Accessibility links

logo-print
„დღევანდელ რუსეთს სურს, შეიერთოს მისი გავლენის სფეროში არსებული ყველა ქვეყანა. ეს ეჭვგარეშეა. ყირიმი მხოლოდ დასაწყისი იყო. მეორე აქტი ახლა მიმდინარეობს. ყირიმის დაკავებას ომი არ მოჰყოლია. მაგრამ სულ სხვა შედეგი შეიძლება ვიხილოთ, თუ რუსმა ჯარისკაცებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში შეჭრა განიზრახეს“ - ასეთ პროგნოზს გამოთქვამს თურქეთში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთი „სტარი“.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი საუბრობს 17 აპრილს, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელშიც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ ევროპის კავშირისა და აშშ-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები. მსჯელობს რა ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებაზე, სტატიის ავტორი აღნიშნავს: „თუ შეთანხმება შესრულდა, მაშინ იქნებ შესაძლებელიც გახდეს იმის მიღწევა, რასაც ბევრი ამერიკელი ექსპერტი უკრაინისთვის ყველაზე სტაბილურ გზად მიიჩნევს - ანუ, რომ ეს იყოს ქვეყანა, რომელიც ზურგს არ შეაქცევს არც აღმოსავლეთს, და არც დასავლეთს. ზამთარში, ევრომაიდანზე გამართულმა საპროტესტო აქციებმა დაგვანახვა, რომ დასავლეთუკრაინელებს მთელი გულით სურთ ევროპის ნაწილად იქცნენ. აღმოსავლეთ უკრაინაში კი, ქუჩაში გამოსული რუსულენოვანი მოსახლეობა, თუნდაც ის მოსკოვიდან იმართებოდეს, რუსეთთან ძლიერ კავშირს გრძნობს. ასე რომ, ხუთშაბათს მიღწეულ შეთანხმებას, თუ სამწყობრო ტერმინოლოგიას მივმართავთ, შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია გავუკეთოთ: ბრძანება „სმენა“ შეიცვალა ბრძანებით - „თავისუფლად“.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ბიბისის მიმომხილველი აანალიზებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოთხსაათიან სატელევიზიო გამოსვლას, რომელიც 17 აპრილს გადაიცა პირდაპირი ეთერით. ანალიზის ავტორი, სხვათა შორის, აღნიშნავს: „პარანოია, თითქოს დასავლეთი სულ იმაზე ფიქრში იყოს, რომ როგორმე დაასუსტოს რუსეთი, პუტინის არაერთ პასუხში დავინახეთ. მან, მაგალითად, აღიარა, ყირიმის მიერთება ჩვენთვის ეროვნული თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანი იყოო; თორემ სხვაგვარად ყირიმში ნატო შემოიჭრებოდა და რუსეთს განდევნიდა შავი ზღვის რეგიონის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მოსკოვის კუთვნილი პოზიციიდანო. მაგრამ ბატონი პუტინის დამოკიდებულება დასავლეთისადმი ერთმნიშვნელოვანი როდია. მას დასავლეთთან მეგობრობის აღდგენაც სურს. და, როგორც ჩანს, ასეთივე სურვილი ამოძრავებს, რუსეთის ბევრ რიგით მოქალაქესაც.“

გერმანიის „ტაგესცაიტუნგი“ კრიტიკულად აფასებს უკრაინის კრიზისისადმი ევროპის კავშირის დამოკიდებულებას და მას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. კერძოდ, გაზეთი წერს: „დაუშვებელია, უპირობოდ უჭერდე მხარს ქვეყნის მმართველობას, რომელიც ამბოხებულების - ანუ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ - ანტიტერორისტულ შენაერთებს აგზავნის. რატომ არ წაუყენა ევროკავშირმა უკრაინის ლიდერებს კონკრეტული პირობები საფინანსო დახმარების სანაცვლოდ? კარგ დიპლომატიასთან ამას არაფერი აქვს საერთო.“

„ქრისჩენ საიენს მონიტორს“ მოჰყავს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელს მოსაზრებები უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. ჰეიგელის თქმით, რუსეთის მიერ ბოლო ორი თვის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები არ მხოლოდ ხელყოფს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენობას, არამედ „სახიფათოდ უპასუხისმგებლოც“ არის. როგორც პენტაგონის მესვეური დასძენს, რუსეთის ქმედებებზე პასუხად აშშ-ის მიერ მიღებული ზომები არც რუსეთის პროვოცირებას ისახავს მიზნად, და არც მის დამუქრებას. მინისტრის თქმით, ამ ზომების მიზანია, ყველას დაანახვოს ნატოს ერთგულება კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის საფუძველზე. ანუ, როგორც ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, თავდასხმას ნატოს რომელიმე წევრზე ალიანსი ყველას წინააღმდეგ იერიშად განიხილავს.“
XS
SM
MD
LG