Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთობლივი მისიის განცხადებით, განადგურებულია სირიის ქიმიური იარაღის 80 პროცენტი


საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, სირიის მთავრობის ქიმიური იარაღის არსენალის დაახლოებით 80 პროცენტი ქვეყნიდან გატანილი ან განადგურებულია. გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივი მისიის განცხადების თანახმად, ეს პროგრესი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა დაკმაყოფილდეს მთავრობის ქიმიური იარაღის პროგრამის დაშლისთვის დაწესებული ბოლო ვადა. საამისოდ ივნისის ბოლოა შერჩეული. მიმდინარე წელს, მთავრობასა და მეამბოხეებს შორის მიმდინარე ბრძოლის ფონზე, სირიამ ვერ დააკმაყოფილა რამდენიმე ვადა, რომლებიც დაწესებული იყო ქვეყნიდან მისი ქიმიური იარაღის ნაწილის გატანისთვის. მას შემდეგ, რაც შარშან აგვისტოში, დამასკთან ახლოს, ქიმიური იარაღით მიტანილ იერიშს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, სირიის რეჟიმი - რომელიც აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს უფრთხოდა - დათანხმდა მისი ქიმიური იარაღის პროგრამის განადგურებას. სირიის მეამბოხეების მხარდამჭერი აშშ-სა და სირიის მთავრობის მოკავშირის, რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, სირიამ თავისი ქიმიური იარაღის მთელი მასალები 30 ივნისამდე განადგურებისთვის უნდა დათმოს. კონფლიქტის მსვლელობისას მეამბოხეები და მთავრობა ერთმანეთს სდებენ ბრალს ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
XS
SM
MD
LG