Accessibility links

საქართველოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ გერმანიისა და საფრანგეთის თვალით


გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობას თბილისი აღიქვამს ძლიერ მხარდაჭერად ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან დროს - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და ნატოს უელსის სამიტის წინ. საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრის გარდა, სტუმრებმა დრო პრესასთან შესახვედრადაც გამონახეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რა მიზნებს ემსახურებოდა ორი წამყვანი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი და რა მესიჯები ჩამოიტანეს მათ ბერლინიდან, პარიზიდან თუ ბრიუსელიდან?

როგორც 24 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა მასპინძელმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს საქართველო მიიჩნევს ქვეყნის ”ევროპული არჩევანის მხარდაჭერისა და მისდამი სოლიდარობის ნათელ დემონსტრირებად” და ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უფრო, უკრაინაში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე. არაერთხელ გაკეთდა მინიშნება იმაზე, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო მეტ ყურადღებასა და მხარდაჭერას იმსახურებს. ოფიციალური ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე თბილისის გეგმა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების დეესკალაციასთან დაკავშირებით და ”ღრმა შეშფოთება” იქნა გამოხატული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებით. მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც ”სათანადო რეაგირებას ახდენენ” მსგავს ფაქტებზე.

მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ”თავისუფალი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის პროექტი” ჯერ არ დასრულებულა და რომ გერმანია და საფრანგეთი კვლავაც გააგრძელებენ ისტორიული მისიის განხორციელებას და ქმედითად შეუწყობენ ხელს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში.

ჩვენთვის ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარ გეგმას და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს ამ გეგმის იმპლიმენტაციის კონკრეტული ნაბიჯები...
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს და მაია ფანჯიკიძემ, როგორც თავად აღნიშნავს, სტუმრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას:

”ჩვენთვის ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარ გეგმას და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს ამ გეგმის იმპლიმენტაციის კონკრეტული ნაბიჯები”.

რაც შეეხება ნატოსთან დაკავშირებულ იმედებს უელსის შემოდგომის სამიტის წინ, მაია ფანჯიკიძის თქმით, არის რწმენა იმისა, რომ ”საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ნატოს მომავალ სამიტზე უელსში”.

საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი რომ აჩვენა დემოკრატიული განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა თუ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ეს სტუმარი მინისტრების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა 24 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თუმცა რას უპირებს ნატო საქართველოს, ეს ჯერ ისევ უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისთვის იყვნენ მოწოდებული, 24 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე არაერთხელ წამოიწია ნატოს თემა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორი ქვეყნის სიტყვას განსაკუთრებით დიდი წონა აქვს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში და, იმხანად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდწილად სწორედ ამ ორი ქვეყნის პოზიციის გამო არ მიენიჭა საქართველოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამ საკითხზე ალიანსის წევრ 28 ქვეყანას შორის კონსენსუსი არც ამჟამად არსებობს, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, როცა მინისტრმა ფანჯიკიძემ გარკვევით ჩამოაყალიბა საქართველოს სურვილები, ერთგვარი შემხვედრი პოზიციაც გამოვლინდა:

ჩვენ ნამდვილ ქვაკუთხედს მივაღწიეთ და ახლა ეს არ უნდა გავაუფასუროთ შეკითხვით, თუ რა მოხდება 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ. ჩვენ ახლა მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც განიხილება მომავალი წლებისთვის...
”ყველა სახელმწიფომ, რომელიც წარმოდგენილი იყო მაგიდასთან ნატოს სათათბიროში, ნათლად გამოხატა პოზიცია, რომ მიესალმება საქართველოს საერთაშორისო აქტიურობას, დახმარებას ავღანეთში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. ყველამ გამოხატა თავისი აზრი, რომ დაინტერესებულია ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებით. თუმცა რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და ზუსტად როგორი იქნება ურთიერთობების განმტკიცების პაკეტი, ეს სექტემბრამდე შემუშავდება”.

ერთადერთი რაც, ზუსტად იციან როგორც გერმანიის, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ეს არის ის, რომ ივნისში მოეწერება ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რუსეთიც გაიაზრებს, რომ ეს შეთანხმება არათუ საზიანო არ იქნება, არამედ, პირიქით, სასარგებლოც კი იქნება მისთვის. საქართველოს კი ეს შეთანხმება ბევრ სიკეთეს ჰპირდება. ”მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშკრულებას ხელი მოეწერება, ის იქნება მოდერნიზაციის ძალიან ძლიერი საშუალება საქართველოსთვის, რომ გაიზარდოს მისი მიმზიდველობა. ეს არის ფინანსური დახმარების საკითხები, ტექნიკური დახმარების საკითხები, რომ წარმატებით განხორციელდეს მიმდინარე რეფორმები”, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, არის თუ არა ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგი ნაბიჯი საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ძალიან ნაადრევად მიიჩნევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და გვირჩევს, რომ ამ ეტაპზე მიღწეულით დავკმაყოფილდეთ:

”ჩვენ ნამდვილ ქვაკუთხედს მივაღწიეთ და ახლა ეს არ უნდა გავაუფასუროთ შეკითხვით, თუ რა მოხდება 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ. ჩვენ ახლა მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც განიხილება მომავალი წლებისთვის. ხოლო რაც ამას შემდეგ შეიძლება მოჰყვეს, ეს ოდესმე არც ბრიუსელში, არც ბერლინში და არც პარიზში არ გადაწყდება, არამედ რა უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს სამომავლოდ, ამას საქართველოს პოლიტიკა გადაწყვეტს”.

ამ კონტექსტში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს არ გაუხსენებიათ ევროპარლამენტის მიერ 17 აპრილს დამტკიცებული რეზოლუცია, რომელშიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებთან - საქართველოსთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან -- მიმართებით პირველად არის ნახსენები ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გულისხმობს.

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთობლივი ტურნეს ფარგლებში, საქართველოში 23 აპრილს, ღამით, მოლდავეთიდან ჩამოვიდნენ, ხოლო 24 აპრილს საქართველოდან ტუნისში გაემგზავრნენ.
XS
SM
MD
LG