Accessibility links

logo-print
13 აპრილი, კვირა
კვირა, ისევე როგორც შაბათი, მარიამისა და სამუშაო დღეებში მორჩენილი, ვერგაკეთებული საქმეების დღეა.

ბოლო ერთი წლისა და რვა თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დილას მშიერი მარიამის ხმა მაღვიძებს. დღესაც ასეა. ათის ნახევრისთვის ვდგებით, ფაფას ვამზადებთ. საუზმის მერე ზაზას ვაღვიძებთ, ახლა ჩვენ ვსვამთ ჩაის და 11-ისთვის მუშტაიდის პარკში ვართ. ეს მარიამის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ზუსტად იცის, რომელ ატრაქციონზე უნდა დაჯდომა და რიგრიგობით მივყავართ ჯერ მატარებელთან, მერე ნავებთან, ცხენებზე, მანქანებთან და ისევ ცხენებზე. აქ კვირაში ერთხელ მაინც მოდის, ხან ჩვენთან, ხან ბაბუასთან ერთად, და ყველა კუთხე-კუნჭული ათვისებული აქვს.

ძალიან სასაცილოა ასეთი ადგილები, სადაც ბავშვები და მათი პატრონები იყრიან თავს. ხვდები, რომ მიუხედავად ადამიანების განსხვავებულობისა, არსებობს რაღაცები (უძილო თვალები, მშობლის შიშები, ბავშვების პრეტენზიები, სილაღე და თავისუფლება, ბებია-ბაბუების გადამეტებული მზრუნველობა და ა.შ.), რაც ყველა ბავშვიან ოჯახს აერთიანებს.

მუშტაიდიც ნორმალურად არის გაკეთებული და მისი არსებობა ორმაგად გასახარია იმის ფონზე, რომ თბილისში ძალიან ცოტა უსაფრთხო და გამწვანებული ადგილია ისეთი, სადაც ბავშვის წაყვანა შეიძლება. მათგან იდეალური არც ერთი არაა: კუს ტბაზე კარგ ამინდში ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია, მთაწმინდის პარკი ორსაათიანი გასეირნებისთვის შორია, დედაენის პარკის ნახევარზე მეტი იუსტიციის სახლის მშენებლობამ შეიწირა, ვაკის პარკი გადათხრილია, ზოოპარკიც ვერ არის მთლად იდეალურ მდგომარეობაში...

საერთოდ, მას შემდეგ, რაც მარიამი გვყავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდები, რა მოუხერხებელია ეს ქალაქი საცხოვრებლად. ეტლით მოძრაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ტროტუარები ან დაზიანებულია, ან მანქანებს აქვს ოკუპირებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაადაპტირებული, ჭუჭყიანი და მუდამ გატენილია, კაფეებში არამწეველების ადგილები, როგორც წესი, არ არის და ასე დაუსრულებლად.

მუშტაიდიდან სახლისკენ ბზის ზღვაში ვხვდებით. ვერ ვიგებ, რატომ არის ასეთი ძნელი, გაკონტროლდეს ბზის და ნაძვის ჩეხვა დღესასწაულებისას. რატომ არ ამბობს, მაგალითად, უდიდესი გავლენის მქონე საპატრიარქო, რომ ღმერთს არ უხარია, როცა მისი სახელით ანადგურებენ წითელ წიგნში შეტანილ მცენარეებს ან რატომ არ იჩენენ სათანადო სიმკაცრეს სახელმწიფო სტრუქტურები.
14 აპრილი, ორშაბათი
წინა ორი კვირა გაურკვეველ და ძალიან აგრესიულ ვირუსთან ბრძოლაში გავატარე. შესაბამისად, ბევრი საქმე დამიგროვდა. დილას სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ვცდილობ მათ დალაგებას პრიორიტეტულობის მიხედვით და კომპიუტერის ჩართვისას უკვე ვიცი, რომ ჯერ მომდევნო ერთი წლის ვებმარკეტინგის ბიუჯეტი უნდა გავაკეთო იმ კომპანიისთვის, რომელთანაც ახლა ვთანამშრომლობ ციფრული მედიის სპეციალისტის რანგში, მერე მასწავლებლის გაზეთისთვის პოსტი დავწერო უორკშოპზე, რომელიც თბილისში არსებულ ვაკანტურ სივრცეებს ეძღვნებოდა, სხვა გაზეთისთვის გავშიფრო წინა კვირაში ჩაწერილი ორი ინტერვიუ, ბანკში და პირად ექიმთან შევირბინო და არ დავკარგო იმედი, რომ ამ ყველაფერს დღეს თუ არა, ხვალ, დღის ბოლომდე მაინც გავაკეთებ.

სამუშაოდ განკუთვნილი რვა საათი, ცხადია, სრულიად შეუმჩნევლად გადის. მივდივარ მარიამის გამოსაყვანად, რომელსაც სამუშაო დღეებში ბებია-ბაბუა პატრონობს.

მარიამმა იცის, რომ საღამოს დედა მოდის და ზარის ხმაზე კართან ჩნდება. ჩემ მაგივრად ვინმე სხვა თუ ესტუმრათ, იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა. მე ხელს მკიდებს, ბებია-ბაბუას ემშვიდობება და ფეხით მოვსეირნობთ სახლისკენ. ეს ჩვენი საღამოების საყვარელი რიტუალია. საერთოდ, მეც და მაროც მომთაბარე ტომის წევრები ვართ. თუ გვინდა, კარგ გუნებაზე ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გავატაროთ შენობებს გარეთ. მერე სახლში სასიამოვნოდ დაღლილები მივდივართ და თავაზიანად ვუღიმით ერთმანეთსაც და ზაზასაც.

15 აპრილი, სამშაბათი
დღე ძალიან ადრე დაიწყო, ღამის 4 საათზე. მარიამმა ტირილით გაიღვიძა და ვეღარაფრით დაიძინა. 4-დან 5 საათამდე იმედი მქონდა, რომ დავაძინებდი, ჩავეხუტე, ვეფერებოდი - უშედეგოდ. 5-დან 6 საათამდე სასო წარმეკვეთა და ტირილში გავატარე, 6-დან 7 საათამდე სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, რომ მარტო ჩემ თავსა და უძილობაზე ვტიროდი, მივხვდი, რომ ის პატარაა და თავიდან შევეცადე, რამენაირად დამეძინებინა. ბოლოს კაპიტულაცია გამოვაცხადე, ზაზას გადავაბარე, სამზარეულოში შევიკეტე და მცენარეული ჩაი გავიკეთე - ამბობენ, ამშვიდებსო. დაახლოებით საათნახევარში მეორე ოთახში სიწყნარემ დაისადგურა.

კომპიუტერს ვრთავ. სანამ მე და მარო უძილობას ვებრძოდით, ინტერნეტში ახალი ვირუსული ვიდეო გავრცელებულა ონლაინ-გასაუბრებაზე, რომელიც არჩევდა ადამიანს 24/7-ზე გრაფიკით სამუშაოდ ანაზღაურების გარეშე. რამდენიმეწუთიანი ვიდეოს ბოლოს აღმოჩნდება, რომ ასეთი ხალხი დედები არიან, მთელი ცხოვრება სრულიად უანგაროდ რომ მუშაობენ.

ვიდეო ჩემს მეგობრებსაც აქვთ გაზიარებული გულის სმაილებით და უწი-პუწი ფრაზებით. არ ვიცი, უძილო ღამის ბრალია თუ, ზოგადად, ჩემი მგრძნობიარე ხასიათის, მაგრამ არანორმალური მეჩვენება მსგავსი ვიდეორგოლებით გულაჩუყებული ადამიანები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში უჭირთ იმის გაგება, რომ მეილზე მყისიერად შეიძლება იმიტომ არ ვუპასუხო, რომ ამ დროს ბავშვს ვუვლი, ან თმა თუ შესაჭრელი მაქვს, ეს იმის ბრალია, რომ ისედაც დეფიციტური თავისუფალი დროის სალონში გატარებას ძილი მირჩევნია, სადმე დაგვიანებასაც ყოველთვის აქვს ობიექტური მიზეზი და აქცენტი ამ ყველაფერზე ვერაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ ისედაც გადაღლილი ადამიანი შეიძლება გააღიზიანო.

შეიძლება სულ ტყუილად ვბრაზდები და ვთხოვ ადამიანებს ერთმანეთის გაგებას, ვინ იცის...

