Accessibility links

logo-print
იმერეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები გამოდარებისთანავე, აპრილის თვიდან, დაიწყო. მიმდინარე წელს აგროვაუჩერი 1,25 ჰექტარამდე მიწის მფლობელ მცირემიწიან ფერმერებს ერგოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს იმერეთის რეგიონში დახმარებას 106 ათასზე მეტი გლეხი მიიღებს. მცირემიწიანი ფერმერები ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დაურიგდებათ სასოფლო–სამეურნეო ბარათი და სასოფლო-სამეურნეო საქონლისთვის - საბანკო პლასტიკური ბარათი - „აგრობარათი“.

იმერეთის მხარეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი ხარაგაულის რაიონია, რომელიც 78 სოფელს აერთიანებს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, გასული წლისგან განსხვავებით, 2014 წელს ხარვეზები გამოსწორდა და აგრობარათის მიმღებთა სიები მაქსიმალურად დაზუსტდა.

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს ადგილობრივ პრესაში აშუქებს დამოუკიდებელი გაზეთის, „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე, რომელიც, ხარაგაულში მდებარე სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში წელს აგროვაუჩერის მომღებთა რაოდენობა 2 ათასით გაიზარდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ხარაგაულში 5 ტრაქტორია მწყობრში, რაც მიწის დასამუშავებლად საკმარისი არ არის. ამას ისიც ემატება, რომ საყანე მიწების რთული რელიეფის გამო დიდი მოცულობის ტექნიკას მათი დამუშავება უჭირს.

აგრობარათების დარიგება დასრულდა და უკვე ერთი თვეა სახნავ-სათესი სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ავთანდილ თადუმაძე აცხადებს, ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს და სამტრედიაში დასამუშავებელი 10 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი უკვე დამუშავებულია.
ავთანდილ თადუმაძის ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 50 სოფელში, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს 1200-ით მეტმა ოჯახმა ისარგებლა აგროვაუჩერით.
XS
SM
MD
LG