Accessibility links

logo-print

ყირიმი - დასასრულის დასაწყისი?


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების გამო მსოფლიოში ბევრი დაიწერა და მრავალგვარი მოსაზრება გამოითქვა. მომავალშიც კიდევ ბევრი დაიწერება და ითქმება. რა მოჰყვება ყოველივე ამას, გაგრძელდება თუ არა უკრაინის ანექსია, რას მოიმოქმედებს რუსეთი და მერე ამაზე რა რეაგირებას მოახდენს დასავლეთი - ევროპა და აშშ? რა სანქციებს აამოქმედებს?.. კითხვა ბევრია. მთავარი კი, ალბათ, მაინც ისაა, იქნება თუ არა ომი? სამოქალაქო თუ მსოფლიო ომი? კიდევ უფრო მთავარი საკითხი - საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს რუსეთი თუ მისი მოწინააღმდეგე? და სულ ბოლოს უმთავრესი კითხვა: ჩვენ სადა ვართ ამ დროს, რას ვშვრებით, როგორი წარიმართება საქართველოს მომავალი?
რუსეთში დაიწყო საბჭოთა სიმბოლოების აღდგენა, რაც ძალზედ დამაფიქრებელია, რადგან სიმბოლოებს დიდი მისტიკური ძალა გააჩნიათ. საბჭოთა კავშირის დანგრევა დაიწყო ნამგალისა და უროს, ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავის და სხვა საბჭოთა სიმბოლოების განადგურების თუ აბუჩად აგდების შემდეგ, ანუ ქვეყნის სულიერი წყაროს ატრიბუტების ხელყოფით. საერთოდ, სიმბოლოებსა და ნიშნებს ეზოთერიკული, მისტიკური და მატერიალისტური თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის, ქვეყნისა თუ სამყაროს ცხოვრებაში, მის მართვაში (ეს ვრცელი თემაა და მისი გაშლა სხვა დროისათვის გადავდოთ). ამჯერად კი შევთანხმდეთ იმაში, რომ საბჭოთა სიმბოლოების დაბრუნება დღევანდელ რუსეთში მიზანმიმართულად ხდება თუ სპონტანურად, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, უკვე ჩანს, როგორ ირაზმება რუსეთის მოსახლეობა პუტინის გარშემო (ადრე ასე კომპარტიის გარშემო ირაზმებოდა) და მისი დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მას, მის ქმედებებს. როგორ დაემგვანა ქვეყნის მასმედია საბჭოურს. ყოველივე ეს მოსალოდნელი იყო, რადგან „დემოკრატიულ“ რუსეთში კვლავაც „მოქმედებენ“ კომპარტიის სიმბოლოები ლენინის მავზოლეუმისა და ქვეყნის ჰიმნის სახით. გარდა ამისა, იმპერიას ხელმძღვანელობენ საბჭოთა ადამიანები. წყობა შეიცვალა, ისინი კი არა. მსოფლიო კი აღშფოთებული და გაოგნებული, გარკვეულწილ დაბნეულიც, შეჰყურებს ყოველივე ამას ისევე, როგორც შეჰყურებდა საბჭოთა კავშირსა და მის ქმედებებს.
„დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს“, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი. ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ჩვენთან გრძელდება ახლა უკვე ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამდებობების მოპოვებისთვის სასტიკი ბრძოლა; უსასრულო პოლიტიკური დებატები, რომლებიც უსათუოდ ჩხუბში უნდა გადაიზარდოს; კვერცხებისა და პამიდვრების სროლა; ხალხის დაშინება - თბილისში მაიდანი განმეორდება; ერთი სიტყვით, მეორდება შიდაქართული, ექსტრავაგანტული, ემოციური, ტრადიციული ამბები.
