Accessibility links

logo-print

თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელია


თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია. მისი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრისას თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო განიხილეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, პრობლემურ თემებზე საუბრის გარდა დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ წელს საქართველოს მოქალაქეები მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით აირჩევენ. პრობლემურ საკითხებს შორის სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ დაასახელა თვითმმართველობის რეფორმის ხარვეზები და საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელთა თანახმად, არჩევნების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვენ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ 13 ათასამდე თანამშრომელს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან შეხვედრისას ყურადღება სამართალდამცავი ორგანოების შემდგომი რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
XS
SM
MD
LG