ფეხაკრეფით შევდივარ მეორე ოთახში, რომ სამსახურში წასვლამდე რამდენიმე წუთით მაინც დავიძინო.

ოფისში მისული, ინტერვიუების გაშიფვრას ვიწყებ. ინტერვიუები ერთ-ერთია ჩემი საყვარელი საქმიანობებიდან. ხვდები სრულიად სხვადასხვა ადამიანებს, ესაუბრები მათ საქმიანობაზე, ხვდები მათ დამოკიდებულებას რიგი საკითხებისადმი, მერე ყველაფერს ისე ალაგებ, რომ მისი სათქმელი და შენი დასკვნები მკითხველისთვის გასაგები იყოს და არჩევ ახალ თემას სამუშაოდ. ამჯერად Dr. Love-თან და ვატო წერეთელთან მქონდა ინტერვიუები. Dr. Love, იგივე ბაჩა, ქუჩის არტით არის დაკავებული და, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგ რამეებს აკეთებს. ვატო მხატვარი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელია, მისი სული და გული.

16 აპრილი, ოთხშაბათი
ჩემი ინტერნეტჟურნალისთვის ეპოქალური დღეა. პირველად მისი არსებობის განმავლობაში განვათავსეთ რეკლამა. იმედია, გაგრძელება იქნება...

ეს ჟურნალი მცირეწლოვანია, გასული წლის შემოდგომაზე გავაკეთე, და ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვრწმუნდები, რომ მისი შექმნა კარგი იდეა იყო. თვის განმავლობაში 50-დან 80 ათასამდე ადამიანი ხვდება აქ. ამ რაოდენობის ხალხს უყვები შენთვის მნიშვნელოვან და მათთვის საინტერესო ამბებს, ცდილობ იმ ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრებას, რომელზე დაყრდნობითაც, შენი აზრით, ცხოვრება უფრო საინტერესო და სასიამოვნოა. დღის ბოლოს გამოხმაურებებს ვათვალიერებ ხოლმე და არ მშორდება განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ.

მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც უყვართ share ღილაკები. ბევრი წლის წინ ბლოგიც ამავე მიზეზით შევქმენი და სოციალური ქსელებიც იმიტომ შევიყვარე, რომ მქონოდა საშუალება ჩემთვის მნიშვნელოვან თემებზე არა მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების ვიწრო წრეში მელაპარაკა. ვთვლი, რომ რაიმე ცოდნა მაშინ არის ღირებული, როცა მას სხვებს უზიარებ და ცოტა ვბრაზდები მათზე, ვინც ინფორმაციის გაზიარების ნაცვლად მათ კონსერვაციას ახდენს.

იმდენად ბევრი დამახინჯებული და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში, იმდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს განათლებისა და განვითარების მხრივ, მგონია, რომ ვისაც ვინმესთვის რაიმეს ახსნა და გაგებინება შეუძლია, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. თანაც, მტკიცედ მჯერა, რომ ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა და დაწერილი ფრაზა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხვდება ნოყიერ ნიადაგზე.

მე სულ ასე ვიყავი: ბევრს და ხარბად ვკითხულობდი, ვიცნობდი და ვუსმენდი ახალ-ახალ ადამიანებს, დავდიოდი ყველგან, სადაც ვფიქრობდი, რამე საინტერესო მელოდა, რომ რაც შეიძლება მეტი გამეგო.

ვიღაცებმა და რაღაცებმა პრინციპული ცვლილებების მოხდენა შეძლეს, დიდი როლი ითამაშეს. ეს ხალხი, ეს ნაწერები რომ არ შემხვედროდა, დასანანი იქნებოდა.

ვიღაცისთვის შეიძლება ჩემი ჟურნალი იქცეს იმ ძალად, რომელიც დაარწმუნებს, რომ სილამაზის სტანდარტიზაცია ცუდი რამეა, ხელოვნება მუზეუმებიდან დიდი ხანია გარეთ გამოვიდა, გაცილებით ყოფითი გახდა და მას ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეხვდე; სხვა ადამიანს პატივი უნდა სცე, საინტერესო ხელოვნები საქართველოშიც მრავლად არიან, კულტურა მარტო თეატრის სიყვარული არ არის, ის საინტერესო ჩაცმულობასა და კარგად მომზადებულ გემრიელ საკვებშიც ჩანს და ა.შ.

