Accessibility links

logo-print
ხვნის ბარათით სარგებლობა პირველ ნოემბრამდეა შესაძლებელი. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფერმერთა გარკვეულმა ნაწილმა ხვნის ბარათები სახელმწიფოს უკან დაუბრუნა. ბარათების გამოუყენებლობის მიზეზი კი, ფერმერთა განცხადებით, დარღვეული აგროვადებია. პროექტით მოსარგებლეებს საშუალება ეძლევათ ზაფხულში მოსავალი აიღონ და ხვნის სამუშაოები შემოდგომით ჩაატარონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 48 ათასზე მეტი ჰექტარი მიწის ფართობი მოიხნა, სამინისტრო კი, ჯამში, 800 ათასამდე მიწის მესაკუთრეს დაეხმარა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის საკითხებში აშოტ მინასიანი მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ხვნის ბარათების გამოყენების მცირე ვადების გამო რადიო თავისუფლებასთან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჩიოდა. სოფლის მცხოვრებელები სასოფლო-სამეურნეო ბარათების დაგვიანებით მიღებას მარტის დასაწყისშივე აპროტესტებდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის აშოტ მინასიანის განმარტებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც მიწა უკვე დაამუშავეს და ბარათები უკან დააბრუნეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 7 300–ზე მეტს აღწევს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ, რომ ფერმერთა ნაწილმა სახელმწიფოს დახმარებაზე უარი თქვა და აგრობარათები უკან დააბრუნა. დაბრუნების მიზეზი შემოდგომით დამუშავებული ნიადაგია.

ახალციხეში 15-მდე აგრომაღაზიაა, რომელიც სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქტი ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიაში, შეიძინონ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში პლასტიკური აგრობარათების დარიგება თითქმის დასრულდა, ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი პავლე გიქოშვილი ამბობს, რომ ფერმერები სასურველი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვენტარის შეძენას თვის ბოლოსთვის შეძლებენ.

ბარათების დაგვიანების გარდა, სოფლის მოსახლეობა ტექნიკის მომსახურებისთვის განსაზღვრულ მაღალ გადასახადებსაც უჩივის. ფერმერების თქმით, ფასები გაზრდილია, რის გამოც მათი დიდი ნაწილი მიწების დამუშავებას ვერ ახერხებს.
XS
SM
MD
LG