Accessibility links

სეტყვის საწინააღმდეგო რადარები კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე


სეტყვის შედეგები კახეთში, 2012 წლის ივლისი

სეტყვის შედეგები კახეთში, 2012 წლის ივლისი

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები კახეთში 2015 წლის აპრილიდან ამუშავდება. პროექტს კომპანია „დელტა“ ახორციელებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახალი, ავტომატიზებული რადარები სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85-95 % -ით შეამცირებს.

მთავრობამ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აღდგენაზე ლაპარაკი 2012 წლის ივლისის სტიქიის შემდეგ დაიწყო. იმ ხანებში [2012 წელს] თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თითქმის მოსავლის გარეშე დარჩა. დაზარალდა 28 ათასამდე ოჯახი. მართალია, 2012 წლის სტიქიის მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულა, მაგრამ საფრთხე რომ ყოველთვის არსებობს და გლეხის მოსავალი რომ ამინდზეა დამოკიდებული, ამაზე ჩვენი რესპონდენტები ლაპარაკობენ:

„გლეხის შრომა არის დაუფასებელი! ამდენს ვწვალობთ და სეტყვა რომ მოდის, ყველაფერი წყალში იყრება“.

„აუცილებელია დანადგარები დადგან, რომ სეტყვისგან აღარ დავზარალდეთ!“

„მე კარგად მახსოვს, რომ კახეთში 1970–იან წლებში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები იყო დამონტაჟებული. ძალიან დიდ შედეგს იძლეოდა. ღრუბლებს შლიდა და ადგილზე მცირე რაოდენობით სეტყვა მოდიოდა“.


„ჯობია, რომ დანადგარები დადგან, ვიდრე ყოველ წელს მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურონ“.

გასულ კვირას გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა სტატია, სადაც ეწერა, რომ ახალი მთავრობა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობას 2013 წელს გეგმავდა, შემდეგ პროცესი 2014 წლისთვის გადაიდო, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, სისტემა 2015 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ 2013 წელს მხოლოდ საკითხის დაანონსება მოხდა. მისი განცხადებით, ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი უკვე გამოიყო და 2015 წლის აპრილში კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობას დაიწყებს:

„2013 წელს, უბრალოდ, თემის დაანონსება მოხდა. მიმდინარე წელს ამისთვის თანხა გამოიყო, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი. გპირდებით, რომ 2015 წლის გაზაფხულისთვის მთელ კახეთში დამონტაჟებული იქნება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები“.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობაზე სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მუშაობს. „დელტას“ გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, დაახლოებით ერთ კვირაში სარადარო სისტემის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებენ. შემდეგ რადარები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოტორში განთავსდება, საკონტროლო სადური კი თბილისში იქნება.

„პირველ ეტაპზე იგეგმება მხოლოდ კახეთის დაფარვა. თვითონ სარადარო წერტილი განთავსდება ჭოტორში. რადარების ჭოტორში განთავსება გვაძლევს საშუალებას, რომ მთელი კახეთი დავფაროთ. მომავალი წლის აპრილში სისტემა გახდება ფუნქციონალური“.

პროექტი 20 მილიონი ლარი დაჯდება. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები ავტომატიზებულ რეჟიმში იმუშავებს და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85-95 %-ით შეამცირებს. პროექტის განხორციელებას მეთვალყურეობას ეკომინიკის სამინისტრო გაუწევს.
XS
SM
MD
LG