Accessibility links

logo-print
პრობლემური სესხების თემა დღესდღეობით დიდ ყურადღებას იმსახურებს როგორც ბანკების მმართველების, ისე ხელისუფლების მხრიდან. უზრუნველყოფილი საკუთრების გაყიდვა ბანკების და სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ ფართოდ გავრცელდა. დღეს ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია. ეს მონაცემი სახიფათოდ მაღალი არ არის, თუმცა მოვალეთა რეესტრში ასი ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია დარეგისტრირებული. მიზეზი კერძო მევახშეების ბაზარია. კერძო პირები მასობრივად გასცემენ სესხებს მათ მიერვე დაწესებული საპროცენტო განაკვეთით და სხვა წინაპირობებით, რაც, შესაძლოა, საწყის ეტაპზე ეხმარება მსესხებელს მისთვის აუცილებელი თანხების მოძიებაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი გარიგებები ძალიან იშვიათად მთავრდება მსესხებლის სასარგებლოდ. პირობები არამომგებიანია მსესხებლისთვის მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი ახერხებს ვალის დაფარვას და არ კარგავს ქონებას.

პრობლემის მოსაგვარებლად 2014 წლიდან ძალაში შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც, კერძო მევახშეებთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება ვალდებულებების დარღვევას; ამასთან, ფიქსირდება საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარიც.

რამდენად ეფექტური იქნება ამგვარი რეგულაციები? არსებობს აზრი, რომ კერძო მევახშეობის ბაზარზე პირდაპირი ინტერვენცია არ იქნება ეფექტიანი, რადგან ხელოვნურად შეცვლის და დაარღვევს ბაზარზე არსებულ წონასწორობას და გაზრდის ჩრდილოვანი ეკონომიკის რისკებს. პრობლემური სესხების ზრდა, განსაკუთრებით კი კერძო მევახშეების ბაზრის განვითარება მთელმა რიგმა სოციალ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა. მოგეხსენებათ, საქართველოში დასაქმებულთა 50 პროცენტზე მეტი თვითდასაქმებულია. შესაბამისად, მოსახლეობის დიდ ნაწილს არასტაბილური შემოსავალი აქვს ან ანაზღაურებას მხოლოდ ნაღდი ფულით იღებს. მსგავსი შეზღუდვები მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების იმედად ტოვებს. ხშირ შემთხვევაში მსესხებლები კერძო მევახშისგან ვალს უკვე არსებული პრობლემური საბანკო სესხის დასაფარად იღებენ, შემდეგ კი ვეღარ უმკლავდებიან დამატებით ვალდებულებებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ცხადია, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით ნაკლებია მსესხებელთა გადამხდელუნარიანობა და მეტია პრობლემური და ვადაგადაცილებული სესხების რიცხვი. უკიდურესი სიღარიბისა და სოციალური გაჭირვების გამო მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე და ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსება სესხის აღების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

შესაბამისად, პრობლემა ბევრად უფრო სიღრმისეულია და მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივებით მოგვარებას არ ექვემდებარება. სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია საკრედიტო ჯაჭვის სამივე რგოლზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო მევახშეებზე. შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები, გაუმჯობესებული ცხოვრების სტანდარტები, რაც უკეთეს გადამხდელუნარიანობასა და კრედიტებზე წვდომას ნიშნავს, საბოლოოდ, კერძო პირთა მიერ გაცემული სესხების პირობებზეც იქონიებს გავლენას.
XS
SM
MD
LG