რატომაც არა.

17 აპრილი, ხუთშაბათი
გაღვიძებისთანავე ვხვდები, რომ ოთხდღიანი დასვენება კარზე მოგვადგა, მე კი არანაირი გეგმა არ მაქვს. ვრეკავ ტიმოთესუბანში, სადაც ზაფხულში ვისვენებდით და სადაც მგონია, რომ ბავშვიანი ოჯახებისთვის საუკეთესო გარემოა როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი დასვენებისთვის. ჩემი ზარი დაგვიანებული აღმოჩნდა: ყველა ეკო-კოტეჯი დაკავებულია.

საქართველოში დასასვენებელი ადგილების სიმწირე ისეთივე მტკივნეული თემაა, როგორც თბილისში ბავშვის გასართობი საჯარო სივრცეების დეფიციტურობა. ისეთი ადგილები, სადაც კომფორტულად დაისვენებ, ცოტაა და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ქართული რეალობისთვის ძვირ, არაკომფორტულ გარემოში ბავშვთან ერთად წასვლა დასვენება კი არა, თვითმკვლელობაა. უბავშვებოდ სადმე წასვლა მშობლისთვის სევდას და მონატრებას იწვევს, დასვენება აღარ გამოდის და ასე. მგონი, იდეალური გამოსავალი სადმე, თბილისს გარეთ, საკუთარი სახლის ქონაა. ისე, საინტერესოა აღდგომას თბილისში ყოფნა-არყოფნის საკითხი. წლების წინ ჩემი ნაცნობების უმეტესობა სიამოვნებით აკეთებდა აქცენტს სააღდგომოდ დაცლილი თბილისის სიკეთეზე, მერე პირი შეკრეს და თქვეს, რა უბედურებაა დაცლილი ქალაქით ტკბობაო. ვერ ვხვდები, რატომ არ გამოგვდის ინდივიდუალური აზროვნება და ქცევა, რატომ არ შეიძლება ვიღაცას გათავისუფლებულ ქუჩებში სეირნობა მოსწონდეს, ვიღაც სუფთა ჰაერზე ტკბებოდეს და ისინი ერთმანეთისთვის ან ვიღაც სხვა, მესამისთვის, პრობლემას არ წარმოადგენდნენ.

წვრილმანი საქმეების მოგვარების შემდეგ საყიდლებზე მივდივარ. ამ ქალაქის ბინადრების სადღესასწაულო მადის გათვალისწინებით, წინასააღდგომო დღეებში ყველა სუპერმარკეტი გატენილი იქნება. ამიტომ ჯობია, მომდევნო დღისთვის საჭირო წვრილმანები დღესვე ვიყიდო. პროდუქტებთან ერთად კვერცხის საღებავ ფერად სითხეებს ვყიდულობ. წითლად კვერცხებს ჩვენი მშობლები ღებავენ, ამით კი მე და მარიამი შევიქცევთ თავს ხვალ საღამოს.


სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ჩვენს პარლამენტში მშვენიერი ქალიც ყოფილა: ჩემი სამეგობრო ერთხმად არის აღფრთოვანებული ნინო გოგუაძის გამოსვლით ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას. სიტყვა, რომელსაც ქალბატონი ამბობს, მართლაც ძალიან მაგარია და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ხმამაღლა და ხშირად თქმა, რომ უმცირესობების უფლებები არ არსებობს, არსებობს ადამიანის უფლებები და ის დაცული უნდა იყოს. იმედი მაქვს, ბევრმა მოისმინა და სწორად გაიგო ნათქვამი. მეორეს მხრივ, არ მტოვებს ერთგვარი სიბრალული საკუთარი თავისა და საზოგადოების მიმართ, რომ ასეთი ლოგიკური განცხადებები, ცალსახა ჭეშმარიტებები სანატრელი გვაქვს და ასე გვიხარია. მინდა, ისე ვიცხოვროთ, რომ დაგებული გზა და ადამიანის დაცული უფლებები ფუფუნება კი არა, ჩვეულებრივი მოცემულობა იყოს.

18 აპრილი, პარასკევი
ზოგჯერ, განსაკუთრებული რელიგიური დღესასწაულების წინ, ვხვდები, რომ სრულიად ცალკე დავდექი რიტუალებისგან. არ დავდივარ ღვთისმსახურებაზე და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ღმერთს ლოკაცია არ აქვს, ის არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ყველგანაა და იმასაც ვაყოლებ ხოლმე, რომ მთავარია არა კონკრეტული წესების დაცვა, არამედ კეთილსინდისიერად ცხოვრება და გარშემომყოფების სიყვარული. უმეტესად მგონია, რომ მართალი ვარ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რუტინაც აუცილებელია და, ალბათ, მთელი ეს ვნების კვირა ეკლესიაში რომ მევლო, სახარება და ფსალმუნები მესმინა, უფრო მძაფრად შევიგრძნობდი აღდგომის სიხარულს.

მერე სასეირნოდ მივდივართ და ვფიქრობ, რომ ისედაც სულ ვგრძნობ სიხარულს, რომ ერთმანეთი გვყავს და გვიყვარს, ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვართ, გარეთ მზეა, წინ - დასვენების კიდევ სამი დღე და ა.შ. გზაში მარიამი ჩხუბობს, უნდა, ხელში მაინცდამაინც მე ავიყვანო. მერე ეცემა, მერე ცხოველების მაღაზიაში შედის და ცდილობს, აკვარიუმში ხელი ჩაყოს, ზღვის გოჭს რაღაცას ელაპარაკება. ზურგს უკან ვხვდები, რომ ჩვენს თავზე გამყიდვლის რისხვის ღრუბელი იზრდება, გამოვდივართ და სახლში მოვდივართ ბუზღუნ-ბუზღუნით.

გვიან საღამოს ტიმოთესუბნიდან გვირეკავენ, რომ ერთი კოტეჯი გათავისუფლდა, შეგვიძლია წავიდეთ.

19 აპრილი, შაბათი
ადრე მეღვიძება, ჩაის ვადუღებ და ვკითხულობ, რას ვწერდი წინა კვირის განმავლობაში. წერის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ბალანსი უნდა დამეცვა და არ მეწერა ძალიან ბევრი, მაგალითად, ჩემს შვილზე, არ მელაპარაკა ბევრი პრობლემებზე. საერთოდ, რაც დრო გადის, ვხვდები, როგორ იზრდება პასუხისმგებლობა საკუთარ ნაწერებთან დაკავშირებით. ალბათ ეს ზრდასრულობისთვის დამახასიათებელი თვისებაა - გაცნობიერება ყველა ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის მნიშვნელობისა.

ჩემი ოჯახის ორივე წევრს სძინავს. ჯერ ისევ არ ვიცი, მომდევნო სამ დღეს სად გავატარებ: დაცლილ თბილისში თუ ჩემს საყვარელ ნაძვისსუნიან კოტეჯში.

ვინმემ რომ მკითხოს, ოჯახის თანმხლები ყველაზე დიდი სირთულე რა არისო, დაუფიქრებლად ვეტყვი, რომ გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა. მე, ერთი მხრივ დედა, რომელიც უშვილოდ დიდხანს ვერ ძლებს, მეორე მხრივ იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებსაც შეუძლიათ კარვით და ზურგჩანთით, დაუსრულებლად იხეტიალონ მანამ, სანამ ფეხსაცმელი არ გაუცვდებათ ან თბილ ამინდს ცივი არ შეცვლის. ამიტომაც მაწუხებს რეჟიმი, როცა სადმე წასასვლელად დარეკვა, დაჯავშნა, ათასი წვრილმანის ჩალაგება და გათვალისწინება მჭირდება.

ამ ეტაპზე იმედი, რომლითაც ვიკვებები, ასე გამოიყურება: მარიამი მალე გაიზრდება, მას ისევე ეყვარება სიარული, როგორც მე, და ჩვენ ერთად გავივლით იმ გზებს, რაც მის არსებობამდე მარტომ გავიარე. მერე ახალ გზებს და ადგილებსაც აღმოვაჩენთ და მერე, როცა კიდევ უფრო დიდი იქნება, უკვე თვითონ ივლის მისთვის სასურველ გზებზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG