე გატარების საკითხს


თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი განიხილავს „სამხრეთის ნაკადის“ მილსადენის თავის ტერიტორიაზე გატარების საკითხს. „სამხრეთის ნაკადის“ მილსადენით რუსეთის ბუნებრივი აირი დასავლეთს უნდა მიეწოდოს. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა 16 აპრილს განაცხადა, რომ მილსადენის თურქეთის ტერიტორიაზე გატარების შესახებ იმსჯელებენ მომავალ კვირაში ანკარაში დაგეგმილ შეხვედრაზე. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ მედვედევთან გამართავს მოლაპარაკებებს. „სამხრეთის ნაკადის“ მილსადენით რუსეთის გაზს შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაევლო, მისულიყო ბულგარეთამდე და შემდეგ გაგრძელებულიყო მისი ტრანსპორტირება დანარჩენ ევროპაში. თუმცა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ტანერ ილდიზს არ დაუზუსტებია რას შეცვლის „სამხრეთის ნაკადის“ მილსადენის ბულგარეთის ნაცვლად თურქეთის ტერიტორიაზე გატარება. პროექტში „გაზპრომის“ ევროპელი პარტნიორები არიან იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის კომპანიები. იტალიელმა პარტნიორმა - კომპანია „ენი“-მ უკვე განაცხადა, რომ „სამხრეთის ნაკადის“ მომავალი სათუო გახდა უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო.
XS
SM
MD
LG