Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთი ომისა და მშვიდობის ზღვარზე


მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი და უზენაესი საბჭოს შენობა ტირასპოლში.
მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი და უზენაესი საბჭოს შენობა ტირასპოლში.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის შემდეგ, ბევრი ფიქრობს, რომ კრემლის სამიზნე შესაძლოა მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთი გახდეს. ამის ფორმალური მიზეზი შეიძლება შეიქნეს თვითგამგამოცხადებული დნესტრისპირეთის პარლამენტის 16 აპრილის მიმართვა, რომელიც რუსეთს მისი დამოუკიდებლობის აღიარებასა და „თავისუფალ მიერთებას“ სთხოვს.

ჯერჯერობით მოსკოვს ოფიციალური რეაგირება არ მოუხდენია სეპარატისტული დნესტრისპირეთის პარლამენტარების თხოვნაზე, პარლამენტარებისა, რომლებმაც, რუსეთის გარდა, 16 აპრილს გაეროსა და ეუთოსაც მიმართეს იმავე თხოვნით - აღიარონ მათი რეგიონის დამოუკიდებლობა. კაცმა რომ თქვას, ეს არც იყო მოულოდნელი. დნესტრისპირეთში ხომ ჯერ კიდევ 2006 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლის 97-მა პროცენტმა მისცა ხმა რეგიონის მოლდავეთისგან გამოყოფას და რუსეთის ფედერაციასთან მიერთების უფლებას.

თუმცა ის ფაქტი, რომ ტირასპოლმა ასეთი ნაბიჯი სწორედ უკრაინის კრიზისისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე გადადგა, დამაფიქრებლად ეჩვენება მოლდავეთის ვიცე-პრემიერს, იუჯინ კარპოვს, რომელმაც თავისი აზრი რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რობერტ კოლსონს, კიშინიოვში 16 აპრილს გაუზიარა:

„ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობს კამპანია, რომელიც კვლავ პროპაგანდას ეფუძნება. ჩვენ ვიცით რასთან გვაქვს საქმე - საბჭოთა პერიოდის პროპაგანდასთან, რომელიც, სამწუხაროდ, დნესტრისპირეთში კვლავაც მოქმედებს. გაჩნდა ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან დნესტრის მარცხენა სანაპიროზე დაძაბულობის გაჩენით. რატომ? იმიტომ რომ, სავარაუდოდ, ეს ერთგვარად უკრაინის მოვლენებს უკავშირდება“.
რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი რადუ ბენია
რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი რადუ ბენია
მაგრამ ამ განცხადებისა და ევროპელი მოკავშირეების გააქტიურების გარდა, კიშინიოვს არ გააჩნია სხვა პოლიტიკური მექანიზმი თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ლიდერებზე ზემოქმედების მოსახდენად. 1992 წელს კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის დაწყებული ხანმოკლე ომის შემდეგ სეპარატისტულ რეგიონს მთლიანად რუსეთის სამხედრო ძალები და მარიონეტული ხელისუფლება აკონტროლებს. გარდა ამისა, საკუთრივ დნესტრისპირეთის არმიაც კი, რუსეთის სამხედრო ძალების გარეშე, ბევრად აღემატება მოლდავეთის არმიის სიძლიერეს, რის გამოც კიშინიოვი არც კი განიხილავს სეპარატისტული დნესტრისპირეთის სამხედრო ძალით შემოერთებასო, - ამბობს რადუ ბენია, რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი:

„დნესტრისპირეთის არმია კონფლიქტის დროიდან დაწყებული, იმთავითვე ძალიან კარგად არის მომზადებული და ორგანიზებული, აღჭურვილია მძლავრი შეიარაღებით. იქ არსებობს ქარხნები, რომლებიც იარაღს აწარმოებენ. გარდა ამისა, ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ დნესტრისპირეთის გზით ხდება დიდძალი იარაღის კონტრაბანდა და იქიდან იარაღი ჩეჩნეთშიც კი ხვდებოდა რუსეთის საომარი კომპანიის დროს. ზუსტი მონაცემები ამ კონტრაბანდის თაობაზე არ არსებობს, მაგრამ ცნობილია ის, რომ მოლდავეთის არმია, რა თქმა უნდა, ჩამორჩება დნესტრისპირეთისას“.

