Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მოახლოებული არჩევნებისგან მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელიან


ზუგდიდი
ზუგდიდი
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო სამზადისი ზუგდიდში ჯერჯერობით აქტიურ ფაზაში არ გადასულა. ამ დროისთვის ქალაქის მერის, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობებზე კანდიდატები მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა. კოალიცია „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატების წარდგენას 26 აპრილს აპირებს. ცნობილი არ არის, კიდევ რომელი პოლიტიკური სუბიექტები ჩაერთვებიან ზუგდიდში თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში და ვის წარადგენენ ისინი.

მიუხედავად ამისა, ამომრჩევლები პოლიტიკური სუბიექტების განსაკუთრებულ გააქტიურებას მაისიდან ელიან. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეები, რომლებიც მესამე წელია არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ამბობენ, რომ უკვე დაიღალნენ პოლიტიკური პარტიების მუდმივი ქიშპობის ფონზე ცხოვრებით. მათთვის უმთავრესია არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

ზუგდიდის მკვიდრს, 65 წლის ზურაბ ნორაკიძეს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არსებითი ცვლილებების მოლოდინი არა აქვს, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას აპირებს:

„აგორებული დაპირებები, შეუსრულებელი პირობები და ა.შ... ეს ყველაფერი ხალხს მობეზრდა. მე პირადად მომბეზრდა, მაგრამ მაინც მივალ და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. სულ რეფორმების რეჟიმში რომ ვცხოვრობთ, ეს არის ძალიან მოსაბეზრებელი. სულ რეფორმა, რეფორმა...გორბაჩოვის გარდაქმნიდან დაწყებული, არ დამთავრდა ეს რეფორმა“.

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს ასევე ზუგდიდში მცხოვრები ზაურ სიჭინავა. ამბობს, რომ გასულ ორ არჩევნებში ხმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს მისცა:

„ახლა არ ვაპირებ მხარი მაინცდამაინც კოალიციის კანდიდატს დავუჭირო. ვინც იქნება კანდიდატი და ვისზეც ვიტყვი, ეს კარგი მერი იქნება-მეთქი, მაგას მივცემ ხმას. ამ შემთხვევაში პარტიულობას ყურადღებას არ მივაქცევ“.

მნიშვნელოვან ცვლილებას მოქალაქეები არც არჩევნების შემდეგ დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმისგან ელოდებიან:

„რა უნდა შეიცვალოს? წყობა ისევ ისეთი იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს. არაფერი შეიცვლება. ერთს მეორე ცვლის, საქმე რჩება ისე, როგორც უკანამ დატოვა. მთავრობის იმედი საერთოდ არ უნდა გქონდეს. მთავრობას სახელი ჰქვია, თორემ მოსახლეობისთვის, გლეხისთვის არაფერი გაუკეთებია“, - გვითხრა ზაზა გახარიამ.

სხვაგვარად ფიქრობს ზუგდიდელი დათო მეონარგია:

„მგონი, უკეთესი იქნება. თუ რატომ, ახლა ამას დეტალურად ვერ ავხსნი, მაგრამ ასე მგონია, რომ ბევრი რაღაც შეიცვლება“.

„ჩემთვის არც არჩევა უკითხავს ვინმეს და არც გადარჩევა. ჩემი არჩევით არც არაფერი მოხდება და ამიტომ...“, - ამბობს ნანული გოგია.

„ცოტა ადრეული მგონია ეს რეფორმა. საზოგადოება და მოსახლეობა ჯერ მზად არ არის, რომ დეცენტრალიზაცია მოხდეს. ეკონომიკური ფონი უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ქალაქმა თვითონ შეძლოს თავისი თავის მართვა“, - ასე მიიჩნევს კახა არდია.

მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედი არც ზუგდიდის მკვიდრ მიმოზა ანთიას აქვს:

„ჯერჯერობით არაფერი არ არის უკეთესობისკენ. ვნახოთ, რა იქნება. არ ვიცი...“

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 15 ივნისს გაიმართება, აირჩევა 71 საკრებულო , 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი. სიახლეა ის, რომ ზუგდიდი, მსგავსად სხვა ქალაქებისა, სადაც 15 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, არჩევნების შემდეგ თვითმმართველი ქალაქი გახდება.
XS
SM
MD
LG