Accessibility links

logo-print

მარიუპოლში სამხედრო ნაწილზე შტურმისას მოკლეს 3 თავდამსხმელი


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში „ეროვნული გვარდიის“ სამხედრო ნაწილზე თავდასხმისას მოკლულია სამი ადამიანი, დაჭრილია 13 და დაკავებულია 63 ადამიანი. ხუთშაბათს ღამით დაახლოებით 300 პირი შეეცადა შტურმით აეღო სამხედრო ნაწილი მას შემდეგ, რაც სამხედროებმა მათ უარი უთხრეს „იარაღის განაწილებაზე“. ავაკოვის თანახმად, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა ნაწილის ტერიტორიაზე „მოლოტოვის კოქტეილები“ შეყარეს და სროლა დაიწყეს, უკრაინის სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხეს. გამეორებითი თავდასხმის შემდეგ, სამხედროებმაც დამიზნებით გახსნეს ცეცხლი. გამოცხადდა განგაში და მარიუპოლის მილიციის ყველა ქვედანაყოფის მობილიზაცია მოხდა. მცირეხნიანი დაპირისპირების შედეგად სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ სპეცდანიშნულების რაზმ „ომეგას“ წევრები და სამხედრო ვერტმფრენები. არსენ ავაკოვის ინფორმაციით, უკრაინის შსს-ს ქვედანაყოფი აგრძელებს თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის ძებნას. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აზუსტებს, რომ შსს-ს თანამშრომელთა შორის მსხვერპლი არ არის. თავდამსხმელებს ჩამოართვეს იარაღი, კომუნიკაციის საშუალებები და რუსული ტელეოპერატორების ტელეფონები. დგინდება დაკავებულთა ვინაობა.
XS
SM
MD
LG