Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შსს - დეპუტატი რიბაკი სეპარატისტებმა მოკლეს


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარტია „ბატკივშჩინის“ წევრის, გორლოვკის საქალაქო საბჭოს დეპუტატ ვლადიმირ რიბაკის მკვლელობაში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მომხრეების ხელი ურევია. მანამდე მილიციაში დაადასტურეს, რომ ვლადიმირ რიბაკის გვამი მდინარე ტორეცში, დაბა რაიგოროდოკთან კიდევ ერთ გარდაცვლილთან ერთად იპოვნეს და რომ მათი სიკვდილის მიზეზი წამების დროს მიყენებული დაზიანებებია. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე პირი მდინარეში უგონო მდგომარეობაში, ცოცხლები გადაყარეს. დეპუტატ ვლადიმირ რიბაკის გატაცების შესახებ განცხადება გორლოვკის მილიციაში 2014 წლის 17 აპრილს შევიდა. მოწმის ჩვენებით, რიბაკი ოთხმა პირმა ძალით ჩასვა ავტომანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. გატაცების მომენტიდან დეპუტატის მობილური ტელეფონი გამორთული იყო. 17 აპრილს, დღისით ვლადიმირ რიბაკი მონაწილეობდა გორლოვკის საქალაქო საბჭოს წინ გამართულ მიტინგში „ერთიანი უკრაინისთვის“. მიტინგის დასრულების შემდეგ დეპუტატი შენობისკენ დაიძრა, ქალაქის მერთან შესახვედრად. თუმცა, შენობაში შესვლაში მას ხელი შეუშალეს სეპარატისტებმა, რომლებთანაც შელაპარაკება მოუვიდა. გამოძიების მიმდინარეობისას ინტერნეტში აღმოჩენილი იყო ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც მოწმის ჩვენებას ადასტურებს. უკრაინის შსს-ში აცხადებენ, რომ დეპუტატ რიბაკის წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ სეპარატისტები, რომლებსაც ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა აქვთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG