Accessibility links

logo-print

სტერეოტიპებით, ფობიებით ევროპისაკენ?


ავტორი: ანა კვიჟინაძე

ხშირად მიფიქრია საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაზე და სურვილზე გახდეს ევროპული „ოჯახის“ სრულფასოვანი წევრი. უნდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფაქტი, საზოგადოების დამოკიდებულება ევროპული ღირებულებების და ფასეულობების მიმართ მხოლოდ მახარებს. მაგრამ, როდესაც ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოების განწყობას სხვადასხვა საკითხების მიმართ ვშიშობ კიდევ არ „გავიყინოთ“ და არ დავრჩეთ განვითარების საფეხურზე, რომელზეც წლებია და ახლაც ვიმყოფებით.
რა გვიშლის ხელს ვიყოთ ევროპელები?
ხელის შემშლელი ფაქტორი ძალიან ბევრია, მაგრამ უმთავრესი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაშია. ცნობიერება ხდება მოქმედების საფუძველი, შესაბამისად პრობლემა ერთი განაპირობებს მეორეს. მაშინ, როდესაც პრობლემა განსაზღვრულია თავისუფლად შეგვიძლია ვიმუშაოთ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, მაგრამ ფაქტია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე არავინ ფიქრობს.
მაგალითად, ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში, (რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „რელიგია საჯარო სკოლებში“) რომელიც განსაზღვრავს თაობების განვითარების, აღზრდის, საკითხს შემაშფოთებელი მდგომარეობაა. კვლევის მიხედვით, მასწავლებლები რელიგიურ უმცირესობაში მყოფი მოსწავლეების და ზოგადად განსხვავებულის მიმართ ფობიებით არიან შეპყრობილნი და ამას ღიად გამოხატავენ. XXIსაუკუნეში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ არის სივრცე განსხვავებული ადამიანებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ადამიანებს ფობიებითა და სტერეოტიპული აზროვნებით აყალიბებენ, რაც ხდება მიზეზი იმისა, რომ ერთ წრეში გვიწევს ტრიალი. სტერეოტიპული აზროვნებისა და ფობიების ბადეში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და ცნობიერბის ცვლილება ძალიან რთული პროცესია, რაც შეაფერხებს და აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
ამ ეტაპზე გვაქვს მოცემულობა გვყავს ფობიებით შეპყრობილი და სტერეოტიპებით მოაზროვნე „ახალი“ თაობა და „ძველი“ თაობა თავისი ღირებულებებით, რომელიც დიდად არ განსხვავდება ახალი თაობის ქმედებებისა და აზროვნებისაგან, ასევე გვყავს „მესამე“ თაობა, ძველისა და ახლის სინთეზი, რომელიც ყველაფერი ევროპულის დიდი ქომაგია. გუშინ, 13-ში სწორედ „მესამე“ თაობამ გამართა აქცია-კონცერტი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. მეც ვირჩევ ევროპას, მაგრამ უმცირესობის გადაწყვეტილება სამომავლოდ აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას და განხეთქილებას საზოგადოებაში. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ სახეზეა მოცემულობა, რომ საზოგადოება კონსერვატიულია, საზოგადოება კოლექტიურობაზეა ორიენტირებული, საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანი, განსხვავებულად მოაზროვნე, ჩაცმის სტილით, ორიენტაციით, რწმენით ჯერ კიდევ უცხოდ და საშიშად მიიჩნევა. საზოგადოება, ფუნდამენტალიზმზეა ორიენტირებული. აღნიშნული ღირებულებებით, როგორ უნდა ვიქცეთ ევროპული „ოჯახის“ სრულუფლებიან წევრად?
სამწუხაროა, მაგრამ საზოგადოებაში ვერ ვხედავ მზაობას გაითავისოს ევროპული ღირებულებები, რომელიც უმთავრეს ფასეულობად ადამიანს მიიჩნევს ხოლო მთავარ ღირებულებად თავისუფლებას, შემწყნარებლობასა და კანონის უზენაესობას.
იქნებ გვეკითხა საზოგადოებისათვის არიან თუ არა მზად განსხვავებულობის ნიადაგზე არ სცემონ, არ გარიყონ ადამიანი. არიან თუ არა მზად დაიცვან ადამიანის უფლებები და აიღონ გარკვეული ვალდებულებები საკუთარ თავზე. არიან თუ არა მზად ადამიანი მთავარი ფასეულობა გახდეს და ადამიანის უფლებები ხელშეუვალი იყოს.
და ბოლოს იქნებ გავაცნობიეროთ, რომ ევროპელობა ცნობიერებაში, აზროვნებაში და ქმედებებში გამოიხატება და იქნებ ერთად გვეზრუნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მანამ, სანამ კარი ჯერ კიდევ ჩაკეტილია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG