Accessibility links

ორმა პოლიტიკურმა ძალამ გაასაჩივრა გორის საოლქო კომისიის 19 აპრილის გადაწყვეტილება გორის მერობის კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის დარეგისტრირების თაობაზე. მომჩივანთა მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მოთხოვნას. საბოლოო სიტყვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა თქვას, თუმცა შედეგი უკვე სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ კომისიას სადავო მონაცემების გადამოწმების საშუალება არა აქვს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 167-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ”მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში”.

სწორედ სამშობლოში ცხოვრების აუცილებელ 2-წლიან სტაჟს უკავშირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული ორი საჩივარი. მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” და ”სახალხო პარტია” გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ. ამ ორი პოლიტიკური ძალის ლიდერებმა - სერგო ჯავახიძემ და მამუკა გიორგაძემ - ერთმანეთისგან დამოუკიდებლედ იმოქმედეს და საჭიროდ ჩათვალეს შეეხსენებინათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის,
ამ ქვეყანაში ყველას ყველაფერი არ უნდა ეპატიოს და ერთხელ და სამუდამოდ კანონის მიმართ პატივისცემა უნდა დამყარდეს. და მეორე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის უფლება-მოვალეობების საკითხი...
რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში. როგორც, მაგალითად, ”სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მის განცხადებას საფუძვლად ერთგვარი მორალურ-პოლიტიკური გარემოება უდევს:

”ამ ქვეყანაში ყველას ყველაფერი არ უნდა ეპატიოს და ერთხელ და სამუდამოდ კანონის მიმართ პატივისცემა უნდა დამყარდეს. და მეორე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის უფლება-მოვალეობების საკითხი. ოქრუაშვილს არ უცხოვრია მუდმივად ბოლო ორი წელი საქართველოში - ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. აქ საკითხი ასე დგება: ხელისუფლებას, რომელსაც ექვემდებარება ცესკო, თუ აქვს სურვილი, რომ თვალი დახუჭოს ამ პროცესებზე, კი ბატონო, დახუჭოს, მაგრამ საზოგადოება და „სახალხო პარტია“ არ აპირებს თვალის დახუჭვას”.

თავად ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც მამუკა გიორგაძე ძველი ხელისუფლების ნაწილად მოიხსენიებს და რომელიც, სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლების მფარველობის ქვეშაც ეგულება, ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ 7 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში თქვა, რომ საცხოვრებელ ცენზთან დაკავშირებული დებულება საარჩევნო კოდექსში სწორედ მისი ხელშეშლის მიზნით შევიდა:

”მეხება მხოლოდ მე. არ მინდა ტრაბახივით გამომივიდეს, რომ ეს მაინცდამაინც მე მეხება, მაგრამ ფაქტი ასეა. არა მგონია, რომ ასლან აბაშიძის შვილისთვის ან ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის იყოს ეს კანონი შემოღებული. მე პოლიტიკოსი არ მახსენდება, ვინც ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, ჩემ გარდა, რომელსაც ასეთი სურვილი გამოეთქვას - ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა”.
ძალიან შეზღუდული ვადებია საარჩევნო პერიოდში, ზოგადად, გადაწყვეტილების მიღებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში. ასე რომ, ჩვენ იმდენი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ყველაფრის შემოწმება მოხდეს...

ერთი სიტყვით, ტელეკომპანია ”იმედის” თოქშოუ ”რეაქციაში” ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ, დიახაც, ის ბოლო 2 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში, მაგრამ ასევე თქვა, რომ კანონში გარკვეული ხვრელები არსებობს, რაც მას საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს ორწლიანი საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნას და გორის მერად იყაროს კენჭი. ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე კი ვხვდებით მის მიერ შევსებულ განაცხადს, სადაც შეკითხვაზე - ”ცხოვრობთ თუ არა საქართველოში არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად?”, ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს - ”დიახ”, რითაც ეწინააღმდეგება თავისსავე ნათქვამს თუნდაც მხოლოდ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.

რაც შეეხება ცენრტალურ საარჩევნო კომისიას, სპიკერის, ეკა აზარიაშვილის, თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაინიშნება კომისიის სხდომა ორი პოლიტიკური ძალის საჩივრების განხილვის მიზნით. თუმცა ჩნდება შეკითხვა, აქვს კი აზრი კომისიის სხდომის დანიშვნას მაშინ, როდესაც, თუკი ეკა აზარიაშვილის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ შეძლებს გადაამოწმოს ამა თუ იმ კანდიდატის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა:

”ძალიან შეზღუდული ვადებია საარჩევნო პერიოდში, ზოგადად, გადაწყვეტილების მიღებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში. ასე რომ, ჩვენ იმდენი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ყველაფრის შემოწმება მოხდეს. გადამოწმების ბერკეტებთან დაკავშირებითაც, ალბათ, ცესკო იმსჯელებს საჩივრების განხილვის დროს”.

როგორც ირკვევა, ასევე გადამოწმების გარეშე, წარდგენილი დოკუმენტების შინაარსით იხელმძღვანელა გორის საოლქო საარჩევნო კომისიამაც. როგორც კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, კომისია ვერ გამოიკვლევდა ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ცხოვრების ცენზის საკითხებს.
XS
SM
MD
LG