Accessibility links

logo-print

უკრაინა „აგრესორების“ წინააღმდეგ კამპანიას აახლებს


ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტის დროს

ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტის დროს

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში აახლებს უსაფრთხოების კამპანიას „აგრესორების“ წინააღმდეგ. რუსეთის განცხადებით, თუ მისი ინტერესები ხელყოფილი იქნება, ის პასუხს გასცემს.

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ უკრაინის მთავრობამ განაახლა უსაფრთხოების ოპერაცია, რომლის სამიზნესაც ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებული პრორუსულად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფები წარმოადგენენ. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, კიევი აცხადებს, რომ ამაში მას აშშ უჭერს მხარს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა კატერინა კოსარევამ 23 აპრილს ჟურნალისტებს შემდეგი განცხადებით მიმართა: „განახლდა ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა, რადგან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში კრიმინალების ქმედება გადაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკად და არაადამიანურად ტერორიზებაში. პროკურორის ოფისმა უშიშროების სამსახურსა და პოლიციასთან ერთად დაიწყო მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური ქცევის ყველა შემთხვევის გამოძიება“.
ჩვენ მოვიპოვეთ აშშ-ის მხარდაჭერა, რომ აგრესორის პირისპირ მარტოებს არ დაგვტოვებენ. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ეს დახმარება უფრო არსობრივი იქნება...

ერთი დღით ადრე - მას შემდეგ, რაც მეამბოხეების მიერ დაკავებული ქალაქ სლავიანსკის ახლოს ორი „სასტიკად ნაწამები“ ადამიანის გვამი იპოვეს - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გასცა სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციის განახლების ბრძანება. ტურჩინოვის თქმით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მისი თანაპარტიელი, „ბატკივშჩინის“ წევრი, ადგილობრივი პოლიტიკოსი ვლადიმირ რიბაკია, რომელიც ერთი კვირის წინ გაიტაცეს. ტურჩინოვი მის მკვლელობაში მეამბოხეებს სდებს ბრალს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთაგან ერთ-ერთ პირში რიბაკი 23 აპრილს ოფიციალურად ამოიცნო.

ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს კიევი ძირითადად რუსულენოვან აღმოსავლეთზე კონტროლის დასამყარებლად ისე, რომ ამით არ დაარღვიოს ჟენევაში გასულ კვირაში ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც უკრაინაში ვითარების დეესკალაციას ეხება.

უკრაინაში კრიზისი უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. ამ კრიზისმა ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდში უპრეცედენტოდ გააუარესა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას შეიძლება ზარალის მომტანი ახალი ეკონომიკური სანქციები მოჰყვეს. არის საფრთხე, რომ შეფერხდეს რუსეთის გაზის მიწოდებაც, რომელზეც ევროპაა დამოკიდებული.

უსაფრთხოების ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაუვნებელყოფაზე მუშაობენო, უთხრა პირველმა ვიცე-პრემიერმა ვიტალი იერემამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, შესაბამის ზომებს ახლო მომავალში გაატარებენ და შედეგებს ყველა იხილავს.

კიევში ამჟამად მოქმედი მთავრობა ხელისუფლებაში მას მერე მოვიდა, რაც პროევროპული საპროტესტო გამოსვლების შედეგად დედაქალაქი დატოვა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. უკრაინის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად გაამხნევა სამშაბათს უკრაინაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ვიზიტმა.

ბაიდენმა უკრაინაში დახმარების პაკეტი ჩაიტანა და რუსეთს მოუწოდა შეაჩეროს აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტი შეიარაღებული ჯგუფები.

სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს იერემას სიტყვებს: „ჩვენ მოვიპოვეთ აშშ-ის მხარდაჭერა, რომ აგრესორის პირისპირ მარტოებს არ დაგვტოვებენ. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ეს დახმარება უფრო არსობრივი იქნება“.

აშშ და ნატო აცხადებენ, რომ უკრაინაში სამხედრო გზით ჩარევას არ აპირებენ, თუმცა პენტაგონმა განაცხადა, რომ 600-მდე სამხედროს გზავნის პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქვეითი ჯარის წვრთნების ჩასატარებლად, რათა ნატოს მოკავშირეები მხარდაჭერაში დარწმუნდნენ.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები მოსკოვს სდებენ ბრალს ფარული აგენტების გამოყენებაში აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ხალხი სპონტანურად აუჯანყდა მთავრობას, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით, არალეგიტიმურია და ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებთან იმყოფება ალიანსში.

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქალაქეების ინტერესები ხელყოფილი იქნება, როგორც ეს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მოხდა, რამაც საქართველოსთან ომი გამოიწვია.

ეს განცხადება ლავროვმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული არხის, RT-სთვის 23 აპრილს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „თავს თუ დაგვესხმებიან, პასუხს ნამდვილად გავცემთ. თუ ჩვენს ინტერესებზე, ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებზე, რუსების ინტერესებზე პირდაპირი შეტევა განხორციელდება, როგორც ეს, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში მოხდა, საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისად მოქმედების გარდა, სხვა გზას ვერ ვხედავ. რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ შეტევა წარმოადგენს შეტევას რუსეთის ფედერაციაზე“.

ლავროვის თქმით, რუსეთის სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე რჩებიან და უკრაინაში არ გადასულან. ლავროვის თანახმად, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინაში პროცესებს აშშ წარმართავს. მისი თქმით, მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ კიევმა ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსული ძალების წინააღმდეგ თავისი ანტიტერორისტული ოპერაციის განახლება გამოაცხადა იმ დღეს, როცა უკრაინას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტუმრობდა. ლავროვმა უკრაინის კრიზისს უწოდა მტკიცებულება, რომ ვაშინგტონს არ სურს დათმობაზე წავიდეს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG