Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტში 28 ისეთი დეპუტატია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არც სიტყვით გამოსულა და არც რაიმე ინიციატივა ჰქონია, აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას შეეხება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში. ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 6% ენდობა დეპუტატებს, უმრავლესობა არ იცნობს თავის მაჟორიტარ დეპუტატს და მთავარ პრობლემად დეპუტატებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ნაკლებობას მიიჩნევს.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასების თაობაზე ანგარიშის პრეზენტაციისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა დეპუტატთა აქტივობის მაჩვენებელი სტატისტიკა წარმოადგინა:

„ამ ერთწლიანმა მუშაობამ დაგვანახვა, რომ 150-დან 121-მა პარლამენტარმა გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ 54-მა პარლამენტარმა წარმოადგინა. ასევე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა 28 დეპუტატი, რომელიც არც სიტყვით გამოსულა პლენარულ სხდომაზე ამ ერთი წლის განმავლობაში და არც ინიციატივა ჰქონია. აქედან 13 იყო უმრავლესობის წევრი, 8 იყო უმცირესობის და 7 არც ერთს არ მიეკუთვნებოდა“.
მოსახლეობის 50%-ზე მეტმა საერთოდ არც კი იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ მხრივ უპასუხისმგებლობით გამოირჩევა იმდენად, რამდენადაც მათ დაკარგული აქვთ კონტაქტი ხალხთან და ნაკლებად ხდება ხალხის პრობლემების ასახვა საპარლამენტო საქმიანობაში...

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი, ზოგადად, ძალზედ აქტიური იყო საკანონმდებლო მუშაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საზოგადოების ნდობა დეპუტატების მიმართ, განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა გასული წლის ოქტომბერში, უჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა დეპუტატთა არაკონსტრუქციულობით:

„მთავარი გამოწვევა არის ის არაკოსნტრუქციული დამოკიდებულება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ პარლამენტში. ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გამოსწორდეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა უფრო ზედმიწევნით შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩადონ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც მათგან კანონი ითხოვს“.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სხვათა შორის, ერთ-ერთ აქტიურ დეპუტატად დასახელებული, ეკა ბესელიას თქმით, ბევრი დეპუტატისთვის სიახლე იყო საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა და, შესაბამისად, ეს მათ აქტივობასაც დაეტყო. ამასთან, ეკა ბესელიას თქმით, საზოგადოების შთაბეჭდილება, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა აკლია საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, ადვილი გასაქარწყლებელი არ იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ზოგჯერ კონსტრუქციული თანამშრომლობა ჭირს:

„ეს არ იყო საუკეთესო ერთი წელი და ველოდები, რომ შემდეგი წლები იქნება უფრო უკეთესი და ვფიქრობ, რომ პარლამენტის მუშაობაში ბევრი რამ გაუმჯობესდება... თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი დეპუტატი იყო თანამონაწილე, ხელშემწყობი იმ ძალადობრივი სისტემის და ზოგი უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროცესში, მე მესმის, რომ ძალიან რთულია ჩვენ წარმოვადგინოთ, რომ ძალიან საამური და კომფორტული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს იქნებოდა ძალიან ხელოვნური“.

გამოკვლევის თანახმად, პარლამენტი ხშირად არ ასახავს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების საგნად აქცევს საკითხთა უმრავლესობას. ამ თემის კომენტირებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატების თქმით, ხელისუფლებამ გვერდი ვერ აუარა შურისძიებისა და რევანშის გზას, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი კი კონსტრუქციულობაზე პასუხისმგებლობის ტვირთს უმრავლესობას აკისრებს:

„მოსახლეობის 50%-ზე მეტმა საერთოდ არც კი იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ მხრივ უპასუხისმგებლობით გამოირჩევა იმდენად, რამდენადაც მათ დაკარგული აქვთ კონტაქტი ხალხთან და ნაკლებად ხდება ხალხის პრობლემების ასახვა საპარლამენტო საქმიანობაში“.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი ასევე საჭიროდ მიიჩნევს პარლამენტის თბილისში გადმოტანას. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტის დედაქალაქში გადმოტანას ემხრობიან, უმცირესობა კი კონსტიტუციით რეგულირებული საკითხის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ანგარიშის პრეზენტაცია

ანგარიშის პრეზენტაცია

ანგარიშის თანახმად, პარლამენტის მუშაობას მეტ-ნაკლებად თვალს ადევნებს გამოკითხულთა 48%, თუმცა 50%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. გამოკითხულთა 37 % მიიჩნევს, რომ მათთვის საჭირბოროტო საკითხებს პარლამენტის არც ერთი დეპუტატი არ სვამს. ანგარიშში ასევე საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესავ დეპუტატების ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად არის შევსებული და, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, კანონმდებლობაში არ არის გაწერილი ზუსტი რეგულაცია იმისა, თუ რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში - უნდა დაისვას დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების თუ დისციპლინური დევნის საკითხი.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ამ საკითხს ყურადღება უნდა დაუთმოს:

„მე თუ ვთქვი, რომ ჩემი წილები სხვაზე მაქვს მართვაში გადაცემული, ეს საკმარისად მიიჩნევა და არავინ ამოწმებს იმას, მე რეალურად მაქვს გადაცემული ვინმესთვის ეს წილები თუ, სინამდვილეში, ის არის მხოლოდ ფარი, რომელსაც ამოვეფარე და, სინამდვილეში, მე ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას. ასეთი მექანიზმების საჭიროება არსებობს ნამდვილად და, ალბათ, ესეც უნდა გაკეთდეს“.
XS
SM
MD
LG