1992 წლიდან დნესტრისპირეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედებს შერეული სამშვიდობო კონტინგენტი და არსებობს 5+2-ის სახელით მოქმედი კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი. სამშვიდობო მოწესრიგების ეს სამხედრო ფორმატი ძალიან წააგავს თავის დროზე სამხრეთ ოსეთში მოქმედ სამშვიდობო მანდატს. დნესტრისპირეთშიც, როგორც თავის დროზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, განლაგებულია სამმხრივი სამშვიდობო ძალები და არსებობს ეუთოს სადამკვირვებლო მისია. ერთი განსხვავება ისაა, რომ დნესტრისპირეთში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ამ ქვეყნიდან მივლინებული დამკვირვებლებიც იმყოფებიან. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში არიან, კიშინიოვმა ღიად გააკრიტიკა დნესტრისპირეთის სამშვიდობო მოწესრიგების არსებული მანდატი, - ამბობს რადუ ბენია.

„მას შემდეგ, რაც ყირიმში რუსეთის ინტერვენცია დაიწყო, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, იურიე ლეანკამ, განაცხადა, რომ სამშვიდობო ფორმატი კომპრომეტირებულია, რადგან, როგორც მინიმუმ, მოლაპარაკების ორი მონაწილე, რუსეთი და უკრაინა, რომლებიც ერთმანეთის მიმართ, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, ფაქტობრივად, გადიან ამ ფორმატიდან“.

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ არა მოსკოვი ან კიევი, არამედ ყველაზე მეტად დნესტრისპირეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების მთავარი შუამავალი - ეუთო - შეაშფოთა. ვენაში იფიქრეს, რომ კიშინიოვი ამზადებდა ნიადაგს სამშვიდობო ფორმატიდან გამოსასვლელად, რაც, დიდი ალბათობით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის განახლებას გამოიწვევდა. შეშფოთებული ეუთოს დამშვიდება მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, იუჯინ კარპოვს, მოუხდა, რომელმაც წინა კვირასაც გაიმეორა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომ მოლდავეთი მომავალშიმხარს დაუჭერს მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს. თუმცა ასეთი პრევენციული განცხადების მიღმა კიშინიოვის რეალურ განზრახვასაც არ გამორიცხავს ჩემი მოლდაველი კოლეგა, რადუ ბენია:

„რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება ერთგვარი გაფრთხილებაა მოსკოვისათვის, რომ თუ ვითარება გამწვავდა, მოლდავეთმა შესაძლოა უარი თქვა მოლაპარაკებების ასეთ ფორმატზე“.

ჯერჯერობით ამ პრევენციულ განცხადებაზე შორს საქმე არ წასულა, თუმცა სხვა საქმის კეთებას, რასაც ევროკავშირთან დაახლოება ჰქვია, კიშინიოვი ენერგიულად და მონდომებით ეკიდება და წარმატებასაც აღწევს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სულ რაღაც 10 დღეში, 28 აპრილიდან, მოლდავეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, აღარ დასჭირდებათ იმ ქვეყნებში შესასვლელად ვიზა, რომლებიც ევროპის ზონაში შედიან. კიშინიოვში მოელიან, რომ ამის შემდეგ მოლდავური პასპორტების აღების სურვილი ბუნებრივად გაუჩნდებათ დნესტრისპირეთის ანკლავის მცხოვრებთაც, რომლებთან პირდაპირ დიალოგი და „ჩატეხილი ხიდების“ აღდგენაც დღევანდელი მოლდავეთის ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG