Accessibility links

logo-print

ანტიდისკრიმინაციული კანონი პირველი მოსმენით მხარდაჭერილია


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც 5 კანონპროექტისგან შედგება. კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერაა ინიცირებული.

საქართველოს პარლამენტმა, 109 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. „კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ პარლამენტის წინაშე კანონპროექტისა და მის თანმდევ 5 კანონში შესატანი ცვლილებების წარდგენისას:

„კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობით უზრუნველყოფას და შესაბამისი მექანიზმების შემოღებას. კანონპროექტი შემუშავებულია იმ პრინციპით, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, ყველა იმ ფორმის მიუხედავად, რომელიც ზოგადად დისკრიმინაციას გააჩნია“.
ამ კანონპროექტში მითითებული არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ის ეწინააღმდეგებოდეს იმ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის...

კანონპროექტის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში დეპუტატები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვისაც აეხსნათ, რომ კანონს არ შემოაქვს რაიმე ახალი უფლებები და რომ ის არ წარმოადგენს ხარკს ვინმეს წინაშე - მათ შორის, არც ევროკავშირის წინაშე - და არც მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული. საკომიტეტო მოსმენების დროს კანონპროექტის თაობაზე თავიანთი მოსაზრებები ჰქონდათ სასულიერო პირებს. მათი განცხადებით, პროექტი არ განხილულა საპატრიარქოსთან. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თავის გამოსვლაში საჭიროდ ჩათვალა აეხსნა, კანონპროექტში ჩაიწერა განმარტება, რომ ყველა პუნქტი თანხვედრაში იქნება ეკლესიასთან გაფორმებულ საკონსტიტუციო შეთანხმებასთანო:

„ეს პროექტი ამტკიცებს, ადასტურებს, აღიარებს, რომ ამ კანონპროექტში მითითებული არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ის ეწინააღმდეგებოდეს იმ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი არის მკაფიო დეკლარირება იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ კანონის დონეზე ვადასტურებთ ამ კონსტიტუციური შეთანხმების არსს, პრინციპს და შინაარსს“.
უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და, მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა...

კანონპროექტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის, ისეთით, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია. კანონპროექტი დისკრიმინაციას კრძალავს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
საკმაოდ ემოციური იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ნინო გუგუაძის გამოსვლა. მან აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის სულისკვეთება სრულად ემყარება საქართველოში არსებულ ღირებულებათა ისტორიულ გამოცდილებას და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს:

„უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და, მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში“.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი უკიდურესად ხარვეზიანია, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ის მაინც დაუჭერს მხარს მის კანონად ქცევას, ვინაიდან მასში გამოხატულია პოლიტიკური ნება. ამასთან, ჩიორა თაქთაქიშვილმა დეპუტატებს შეახსენა კანონპროექტის თავდაპირველი შინაარსი, რომლის ავტორიც იუსტიციის სამინისტრო იყო და რომელშიც ცვლილებები მთავრობამ შეიტანა. და სწორედ მთავრობის მიერ სახეცვლილ კანონპროექტს აკრიტიკებდა სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. არასამთავრობო სექტორში კანონს არაეფექტურად მიიჩნევენ იმის გამო, რომ, თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, ინიცირებულ ვარიანტში საუბარი აღარ არის სპეციალური ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნაზე, რომელსაც მოქალაქეების დაჯარიმება შეეძლებოდა, მაკონტროლებლის ფუნქციებს კი სახალხო დამცველი შეითავსებს, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს შენიშვნები კანონთან მიმართებით და უფრო ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციის გარანტიების ჩადებას ითხოვს კანონში, მათ შორის, სასამართლო წარმომადგენლობის ფუნქციით აღჭურვას:

„კანონპროექტში აღარ არის გათვალისწინებული ის მნიშვნელოვანი პრევენციის მექანიზმი და სანქციის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გარდა, არსებულიყო ასევე ნაკლები სიმძიმის, მაგრამ ეფექტურობისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სანქციები, როგორიც იქნებოდა, მაგალითად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჯარიმები, რაც იყო თავდაპირველ ტექსტში გათვალისწინებული“.

ჩიორა თაქთაქიშვილის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება სახალო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, საჯარიმო სანქციების გამოყენება უეფექტო იქნებოდა, ვინაიდან მისი გასაჩივრების საშუალება არსებობს და ეს კი დააკნინებდა დისკრიმინაციის საზედამხედველო უწყების როლს.
ამ კანონმდებლობის მიღება ერთ-ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ იკისრა, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით.
XS
SM
MD
LG