Accessibility links

logo-print

„არ გამოტოვოთ აცრები“


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაში

საქართველო იმუნიზაციის ევროპულ კვირეულს უერთდება. 22 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში გასტანს საინფრომაციო კამპანია „აცერი და დაიცავი“. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ითქვა, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით, დღემდე არსებული 11 დაავადების საწინააღმდეგო აცრას კიდევ ორი შეემატება - ჩვილებში დიარეისა და პნევმონიის საწინააღმდეგო აცრები. რა პრობლემები არსებობს საქართველოში იმუნიზაციის თვალსაზრისით და რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად?
მიუხედავად უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისა, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, რათა იმუნიზაციის მაჩვენებელი 95 %-ს გაუტოლდეს, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, საქართველო პოლიომიელიტისგან თავისუფალ ზონად ითვლება, თუმცა გასულ წელს ქვეყანა წითელას იმუნიზაციის აუცილებლობის წინაშე დადგა. ოფიციალური სტატისტიკით, ამ ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. მარიამ ჯაშის თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად იმუნიზაციისათვის 6-7 მილიონ ლარს ხარჯავს. ქვეყნაში არსებობს წითელას ვაქცინის მარაგიც. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ აცრებს კიდევ ორი აცრა ემატება, რომელთაგან ერთი გასულ წელს დაინერგა, მეორე კი ამ ზაფხულს დაინერგება:
მთელ მსოფლიოში 2-დან 3 მილიონამდე ბავშვი, სამწუხაროდ, ჯერკიდევ იღუპება იმ დაავადებებისგან, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება იმუნიზაციით...

„როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ ვაქცინა დაინერგა 2013 წელს. 2 და 3 თვის ასაკში იწყება ვაქცინაცია და წელს უკვე მიღწეულია 60 %-ზე მეტი მოცვა, რაც ახალი ვაქცინის დანერგვის პირველი წლისთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა. 2014 წელს ასევე ახალი ვაქცინა - პნევმოკოკური ვაქცინა - ინერგება „გლობალური ალიანსის“ მხარდაჭერით და დაგეგმილია მასობრივი საინფორმაციო კამპანიაც“.

იმუნიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო ჩარევა, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საზოგადოებას მსოფლიო სტატისტიკის საფუძველზე აცრების აუცილებლობას შეახსენებს:

„მთელ მსოფლიოში 2-დან 3 მილიონამდე ბავშვი, სამწუხაროდ, ჯერკიდევ იღუპება იმ დაავადებებისგან, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება იმუნიზაციით. ამავე დროს, დაახლოებით 22 მილიონი ბავშვი ჯერ კიდევ არ იღებს ეროვნული კალენდრებით გათვალისწინებულ ვაქცინაციას. არადა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3 მილიონამდე ბავშვის სიცოცხლე ნარჩუნდება, ანუ სიცოცხლის პრევენცია ხდება იმის გამო, რომ ვაქცინაციაა დანერგილი“.

საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, სამედიცინო პერსონალის კვალიფიციური ცოდნით აღჭურვას მიიჩნევს აუცილებლად იაშვილის სახელობის კლინიკის მთავარი ექიმი-პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხეიძე. მის თქმით, ხშირი არა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ექიმები პაციენტს იმუნიზაციისგან თავშეკავებას ურჩევენ. არადა, ასეთი რეკომენდაციის საფუძველი ხშირად არც პაციენტის სამედიცინო ჩვენებაა და არც სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული საწონააღმდეგო ნორმები, ამბობს ივანე ჩხეიძე:

„დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მშობელი, რომელსაც ექიმი ეტყვის, რომ თავი შევიკავოთ, მოდი, კიდევ ვინმეს ვაჩვენოთ, მოდით, გადავწიოთ, ის უკვე ხდება ამ კამპანიის მონაწილე, ანტიმონაწილე, ანუ დაფიქრდება და იტყვის, რადგან ექიმმა მითხრა, ჯობია არ გავრისკო და ამ დროს რისკი არ არის. მე არ ვიტყვი, რომ ხშირია ასეთი შემთხვევები, მაგრამ არც იშვიათია. იშვიათია ერთი და ორი და ეს მარტო ერთი და ორი შემთხვევა არ არის“.
ზოგადად აცრა კი არ არის ცუდი, მაგრამ კერძო, ფასიანი ვაქცინით აცრილი ბავშვი უფრო დაცულია, ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ სახელმწიფო ვაქცინით რაღაც რისკთან არის დაკავშირებული. და ასეთი განმარტება, ბუნებრივია, ჯდება დედის შემეცნებაში...

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის, თამარ უგულავას თქმით, ორგანიზაციის პრაქტიკული საქმიანობა უჩვენებს, რომ არა მხოლოდ პედიატრების, არამედ მშობელთა პასუხისმგებლობის საკითხიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირად მშობლებიც ერთმანეთში არასწორ ინფორმაციას ცვლიან:

„ზოგადად აცრა კი არ არის ცუდი, მაგრამ კერძო, ფასიანი ვაქცინით აცრილი ბავშვი უფრო დაცულია, ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ სახელმწიფო ვაქცინით რაღაც რისკთან არის დაკავშირებული. და ასეთი განმარტება, ბუნებრივია, ჯდება დედის შემეცნებაში და ყველა გზას ეძებს, რომ აცრას კერძო ვაქცინით, ოღონდ აცრას და აცრას ფასიანით, მაგრამ მესიჯი სხვებთან უკვე არასწორი ვრცელდება. ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მას ჰგონია, რომ ცუდი ვაქცინით ცრის და ამიტომ ამჯობინებს, რომ არ აცრას. და ამიტომ ერთ არასწორ ნათქვამ სიტყვას არასწორი ქმედებების ჯაჭვი მოჰყვება“.

იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების და იმის თაობაზე, თუ რა დაავადებებისგან იცავს ვაქცინა ბავშვს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერი ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საუბრობს. პაატა იმნაძის თქმით, ეს არის კალენდარი, რომლის დაცვაც შვილის ჯანმრთელობის დაცვის გარანტია:

„სამშობიაროშივე იწყება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა, შემდეგ არის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა სამშობიაროში და 2 თვის ასაკიდან იწყება აცრების მთელი სერია. ეს არის ე.წ. 5-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელშიც შედის დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა და ამავე ვაქცინაშია B ჰეპატიტის შემდგომი აცრა და ჰემოფილუს ინფლუენცა B, რომელიც ბავშვებში პნევმონიების ყველაზე უფრო ხშირი გამომწვევია. მერე ეს აცრები მეორდება და უკვე 1 წლის ასაკში ბავშვი აუცილებლად უნდა აიცრას წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინით, რომელიც შემდეგ 5 წლის ასაკში მეორდება“.
XS
SM
MD
LG