ამასობაში კი ბიბლიური კოდების ამოხსნის აღიარებული სპეციალისტი, პატივცემული რაბი გლაზერსონი ყირიმის საკითხს ეხება. მისი გამოკვლევა გვამცნობს, რომ იმ დროიდან, როდესაც რუსეთი აიღებს ყირიმს, მსოფლიოში დაიწყება პროცესები, რომელიც შეცვლის დედამიწაზე ცხოვრებას ძირფესვიანად. რას უნდა ნიშნავდეს ეს? მოვიხმობ ებრაელი ბრძენების განცხადებებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ყურადსაღებ ამბავს.
რავინატის სასამართლოს ვიცეთავმჯდომარემ, რავი მოსე შტერნბახმა თავის მოწაფეებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია - ქვეყნიერების აღსასრულის და მესიის მოსვლის პირდაპირი მინიშნებაა. მან გვამცნო, რომ თვით ეზეკიელის წიგნის (ბიბლია) მიხედვით იწყება ომი გოგსა და მაგოგს შორის, ორი ხალხის ბრძოლა, რომელიც შეარყევს მსოფლიოს, ქვეყნის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე. ეზეკიელის წიგნში გოგს ჰქვია „ნასი როშ“, რომელიც ნიშნავს „თავადი როშა“. ის გამოჩნდება ბოლო ჟამს, ვითარცა ქარიშხალი, ჩრდილოეთის საზღვრებიდან. ასე რომ, თუ არის ნება, პუტინში შეიძლება შევიცნოთ ბიბლიური გოგი. ხოლო რა დატვირთვა აქვს სიტყვა როშას, შეგიძლიოთ იხილოთ ჩემს ერთ-ერთ სტატიაში „რუსეთი სიმბოლოების თვალით“.
რაც შეეხება მაგოგს, განთქმულმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა „გამოთვალა“, რომ ეს არის სკვითების ყირიმი. ეზეკიელის წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ადგილი ექნება გოგის მიერ იერუსალიმის აღებას, რაშიც უნდა ვიგულისხმოთ ისრაელის ინტერესების უშუალო შელახვა, დიდი საფრთხის შექმნა მისთვის. თანამედროვე ინტერპრეტაციით, რუსეთი მივა ირანის საზღვრამდე და მასთან შექმნის ალიანსს. აქ უთუოდ მოხდება მათ შორის, ორი ქვეყნის ენერგოსისტემების თანხვედრა და ნავთობის ნაკადების „მოჭრა“ დასავლეთი სამყაროსათვის, რამაც საბოლოოდ უნდა გამოიწვიოს დიდი ომი. ერთი სიტყვით, ქვეყნიერების აღსასრულის ყველა კომპონენტი სახეზეა. აღსანიშნავია, რომ ეზეკიელის წიგნში გოგი მარცხდება.
თუ ეს ყოველივე ასე მოხდა, რუსეთი გადმოჭრის საქართველოს საზღვრებს და დაიქვემდებარებს მას. აზერბაიჯანს მოწყვეტს თურქეთს და „გარე სამყაროს“ და აიძულებს მიიღოს რუსეთის პირობები. საქართველოს საზღვრების გადმოსაჭრელად იგი მოამზადებს ნიადაგს და იპოვის საბაბს, მოსალოდნელია თურქეთიც ჩაებას აქტიურად ამ ამბებში.
კაბალასეული სიბრძნეა - „გაჭირვება გაიძულებს, დაიჯერო ყველაფერი“. სტატიაში გადმოცემული მოსაზრებანი მხოლოდ ავტორისეულ დაკვირვებებზე არ არის აგებული და ის სერიოზულ წყაროებს ეყრდნობა. და მიუხედავად ამისა, შევეცადოთ, ყოველივე ეს არ დავიჯეროთ და ვირწმუნოთ, რომ მოვლენები ჩვენთვის სასიკეთოდ განვითარდება. ცნობილია, რომ ღვთის მიერ დადებითად აღქმულ მოქმედებას შეუძლია შემოატრიალოს ყველაფერი, ანუ იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი და მისი ოპონენტები საბოლოოდ მაინც „სიკეთის მომტან ნაბიჯებს“ გადადგამენ, შეიცვლება ბედისწერა. შესაბამისად, ომი არ იქნება და ქვეყნიერების აღსასრული „გაურკვეველი ვადით“ გადაიდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG