Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყდრისი - არქეოლოგის წერაქვიდან ექსკავატორამდე


საყდრისის მაღარო
საყდრისის მაღარო
საყდრისის საბადოს გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები, რომლებიც რამდენიმე დღეა ბოლნისის რაიონში იმყოფებიან, ამტკიცებენ, რომ საბადოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მადნის უკანონო მოპოვება, რაც ანგრევს და განადგურების საფრთხის ქვეშ აყენებს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლს, თუმცა ბრალდებას უარყოფს კომპანია RMG Gold-ი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნით ხელმძღვანელობს და საყდრისს არ მიიჩნევს უძველეს ოქროს მომპოვებელ მაღაროდ. ვითარების შესწავლის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბოლნისის რაიონში სპეციალისტები გაგზავნა. ადგილზე ჩასვლას აპირებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც. რა ხდება საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე?

საყდრისის საბადოს გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები თითქმის ერთი კვირაა, რაც ბოლნისის რაიონში იმყოფებიან. მათი მცდელობა, შეეცვალათ დისლოკაციის ადგილი და დაკვირვებისთვის ხელსაყრელ ადგილზე გადასულიყვნენ, მადნის მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის დაცვის წევრებთან დაპირისპირებით დასრულდა.

საყდრისის საბადოს გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები ამტკიცებენ, რომ კომპანია RMG Gold-ი, მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნა გასაჩივრებულია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაინც აგრძელებს არქეოლოგიური ობიექტის ტერიტორიაზე მადნის მოპოვებას. რადიო თავისუფლება ბოლნისის სტუდენტური მოძრაობის - „მწვანე მუშტის“ -წარმომადგენელს, მარიამ გურგენიძეს დაუკავშირდა:
უშუალოდ გვირაბებს არ ეხებიან, ძველ მაღაროს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ბორცვის ნაწილია, ამ ბორცვის შიგნით არის ეს მაღარო. შესაბამისად, თუ ამ ბორცვიდან აღარაფერი დარჩა, თავისთავად ჩამოინგრევა მაღაროს ნაწილიც...
მარინე მიზანდარი

„ჩვენ ვიმყოფებით იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს საშუალება დავაფიქსიროთ, კომპანიის სამუშაოები უშუალოდ ძეგლზე მიმდინარეობს თუ არა, და კარავიც ისეთ ადგილზე გვაქვს გაშლილი, რომ მაღაროს ტერიტორია კარგად ჩანს და თუ რაიმე საეჭვო მოქმედება შესრულდება, ვცდილობთ შევაჩეროთ და არ დავანგრევინოთ ძეგლი. რისი საშუალება და ძალაც გაგვაჩნია, იმას ვაკეთებთ და ჯერჯერობით კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. იმედია, არ მიგვიყვანენ იმ ზომამდე, რომ რამე რადიკალურ ფორმებს მივმართოთ“.

სტუდენტური მოძრაობისა და საყდრისის საბადოს გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან ერთად საყდრისი-ყაჩაღიანის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარინე მიზანდარი:

„უშუალოდ გვირაბებს არ ეხებიან, ძველ მაღაროს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ბორცვის ნაწილია, ამ ბორცვის შიგნით არის ეს მაღარო. შესაბამისად, თუ ამ ბორცვიდან აღარაფერი დარჩა, თავისთავად ჩამოინგრევა მაღაროს ნაწილიც. ...კულტურის სამინისტრომ დანაშაულებრივი როლი ითამაშა და, ფაქტობრივად, მწვანე შუქი მისცა ამ სამუშაოებს, მაგრამ მაინც უნებართვოდ მიმდინარეობს ეს სამუშაოები, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროს პირობა იყო საერთაშორისო მონიტორინგის დაწყება. და კიდევ: გასაჩივრებულია კულტურის სამინისტროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ყაჩაღიანის მაღაროში ოქროს მოპოვება არ დასტურდება“.

ის გარემოება, რომ დასკვნა გასაჩივრებულია, არსებითად ცვლის ვითარებას. ასე ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, სულხან სალაძე:
კომპანიას აქვს სრული უფლება მუშაობის, ანუ სამუშაოს ნებართვა მიღებული აქვს კულტურის სამინისტროდან, მაგრამ ჩვენ შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ იქ, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანულ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია, კომპანია არაფერს ახლებს ხელს, ვიდრე არ ჩამოვა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი...
ნიკოლოზ ანთიძე

„როგორც ჩემთვის ცნობილია, მინიმუმ ორი ადმინისტრაციული სარჩელია წარდგენილი საქართველოს მთავრობაში. გასაჩივრდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა საყდრისი-ყაჩაღიანში. გასაჩივრება კი ავტომატურად იწვევს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას, ანუ ვიდრე მთავრობა არ გადაწყვეტს, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო თუ არ იყო კანონიერი, მანამდე ნებისმიერი სახის სამუშაოს წარმოება იქ არის მიუღებელი და უკანონო“.

სულხან სალაძის თქმით, მთავრობა ვალდებული იყო თავად ეცნობებინა კულტურის სამინისტროსა და RMG Gold-ისათვის, რომ საჩივრების განხილვამდე სადავო უბანზე არანაირი სამუშაო არ უნდა შესრულებულიყო. ვითარების შესწავლის მიზნით, როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლზ ანთიძემ უთხრა, ბოლნისის რაიონში სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი გაემგზავრა:

„კომპანიას აქვს სრული უფლება მუშაობის, ანუ სამუშაოს ნებართვა მიღებული აქვს კულტურის სამინისტროდან, მაგრამ ჩვენ შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ იქ, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანულ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია, კომპანია არაფერს ახლებს ხელს, ვიდრე არ ჩამოვა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი. ჩემი ინფორმაციით, კომპანია სულ სხვა ტიპის სამუშაოს ასრულებდა და თანაც არა ამ ტერიტორიაზე. მიმდინარეობდა გზის სამუშაოები, სამშენებლო მოედნის მომზადება... თუმცა ამ ყველაფრის გადასაზუსტებლად სააგენტოდან გავუშვით სპეციალისტები ბოლნისის რაიონში და ისინი მოგვაწვდიან სრულ ინფორმაციას“.

საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვი
საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვი
ნიკოლოზ ანთიძის თქმით, საერთაშორისო ექსპერტები დაახლოებით ათ დღეში ჩამოვლენ საქართველოში. კომპანია RMG Gold-შიც ამტკიცებენ, რომ მკაცრად იცავენ კანონსა და სააგენტოსთან მიღწეულ შეთანხებას. ფრაგმენტი კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან:

„კომპანია საყდრისის საბადოზე მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას კანონმდებლობის, სათანადო კომპეტენციის მქონე სახელმწიფო აღმასრულებელი სტრუქტურების სამართლებრივი აქტების, წიაღისეული რესურსების ათვისების და საწარმოო გეგმების, აგრეთვე მისთვის განსაზღვრული ვალდებულებების საფუძველზე“.

21 აპრილს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 22 აპრილს ბოლნისის რაიონში ჩასვლას და ვითარების ადგილზე შესწავლას აპირებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG