Accessibility links

logo-print
„თუ ჩვენ შეცდომებს არ დავუშვებთ, ვერანაირი ძალა ვერ მოგვიგებს“, - განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გაზეთ „ახალ თაობას“. მისი შეფასებით, რუსეთი არასოდეს მალავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ნატოს გაფართოების მიმართ და ეს აისახა მის ბოლოდროინდელ განცხადებაშიც, რომ იმ ქვეყნების მოსახლეობას, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური გაფართოების ზონაში მოხვდებიან, უბრალოდ, მოგუდვა ელოდებათ. პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ თავის დროზე რუსეთს არც ბალტიისპირეთის გაწევრიანება მოეწონა ნატოში, ამიტომ საჭიროა საქართველომ შეცდომები არ დაუშვას. „ბუნებრივია, გამოწვევები არის. რუსეთი ყოველთვის მუშაობდა და მუშაობს დღემდე მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ხელსუფლების შეცდომებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შეცდომები არ დავუშვათ. მყარად, მდგრადად, მკაფიოდ ვიმოძრაოთ დასავლეთისკენ, ევროპოლიტიკური სივრცისკენ. თუ ჩვენ შეცდომებს არ დავუშვებთ და გონივრულ ნაბიჯებს გადავდგამთ, ვერანაირი ძალა ვერ მოგვიგებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ფრთხილად მოქმედებს და შედარებით უპრობლემოდ აირიდა გამოწვევები. „მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ გავიარეთ, პრაქტიკულად შეცდომა არ დაგვიშვია“, - აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

„სამხედრო აგრესია უნდა ავიცილოთ“ - ამ სათაურით ინტერვიუს სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილთან, გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. მინისტრის აზრით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აუცილებლად მოვაწერთ. საქართველოს ხელისუფლება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია. რაც შეეხება ნატოსთან ინტეგრაციას და სექტემბერში „მაპის“ მიღების საკითხს, პეტრიაშვილი ამბობს: “ფორმალურად, რუსეთს საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭების საკითხს არავინ ეკითხება. თანაც, ნუ დავარქმევთ ამ ყველაფერს სექტემბერში საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭების პროცესს. ნატო აუცილებლად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ნატოსთან მიახლოების პროცესში პროგრესის ამსახველი იქნება. ეს „მაპი“ იქნება თუ რამე კიდევ უკეთესი, ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერები და არც ნატოს ხელმძღვანელობა ჯერ არ ჩამოყალიბებულა“. ალექსი პეტრიაშვილი, ერთი მხრივ, ერიდება ნატოს მიმართულებით საზოგადოებაში მცდარი მოლოდინების გაჩენას, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ არსებობს მცირე ალბათობაც იმისა, რომ საქართველო პირდაპირ ნატოში მიიწვიონ.

„ცხინვალმა თბილისისგან დე ფაქტო საზღვრის ცნობის საკითხი წამოაყენა“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ცხინვალის პოლიტიკური წრეები უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ დროა ქართული მხარე მავთულხლართებს შეეგუოს და მხარიც დაუჭიროს. მათი აზრით, დემარკაციას შედეგად ის მოჰყვება, რომ ადგილობრივებს პრობლემა უნებური გადაკვეთის გამო არ შეექმნებათ და საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაკავებაც შეწყდება. არსებულ მოსაზრებაზე კომენტარისთვის გაზეთმა „რეზონანსმა“„კავკასიური სახლის“ დირექტორს გიორგი კანაშვილს მიმართა, რომელიც ცხინვალის მიერ ზემოთ აღნიშნული საკითხის წინა პლანზე წამოწევას აბსოლუტურ უაზრობად მიიჩნევს. „ამ საკითხის წამოწევა, მით უმეტეს, საერთაშორისო დონეზე, სრულიად უაზროა, რადგან ზოგადად დასავლურ კონტექსტში იმის თქმა, რომ მავთულხლართები უნდა გაივლოს იმიტომ, რომ თურმე კარგია, არასერიოზულია, მით უმეტეს, რომ ოსური მხარის ასეთი ტიპის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის გრიგორი კარასინის განცხადებასთან იმის თაობაზე, რომ მავთულხლართების გავლებას, პრინციპში, ვწყვეტთო“, აღნიშნავს გიორგი კანაშვილი, რომელიც ვარაუდობს, რომ რუსებსა და ოსებს შორის ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა.

„რა პროვოკაციული მოძრაობა დაიწყო დევნილებში?“ - კითხულობს გაზეთი „ალია“, რომლის რესპონდენტი, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია, ამბობს, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფები, მათ შორის დევნილებიც, აქტიურად დადიან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასახლებებში და ავრცელებენ ჭორს, თუ რუსეთს მივუერთდებით, აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო. პაატა დავითაია ამბობს, რომ დაახლოებით ერთი თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს და მას შესაძლოა საშიში შედეგები მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG