Accessibility links

logo-print

რუსეთი „აღშფოთებულია“ უკრაინაში სროლის გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღშფოთებულია“ აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს დილით მომხდარი სროლის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამინისტროს აზრით, ქალაქ სლავიანსკთან, გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმა წარმოადგენს უკრაინის მთავრობის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ზავის დარღვევას და აჩვენებს, რომ კიევში მყოფ მთავრობას არ აქვს „ნაციონალისტების და ექსტრემისტების“ განიარაღების ნება. თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის ორ საათზე მოხდა. გამშვებ პუნქტს რამდენიმე მანქანა მიუახლოვდა და როგორც იუწყებიან, მანქანების მგზავრებმა ცეცხლი გაუხსნეს გამშვებ პუნქტზე განლაგებულ პრო-რუსულ ძალებს. მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება - უკრაინის მთავრობის განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. რუსეთის ტელევიზია „როსია 24“ კი აცხადებს, რომ მოკლულია ხუთი ადამიანი - სამი პირი გამშვები პუნქტის დამცველი ძალებიდან და ორი თავდამსხმელებიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავდასხმაში ბრალს სდებს უკრაინის ნაციონალისტურ ჯგუფს, „მემარჯვენე სექტორს“. ამ ორგანიზაციას მოსკოვი წარსულშიც ხშირად ადანაშაულებდა უკრაინაში მღელვარების გამოწვევაში.
XS
SM
MD
LG