Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ამ დღეებში გადაწყვეტს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საკითხს


აშშ ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას - დაუწესოს, თუ არა რუსეთს ახალი სანქციები. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე - გადადგამს, თუ არა რუსეთი ნაბიჯს გასულ კვირაში ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ 21 აპრილს ვაშინგტონში განაცხადა, რომ აშშ რუსეთისგან მოელის, რომ ის მოუწოდებს პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს დატოვონ დაკავებული შენობები და მოხსნან მათ მიერვე შექმნილი ბლოკ-საგუშაგოები. პსაკის განცხადებით, შეიარაღებული აქტივისტები უნდა დათანხმდნენ უკრაინის მთავრობის მიერ შეთავაზებულ ამნისტიას და თავიანთი მოთხოვნები მომავალში პოლიტიკური საშუალებებით გამოხატონ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ „სულ რაღაც დღეებში“ შეაფასებს - შეეცადა, თუ არა რუსეთი რაიმეს გაკეთებას ჟენევის შეთანხმების შესასრულებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთს მოუწოდა გადადგას „კონკრეტული ნაბიჯები“ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის მიღებული საერთაშორისო შეთანხმების შესრულებისკენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონისგან მოითხოვს გამოიყენოს უკრაინის ხელისუფლებაზე თავისი ზეგავლენა, რომ კიევმა შეასრულოს ჟენევის შეთანხმება. აშშ-სა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება 21 აპრილს ორივე უწყებამ გაავრცელა.
XS
SM
MD
LG